ისინი იყვნენ პირველი ქალები, რომელთა ფეხები ტელეეკრანზე გამოჩნდა... ფრენკ სინატრასთან და ელვის პრესლისთან ერთად გამოდიოდნენ, შოუბიზნესი დაიპყრეს და ერთ დღეს გარდაიცვალნენ... - ვარსკვლავი დების ამბავი - მშობლები

ისინი იყვნენ პირველი ქალები, რომელთა ფეხები ტელეეკრანზე გამოჩნდა... ფრენკ სინატრასთან და ელვის პრესლისთან ერთად გამოდიოდნენ, შოუბიზნესი დაიპყრეს და ერთ დღეს გარდაიცვალნენ... - ვარსკვლავი დების ამბავი

2026-07-25 11:06:23+04:00

მათ სცენას 60 წელზე მეტი მიუძღვნეს, ფრენკ სინატრასთან ერთად შოუებზე გამოდიოდნენ და თავიანთი სილამაზით ყველას აღაფრთოვანებდნენ. ვარსკვლავების სასტიკ სამყაროშიც კი, ელისა და ელენ კესლერები ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ. ეს ერთგულება მათ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს.

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, 2025 წლის 17 ნოემბერს დებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. გარდაცვალებამდე მათ უკანასკნელი სურვილი განაცხადეს. მათ საყვარელი დედის, ელზასა და ძაღლის, იელოს ფერფლის გვერდით დაკრძალვა ითხოვეს. დები 89 წლისანი იყვნენ. საბალეტო ფეხსაცმელი მათ 6 წლის ასაკში პირველად ჩაიცვეს. ამის შემდეგ კი წარმატების ისტორიაც იწყება:

keslerebi-6-1784871014.jpg
დები კესლერები

საბალეტო კარიერა

ელისა და ელენ კესლერები 1936 წლის 20 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ნერხაუში დაიბადნენ. ახლა ეს დასახლება ცალკე რაიონის სახით ქალაქ გრიმას შემადგენლობაში შედის. გოგონების მშობლების, პოლისა და ელზას პროფესია უცნობია (ზოგიერთი მონაცემით მამა ელექტრომექანიკოსად მუშაობდა). თუმცა, შვილებში შემოქმედებითი უნარების განვითარება მათ საკმაოდ ადრე დაიწყეს. როგორც კი ელისმა და ელენმა სიარული და ლაპარაკი ისწავლეს, მათ მუსიკაში, ფერწერასა და სცენის ოსტატობაში მეცადინეობა დაიწყეს. 6 წლის ასაკში კი ორივე მათგანი საბალეტო სტუდიაში პირველად მიიყვანეს. თავდაპირველად ბალეტის მკაცრი სამყარო დებს არ მოეწონათ. პედაგოგების გადაჭარბებულმა მომთხოვნელობამ ისინი შეაშინა. თუმცა, პირველმა სერიოზულმა წარმატებებმა ელისსა და ელენს ცეკვა სამუდამოდ შეაყვარა.

keslerebi-3-1784871049.jpg
კესლერების ოჯახი

11 წლის ასაკში ისინი ლაიფციგის ოპერის საბავშვო საბალეტო პროგრამაში გამოსასვლელად მიიწვიეს. ტყუპები არა მხოლოდ ფანტასტიკურად ცეკვავდნენ, არამედ შესანიშნავი ვოკალური მონაცემებითაც გამოირჩეოდნენ. ამიტომ, განათლება მათ საბალეტო კუთხით კი არა, საოპერო სიმღერის სფეროში მიიღეს. ახალგაზრდულ ასაკშივე ქვეყნის მასშტაბით აქტიური გასტროლები დაიწყეს. ამის წყალობით, 1950 წელს მათ მშობლიური გდრ-იდან დასავლეთ გერმანიაში გაქცევის და დიუსელდორფში დასახლების შესაძლებლობა მიეცათ. სწორედ იქ დაიწყეს დებმა სცენური კარიერა, როგორც მომღერლებმა და მოცეკვავეებმა. ამასთან, ისინი ყოველთვის ექსკლუზიურად დუეტში გამოდიოდნენ.

