როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში, წარმატებული კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი და ცნობილი მოდელი, ფეხბუთელ მურთაზ შელიასა და მოდელ ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილი ელენე დაინიშნენ. წყვილი ბოლო რამდენიმე წელი ხვდებოდა ერთმანეთს და რატიმ გაზაფხულზე სთხოვა ხელი ელენეს.
ახლა კი წყვილმა ოფიციალურად მოაწერა ხელი და ხელისმოწერის ცერემონიამ საკმაოდ მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში ჩაიარა. ელენეს დედამ, ლიკა კვარაცხელიამ, რომელიც შესანიშნავი კულინარია, იქვე მოამზადა ელარჯი, რომელიც დღის მთავარ კერძად იქცა.
ვიდეო და ფოტოები ელენეს დამ, ასევე მოდელმა ანა შელიამ გამოაქვეყნა, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად ესწრებოდა ღონისძიებას.
- ელენე ლიკა კვარაცხელიას სამიდან ერთ-ერთი შვილია. ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია ქართველი მოდელების "ოქროს ხანის" წარმომადგენელია. ოჯახი ადრე შექმნა, თუმცა საკმაოდ მყარი გამოდგა მისი ქორწინება - ის და ცნობილი ფეხბურთელი მურთაზ შელია ბევრი წელია ერთად ცხოვრობენ და სამი შვილი გაზარდეს - ქალიშვილები ანა და ელენე და ვაჟი - დათუნა. წყვილს უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ბებია-ბაბუაც გახდნენ.
ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილი, მოდელი ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავს.
რაც შეეხება რატის, ის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კალათბურთელია. ასე რომ, სპორტსმენების და მოდელების ოჯახს კიდევ ერთი სპორტსმენი შეემატა.
წყვილის ნიშნობას რატის დედა, ანანო ჩარკვიანიც ემოციური პოსტით გამოეხმაურა:
"რაღაც კარგი გამიკეთებია ცხოვრებაში, რახან დავიმსახურე ეს ახალი და საოცარი ეტაპი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. იმაში, რომ ორმა ადამიანმა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირა, გასაოცარი არაფერია. საოცარი ის არის, თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს, როგორ უწყობენ ხელს ერთმანეთის საუკეთესო მხარეების გამოვლენაში. როცა სიყვარული მეგობრობაზე შენდება, ვერაფერი დაანგრევს. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ ელენეს შემოჭრით ჩვენს ცხოვრებაში და იმ ენერგიით, რომელიც გვიწილადა.
პირადად ჩემი გული ამ გოგომ დიდი ხნის წინ მოიპარა და ჩვენი კავშირი, როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში, იშვიათი და გამორჩეულია.
რატი, მადლობა ამ ემოციებისთვის და იმისთვის, რომ ასეთი კარგი შვილი ხარ".