გორის ცენტრში 13 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს ანა ბერიანიძეს და მის 3 წლის გოგონას - მართა ვალიშვილს დაეჯახა. დაშავებული ქალი იქვე დაიღუპა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში.
პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის რამდენიმე სიჩქარის გადაჭარბების გამო.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დედა-შვილი ზებრა-გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც მათ დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი ანა ბერიანიძის ბიძაშვილი და გორის საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ ავტომობილში, რომელსაც რევაზ ელიზბარაშვილი მართავდა, ამჟამად დაკავებული ბიზნესმენის შვილების გარდა, მისი დეიდაშვილებიც ისხდნენ, მძღოლის მსგავსად ისინიც ნასვამები და მათ დედა-შვილი განსაცდელში მიატოვეს.
- ანა რვა წლისა დაობლდა და, ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია... იმ დღეს მეუღლესთან ერთად წავიდა ქალაქში, ახალი ბინა იყიდეს და ნივთებს ალაგებდნენ. იქიდან რომ ბრუნდებოდნენ, ქმარი სალონში შევიდა, ანა კი ბავშვისთვის რაღაცის საყიდლად მართასთან ერთად მაღაზიისკენ წავიდა. იმ საღამოს გორის სკვერში კონცერტი იყო და ნახევარი ქალაქი არასწორად გადაკეტეს. იმ ადგილზე, სადაც ტრაგედია მოხდა, ხუთი მხრიდან შედიოდნენ მანქანები, კონცერტი ამაღლებულ ადგილზე იყო, ხალხი მანქანებით გადაადგილდებოდა. გზა არ იყო სრულად გადაკეტილი და მძღოლების უმრავლესობა ვერ იგებდა, საით უნდა წასულიყო, წრეს არტყამდნენ, რომ როგორმე გასულიყვნენ, იქვე პოლიციაც ტრიალებდა...
კომუნისტების დროსაც მოვესწარი და ქალაქი იკეტებოდა 1-ელ მაისს, 9 მაისსა და 7 ნოემბერს. ამ დროს მთელი ქალაქი კონსტრუქციებით იყო ჩახერგილი, მოსახლეობა და მძღოლები - გაფრთხილებული, რომ ამა და ამ საათიდან ამა და ამ ქუჩებზე გადაადგილება იყო აკრძალული. ახლა ისე მიხვალ მაგ ადგილზე, ისე დაგაჯარიმებენ, ისე მოგივა უბედურება, რომ ვერც გაიგებ... მაგრამ მთავარი დაუსჯელობის სინდრომია. ერთ-ერთი ინსპექტორი, გვარს ვერ დავასახელებ, სამი თვის წინ გამოეკიდა დიდი სისწრაფით მიმავალ ელიზბარაშვილს, რომელიც არ დაემორჩილა და არ გააჩერა, მერე საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. მძღოლი მანქანიდან უგონოდ მთვრალი გადმოვიდა. მანქანის უკანა მინა ჩამოწეულა, სუს-ის თანამშრომლები მსხდარან და პოლიციელისთვის უთქვამთ, ვის უბედავ შემოწმებას, აი, ესენი ვართ, გაეთრიე აქედანო. ელიზბარაშვილს უთქვამს, ხვალვე დაგაწერინებენ პატაკს და სამსახურიდან გაგიშვებენო. პოლიციელი შოკში ჩავარდნილა. აი, ასეთ მდგომარეობაში ჰყავთ ჩინოვნიკებს ჩაყრილი პოლიციელებიც. არ იციან, ვის დაუჯერონ, ვინ დასაჯონ, ან ვინ არ დასაჯონ.