keslerebi-4-1784871084.jpg
დები კესლერები

მაღალი, ტანწერწეტა ქერა ქალბატონები წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდნენ. მალე მათი დიდება გერმანიის საზღვრებს გასცდა. 1950-იანი წლების ბოლოს მათ ყურადღება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კაბარე-შოუს დამფუძნებელმა, პიერ-ლუი გერენმა მიაქცია. 1940-იანი წლების ბოლოს იგი თეატრ "ლიდო დე პარის" გახსნით იყო დაკავებული. 1920-იან წლებში ამ ადგილმა ფუნქციონირება ხელოვნური პლაჟის, კაზინოსა და ღამის კლუბის სახით დაიწყო. საფრანგეთის გერმანული ოკუპაციის დასრულების შემდეგ კი იქ თავი მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეებმა მოიყარეს. ელისა და ელენ კესლერები "ლიდოში" ხუთი წლის განმავლობაში ცეკვავდნენ. ამის შემდეგ ისინი იტალიაში გადავიდნენ.

პირველი "ფეხები" ტელევიზიაში

ამ მოვლენას დების კიდევ ერთი ტრიუმფი უძღოდა წინ. 1959 წელს მათ გერმანია "ევროვიზიაზე" წარადგინეს. კონკურსი მაშინ საფრანგეთში, კანში იმართებოდა. ელისმა და ელენმა მერვე ადგილი დაიკავეს. თუმცა, ამ ფაქტმა მათ პოპულარობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა. საზოგადოებამ გოგონები არა მხოლოდ ლამაზ მოცეკვავეებად, არამედ ნიჭიერ მომღერლებადაც გაიცნო.

keslerebi-2-1784871110.jpg
დები კესლერები

იმავე 1960 წელს დები იტალიურ ტელევიზიაში პირველად გამოჩნდნენ. შოუს ეთერში ისინი, რა თქმა უნდა, ცეკვავდნენ. ამ გამოსვლის შემდეგ მათ პირველი ქალები უწოდეს, რომლებმაც ეკრანზე ფეხები გამოაჩინეს. იმ დროში კადრში ადამიანების მხოლოდ წელზევით ჩვენება იყო მიღებული. თუმცა, ელისისა და ელენის ასეთ გრძელ და ულამაზეს ფეხებს ტრანსლაციის რეჟისორმა გვერდი ვერ აუარა. გოგონებს სქელი კაპრონის კოლგოტები ეცვათ. მიუხედავად ამისა, ასეთი სითამამე იმ პერიოდში უხამსობის ზღვარზე მყოფ საქციელად ითვლებოდა. თუმცა, ახალგაზრდა გოგონებს ეს კადნიერება სწრაფად აპატიეს.

keslerebi-7-1784871134.jpg
დები კესლერები

1960-იანი წლების დასაწყისში ელისმა და ელენმა განვითარება ორი მიმართულებით პარალელურად დაიწყეს. მათთან ხმისჩამწერი კომპანიები აქტიურად თანამშრომლობდნენ. ამიტომ, ისინი ალბომს ალბომზე უშვებდნენ - გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე. ამასთანავე, მათი წარმატებული კინოკარიერაც სტარტს იღებდა. დების დებიუტი მუსიკალურ კომედიაში "სანამ ლამაზი გოგონები არსებობენ" შედგა. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან სატელევიზიო შოუებში გამოჩენას განაგრძობდნენ. დიდხანს ისინი ექსკლუზიურად მსუბუქ კომედიურ ან რომანტიკულ ფილმებში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა, მათ დაუხურავ გეშტალტად რაიმე სერიოზული დრამატული როლი რჩებოდა. ამ ოცნების ასრულება ელისმა და ელენმა თეატრის სცენაზე შეძლეს - მათ პიროვნების გაორებით დაავადებული ერთი პერსონაჟი განასახიერეს.

