ცნობილი ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში თავის ტკივილის მთავარ და ყველაზე მოულოდნელ მიზეზებზე საუბრობს და საინტერესო რჩევებს გვიზიარებს:
„თუ თქვენ ახლა, ზაფხულში, თავი გტკივათ, გასწავლით, რა არის მისი მიზეზი და როგორ მოვაგვაროთ ეს ტკივილი მედიკამენტის გარეშე, თუ ხელთ არაფერი გაქვთ.
თავის ტკივილის ბევრი ფორმა არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილია. თუ ახლა თავი გტკივათ, დიდი ალბათობით, საქმე სწორედ მასთან გქვთ, რადგან მსგავსი ტიპის თავის ტკივილი შემთხვევათა 70-80%-ს მოიცავს. თავის მხრივ, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილს მრავალი მიზეზი აქვს: უძილობა ან, პირიქით, ზედმეტი ძილი, კოფეინის ჭარბი მიღება, შოკოლადი, ალკოჰოლი, საკვების გამოტოვება, ყველი (კერძოდ, ძველი ყველი) და ყოველდღიური სტრესი. თუმცა, ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც დეჰიდრატაციაა — ანუ სხეულში წყლის არასაკმარისი რაოდენობა, განსაკუთრებით ზაფხულში, რის გამოც თავის ტკივილი ამ პერიოდში უფრო ხშირად იმატებს.
როდესაც სხეულს წყალი აკლია, თავის ტვინის მოცულობა მცირდება. თავად ტვინში ტკივილის რეცეპტორები არ არის — ადამიანს ტვინი რომ გავუჭრათ, არ იტკინება. რეცეპტორები განლაგებულია თავის ტვინის მკვრივ გარსებზე. ვინაიდან საკმარისი წყალი არ დალიეთ და ორგანიზმიდან ბევრი სითხე დაიკარგა, თავის ტვინის მოცულობა მცირდება, გარსები იჭმუხნება და სწორედ ეს ხდება თავის ტკივილის მიზეზი.
თუ მედიკამენტი ხელთ არ გაქვთ, არსებობს მარტივი გამოსავალი. სითხის მიღება მუშაობს შემთხვევათა უმრავლესობაში: ის ფარავს შაკიკის შემთხვევების 50%-ს, ასევე ნაბახუსევისა და დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილების უმეტესობას. თუ ლიტრნახევარზე ცოტა მეტ სითხეს მიიღებთ, თავის ტკივილი გაცილებით ნაკლებად შეგაწუხებთ. ტკივილი მოიხსნება სულ რაღაც ნახევარ საათში და რამდენიმე საათის განმავლობაში არ განმეორდება, სანამ ორგანიზმი ჰიდრატირებულია. თუმცა, როგორც კი სხეულს ისევ დააკლდება წყალი, გარსები ხელახლა შეიჭმუხნება და თავის ტკივილიც დაბრუნდება.
ასე რომ, თუ ზაფხულში სითხის ნაკლებობის გამო თავი გტკივათ, მიზეზი ეს არის და პრობლემასაც მარტივად მოაგვარებთ: თავის ტკივილის მომენტში 500 მილილიტრი წყლის მიღება ტკივილს ნახევარ საათში მოხსნის", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.