როგორ დავეხმაროთ ჰიპერაქტიურ ბავშვს: "სწორი მიდგომების შედეგად, ბავშვი შესაძლოა, ძალიან წარმატებული იყოს" - მშობლები

როგორ დავეხმაროთ ჰიპერაქტიურ ბავშვს: "სწორი მიდგომების შედეგად, ბავშვი შესაძლოა, ძალიან წარმატებული იყოს"

2026-07-21 08:22:04+04:00

ცნობილია, რომ სწავლებისა და აღზრდის სწორი მიდგომის პირობებში, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ძალზე წარმატებული იყოს სხვადასხვა სფეროში. ამბობენ, რომ მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ ნიკოლა ტესლას, თომას ედისონს, ერნესტ ჰემინგუეისა და ანრი პუანკარეს.

ურთიერთობა მასწავლებლებთან და საზოგადოებასთან

პირველ რიგში, აუხსენით მასწავლებელს ან აღმზრდელს, რომ ბავშვს, რომელიც ასე იქცევა, სხვისი გაღიზიანება არ სურს და არც ცუდად არის აღზრდილი. იდეალურ შემთხვევაში, ტაქტიკა ერთობლივად უნდა შეიმუშაოთ. არ დაუშვათ ბავშვის საჯაროდ დამცირება და შერცხვენა, თუნდაც მისი ქცევა მიუღებელი იყოს.

ემოციების კონტროლი და მშობლის სიმშვიდე

აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ზოგჯერ ეს ძალიან რთულია, რადგან ასეთი ბავშვების იმპულსურობამ და დაუმორჩილებლობამ შესაძლოა არასასიამოვნო და რთული სიტუაციები შექმნას, თუმცა დაძაბულობის მოხსნა მხოლოდ სიმშვიდითაა შესაძლებელი. ისწავლეთ, რომ ზედმეტი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ წვრილმანებს. არ დასაჯოთ ბავშვი, თუ რამე უმეცრებით, შემთხვევით ან უფროსების შეცდომის გამო ჩაიდინა.

ყვირილი, ფიზიკური დასჯა და უფროსის შიში არა მხოლოდ არ ეხმარება საქმეს, არამედ აუარესებს კიდეც მდგომარეობას. ბავშვი მუდმივად ორ ცეცხლ შუა იმყოფება: საკუთარი თავის მართვის უუნარობასა და მშობლის რისხვას შორის. ეს იწვევს უზარმაზარ დაძაბულობას, რომელიც ადრე თუ გვიან კიდევ უფრო დიდ აფეთქებამდე მიგვიყვანს.

ყურადღებით მოსმენა და მკაფიო მოთხოვნები

ესაუბრეთ ბავშვს ინტერესით. მთელი არსით უნდა აჩვენოთ, რომ ყურადღებით უსმენთ და სერიოზულად ეკიდებით მის სიტყვებს. წაახალისეთ ვრცელი პასუხები, არ გამოხატოთ არც სიტყვით და არც ჟესტით უკმაყოფილება, გაღიზიანება და მოუთმენლობა.

დააწესეთ მკაფიო მოთხოვნები ბავშვის შესაძლებლობების ფარგლებში. ამით გაუადვილებთ ამოცანას და დაეხმარებით საკუთარი ქმედებების მოწესრიგებაში. ითხოვეთ ამ მოთხოვნების შესრულება ნებისმიერ ვითარებაში, მაგრამ ეს აკეთეთ მშვიდად და მეგობრულად.

დღის რეჟიმი და ორგანიზებულობა

მიადევნეთ თვალი დღის რეჟიმს. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამშვიდებს, ეხმარება შფოთვების დაძლევასა და დროის განაწილებაში. მისთვის ძალიან რთულია თავში მოქმედებათა პროგრამის შენარჩუნება – თუნდაც ოთახის ჩვეულებრივი დალაგება აბნევს: რა გააკეთოს პირველად და რა შემდეგ? თუ გეგმის შედგენაში დაეხმარებით, ეს ცხოვრებას გაგიმარტივებთ როგორც თქვენ, ისე ბავშვს. რადგან ჰიპერაქტიურ ბავშვებს ძილის წინ დამშვიდება ხშირად უჭირთ, არანაკლებ 40 წუთი უნდა დაუთმოთ მოდუნებას. ეს შეიძლება იყოს სეირნობა, თბილი შხაპი ან დამამშვიდებელი მასაჟი. თუ დღის რეჟიმში რამე იცვლება, წინასწარ განიხილეთ ეს ბავშვთან და უამბეთ, თუ რა ელის.

დავალებების შესრულება

დაეხმარეთ საშინაო დავალებების ორგანიზებაში. ბავშვს უნდა ჰქონდეს მუდმივი ადგილი, სადაც არავინ და არაფერი უფანტავს ყურადღებას – არც ოჯახის სხვა წევრები, არც კატა და არც ტელევიზორი. დაიწყეთ და დაასრულეთ მეცადინეობა იმით, რაც ბავშვს კარგად გამოსდის. დაყავით დავალება მიმდინარე ეტაპებად, მისთვით გასაგები, მოკლე ინსტრუქციები: „გადახატე ნახატი, გააფერადე წითლად“. სთხოვეთ ბავშვს გაიმეოროს დავალება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს მუშაობას. ახსენით იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა გასაგებად.

ქცევითი სირთულეები და მათი გადაჭრა

თუ ბავშვმა ზღვარი გადაკვეთა და ისტერიკა დაემართა – გადაატანონეთ ყურადღება, გაიყვანეთ ან აიყვანეთ წყნარ ადგილას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უყვიროთ და არ შეურაცხყოთ.

მედიკამენტური მკურნალობის საკითხი

მედიკამენტი არ მკურნალობს სინდრომს, არამედ მხოლოდ ამცირებს ნეგატიურ სიმპტომებს და თანაც მხოლოდ იმ დღეს, როდესაც აბია მიღებული.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი არის ქცევითი აშლილობა, რომელთან გამკლავებაც ბავშვს დამოუკიდებლად არ ძალუძს. ამიტომ, თუ თვლით, რომ თქვენი შვილის ქცევა არ ჯდება მიღებულ ნორმებში, სერიოზულად გიქვეითებთ ხცოვრების ხარისხს თქვენც და მასაც, თუ ამას ვერ უმკლავდებით, მიმართეთ სპეციალისტებს და საფუძვლიანად გამოაკვლევინეთ ბავშვი.

ამის შემდეგ, ექიმებთან, მასწავლებლებთან და ფსიქოლოგებთან ერთად ქცევისა და სწავლების სტრატეგიას ააგებთ, აღიჭურვეთ მოთმინებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლეთ ბავშვს (და საკუთარ თავსაც!) საკუთარ თავთან სწორად მოქცევა. ეს ნაწილი ყველაზე მთავარია, თუმცა ყველაზე რთულიც. მაგრამ განა შეიძლება იყოს მშობლისთვის იმაზე მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე დაეხმაროს შვილს ამ სამყაროში საკუთარი თავის პოვნაში, რათა თავდაჯერებული და წარმატებული გახდეს.

როგორ განვასხვავოთ, ბავშვი ჰიპერაქტიურია თუ უბრალოდ, ძალიან ცელქი - რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს
როგორ ვამეცადინოთ ჰიპერაქტიური ბავშვი და როგორ გადავატანინოთ ქცევის სირთულეები