ფრენკ სინატრა და ელვის პრესლი

1970-იანი წლების ბოლოსთვის დები გასართობი ტელევიზიის ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ. მათმა დიდებამ აშშ-მდეც მიაღწია. იმ პერიოდში ელისს და ელენს მომღერლის კარიერა უკვე დაპაუზებული ჰქონდათ (ყველაფრისთვის დრო უბრალოდ არ ჰყოფნიდათ). სამაგიეროდ, ისინი სხვა სახელოვან არტისტებთან ერთად გამოსვლას სიამოვნებით თანხმდებოდნენ. იმ ვარსკვლავთა შორის, რომლებიც ტყუპ კესლერებს მოცეკვავეებად და ვოკალისტებად რეგულარულად იწვევდნენ, ფრენკ სინატრა, ელვის პრესლი და ბერტ ლანკასტერიც იყვნენ. მამაკაცები დებით მოხიბლულნი იყვნენ. მათთან ურთიერთობის შემდეგ ხშირად აღიარებდნენ, რომ მათი სილამაზის შუქზე თავს თავადაც უფრო მიმზიდველად გრძნობდნენ. ასეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობით ელისმა და ელენმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს. 40 წლის ასაკში კი კიდევ ერთი გაბედული ექსპერიმენტი გადაწყვიტეს - იტალიური Playboy-სთვის გადაღებებში მიიღეს მონაწილეობა.

keslerebi-8-1784871172.jpg
დები კესლერები

keslerebi-9-1784871197.jpg
დები კესლერები
keslerebi-10-1784871231.jpg
დები კესლერები

დები მამაკაცებში წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდნენ. მიუხედავად ამისა, მათ პირად ცხოვრებას დატვირთულს ძნელად თუ ვუწოდებთ. აშშ-ში ერთ-ერთი ვიზიტის დროს ელენს ბერტ ლანკასტერთან ხანმოკლე რომანი ჰქონდა. თუმცა, ამ ურთიერთობიდან სერიოზული არაფერი გამოვიდა. მანამდე იგი იტალიელ მსახიობ უმბერტო ორსინისთან საკმაოდ ხანგრძლივ ურთიერთობაში იმყოფებოდა. თუმცა, ბედნიერი დასასრული არც აქ ყოფილა - წყვილი დაშორდა. ელისი, თავის მხრივ, იტალიელ რეჟისორსა და მსახიობს, ენრიკო მარია სალერნოს ხვდებოდა. ოფიციალურ ქორწინებაში კესლერები არ ყოფილან. არც შვილები ჰყოლიათ.

ერთად სიცოცხლის ბოლომდე

კითხვა, თუ რატომ ვერ შეძლეს ასეთმა ეფექტურმა და ნიჭიერმა ქალებმა ღირსეულ მამაკაცებთან შეხვედრა, ბევრს აწუხებდა. თუმცა, დები ამაზე ცალსახა პასუხს არ იძლეოდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში მათ მიანიშნეს, რომ ბავშვობაში არასრულყოფილი ოჯახური ურთიერთობების მოწმენი გახდნენ. მშობლების შეცდომების გამეორება კი მათ არ სურდათ. ზოგიერთი მონაცემით, კესლერების მამა ტირანი იყო. იგი ალკოჰოლს ეტანებოდა და ცოლს ღიად ღალატობდა. ყველაზე მწვავე კრიზისი მას შემდეგ დადგა, რაც კესლერების ორი ძმა მუცლის ტიფით გარდაიცვალა.

keslerebi-11-1784871258.jpg
დები კესლერები
keslerebi-13-1784871284.jpg
დები კესლერები
keslerebi-14-1784871307.jpg
დები კესლერები

ელისმა და ელენმა თქვეს, რომ მამაკაცების საჭიროება მათ არ ჰქონდათ. ისინი ერთმანეთისთვის საუკეთესო დასაყრდენი თავად იყვნენ. იყო პერიოდი, როდესაც ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცალ-ცალკე ცხოვრებას ცდილობდნენ. თუმცა, 1990-იანი წლების დასაწყისში დედა გარდაეცვალათ. ამის შემდეგ მისგან დარჩენილ ბინაში ერთად გადავიდნენ. სწორედ ამ ბინაში, გრიუნვალდში, 2025 წლის 17 ნოემბერს ორივე მათგანი ერთ დღეს გარდაიცვალა.

keslerebi-15-1784871332.jpg
დები კესლერები

გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიკვდილს ექიმი და ადვოკატი გერმანიის "ჰუმანური სიკვდილის საზოგადოებიდან" მეთვალყურეობდნენ. ამ ორგანიზაციის პრინციპები იმ იდეას ემყარება, რომ საკუთარი სიცოცხლის დასასრულის განსაზღვრა თითოეულ ადამიანს თავად შეუძლია.