საზამთროს მურაბის მომზადება ნამდვილი ხელოვნებაა. უნდა მივიღოთ არამარტო გემრიელი, არამედ გამჭვირვალე, ქარვისფერი და სასიამოვნოდ ხრაშუნა დესერტი. ბევრი დიასახლისისთვის გამოწვევა სწორედ იმ სასურველი ტექსტურის მიღებაა, რომელსაც ქართულ რეალობაში ტრადიციულად სოდის გამოყენებით აღწევენ. თუმცა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებისთვის განკუთვნილი კირი. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინსტრუქცია სოდით იმისთვის, რომ თქვენი მურაბა იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ გამორჩეულად ხრაშუნა.
1 კილოგრამი გასუფთავებული საზამთროს კანი
1,200 შაქარი
3 ჭიქა წყალი სიროფისთვის
1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა (გახსნილი ერთ ლიტრ წყალში)
ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა
ვანილი მიხაკი გემოვნებით
პირველ ეტაპზე საზამთროს კანებს მოაცალეთ მწვანე მყარი კანი და წითელი რბილობი, დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად. თუ მოზრდილი ნაჭრებია, დაჩხვლიტეთ. პატარა ნაჭრებისთვის დაჩხვლეტა აუცილებელი არ არის. ჩაალბეთ სოდიან წყალში. კანები ხსნარში გააჩერეთ ზუსტად ორი ან სამი საათის განმავლობაში, რათა შეინარჩუნონ სიმკვრივე. დროის გასვლისთანავე კანები გულდასმით გარეცხეთ გამდინარე წყალში.
მეორე ეტაპზე გარეცხილი კანები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ადუღეთ 5-7 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ ცივ, ყინულებიან წყალში სრულ გაცივებამდე. ეს პროცესი გაიმეორეთ ორჯერ, რათა კანები სრულად გასუფთავდეს და დარბილდეს.
მესამე ეტაპზე მოამზადეთ სიროფი შაქრისა და წყლისგან. მას შემდეგ, რაც შაქარი სრულად გაიხსნება, სიროფში ჩაყარეთ დამუშავებული კანები და ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ მურაბა სრულ გაციებამდე.
მეოთხე ეტაპი გულისხმობს ხარშვის პროცესის სამჯერ გამეორებას. ყოველი ხარშვის შემდეგ მურაბა აუცილებლად უნდა გაცივდეს, რათა კანებმა შთანთქოს სიროფი და გახდეს გამჭვირვალე. ბოლო ხარშვისას დაამატეთ ლიმონმჟავა, ვანილი და მიხაკი. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მურაბის ხრაშუნა ტექსტურას და სასიამოვნო ქარვისფერ შეფერილობას, რაც ამ დესერტს გამორჩეულს ხდის.