როგორ გავახაროთ ვარდი შტამბზე საკუთარი ხელით - არც ისეთი ძნელია, როგორც გგონიათ - მშობლები

როგორ გავახაროთ ვარდი შტამბზე საკუთარი ხელით - არც ისეთი ძნელია, როგორც გგონიათ

2026-07-24 17:37:19+04:00

შტამბიანი ვარდები წარმოადგენს ერთგვარ პატარა ხეს, რომელსაც ღეროზე ემატება აყვავებული ვარდის გვირგვინი. მათი სახლის პირობებში თავიდან ბოლომდე გამოყვანა თავადაც შეგიძლიათ, თუმცა მოთმინება დაგჭირდებათ.

შტამბიანი ვარდის მიღების მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ის რეალურად ორი სხვადასხვა მცენარისგან შედგება. ძირითადი ღერო, ანუ შტამბი, არის სპეციალური, ძლიერი და ყინვაგამძლე, როგორც წესი, ველური ასკილის, ღერო, რომელზეც სასურველი ჯიშის კულტურული ვარდია დამყნობილი.

თუ სახლში ან ბაღში გაქვთ კარგი, ჯანსაღი და ძლიერი ასკილის ღერო, რომლის გამოყენებაც შტამბიანი ვარდის გამოსაყვანად გსურს, ეს შესანიშნავი საფუძველია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ პროცესი სრულყოფილ ცოდნასა და დიდ მოთმინებას მოითხოვს. ასკილი ამ შემთხვევაში მსახურობს ძირად, ანუ საძირედ, რომელზეც სასურველი ჯიშის კულტურული ვარდი უნდა დაიმყნოს.

sunny-knock-out-rose-tree-1-768x927-1784900163.avif

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად ასკილის ღეროს სისქესა და სიმაღლეს. იმისათვის, რომ ნამდვილი ლამაზი შტამბიანი ვარდი მიიღო, ღერო უნდა იყოს საკმარისად მაღალი (სასურველია 1-დან 1,5 მეტრამდე) და საკმაოდ სქელი, რომ წელი გაიმაგროს და გვირგვინის სიმძიმეს გაუძლოს. თუ ღერო უკვე მიწაშია დარგული და მტკიცედ დგას, საქმე გამარტივებულია, ხოლო თუ მოჭრილი ტოტია, ის პირველ რიგში მიწაში უნდა დაფესვიანდეს, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ საუკეთესო ვარიანტია უკვე გაზრდილი, ფესვიანი ველური ასკილის ღეროს გამოყენება.

მთავარი ეტაპი არის მყნობა, რასაც მებაღეობაში ძირითადად „თვალის მყნობის“ (ბუდობის) მეთოდით აკეთებენ. ეს პროცესი ხორციელდება ზაფხულის შუა პერიოდში, ივლისის ბოლოს ან აგვისტოში. ამისთვის გჭირდებათ სასურველი კულტურული ვარდის ჯანსაღი ტოტიდან აღებული მწიფე კვირტი. ასკილის ღეროზე, სასურველ სიმაღლეზე (რომელიც განსაზღვრავს მომავალი ხის სიმაღლეს), კეთდება T-ს ფორმის პატარა განაკვეთი კანზე, ფრთხილად იწევა ქერქი და შიგნით თავსდება კულტურული ვარდის კვირტი. ამის შემდეგ მყნობის ადგილი მჭიდროდ იხვევა სპეციალური საიზოლაციო ან საბაღე ლენტით ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს და კვირტი ღეროს მჭიდროდ მიეკრას.

b600e7ae-a65e-43e0-b90c-9c2569f83750-1784898284.png

მყნობიდან რამდენიმე კვირაში უკვე გამოჩნდება, მიიღო თუ არა მცენარემ ახალი კვირტი — თუ ის მწვანეა და არ გამხმარა, ე.ი. მყნობამ წარმატებით ჩაიარა. ამის შემდეგ ლენტი ფრთხილად უნდა მოიხსნას.

მომდევნო გაზაფხულზე ეს დამყნობილი კვირტი გამოიღებს ახალ ყლორტს, რომელიც თანდათან გაიზრდება და ვარდის გვირგვინს შექმნის. მთელი ამ პერიოდში და მომავალშიც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად აკონტროლოთ ასკილი და მოაცილოთ ნებისმიერი სხვა ყლორტი, რომელიც შეიძლება ძირიდან ან შტამბზე ამოიზარდოს, რადგან ველურმა ასკილმა არ უნდა ჩაახშოს დამყნობილი კულტურული ვარდი. მთელი მცენარის ენერგია და ძალა მხოლოდ ახალ კვირტს უნდა მოხმარდეს.

გაზაფხულიდანვე, სანამ კვირტები გაიღვიძებს, კარგია პროფილაქტიკური შეწამლვა სპილენძის შემცველი პრეპარატებით სოკოვანი დაავადებების ასაცილებლად. მცენარის ზრდის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ გავრცელებულ პრობლემებს, როგორიცაა ბუგრი(განსაკუთრებით ბევრია ხოლმე ახალ ნორჩ ფოთლებზე), ჭრაქი და შავი ლაქიანობა ფოთლებზე. საჭიროებისამებრ გამოიყენება ინსექტიციდები მავნებლების წინააღმდეგ და ფუნგიციდები სოკოს წინააღმდეგ, რათა შტამბი ჯანსაღად და ძლიერად შენარჩუნდეს.

84291-1784900179.webp

ახალდამყნობილ მცენარეს ყოველდღიური მორწყვა არ სჭირდება და ეს შეიძლება მავნებელიც კი იყოს.მიწის ყოველდღიურად დასველებამ შესაძლოა ფესვების სისტემას ჟანგბადი შეუზღუდოს, გამოიწვიოს ფესვების ლპობა და მცენარის დასუსტება.

მორწყვის სწორი რეჟიმი დამოკიდებულია ამინდსა და ნიადაგის მდგომარეობაზე. ძირითადი წესი ისაა, რომ მიწა ზედაპირზე უნდა შეშრეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მორწყათ უხვად. ზაფხულის ცხელ დღეებში ეს შეიძლება იყოს კვირაში 2-ჯერ, ხოლო ზომიერ ამინდში უფრო იშვიათადაც საკმარისია. მთავარია, რომ ტენიანობა ზომიერი იყოს და არა მუდმივად ჭაობისებრი.

tree-rose-with-stakes-d738a6e47d98484b8514501c439bafb7-1784899454.webp

21232ee1-72c7-4f59-87a2-163cd5296235-1784898876.png

წლის განმავლობაში შტამბიანი ვარდი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. რადგან ძირითადი ღერო ასკილია, ის მუდმივად ცდილობს ძირში ან თავად შტამბზე ახალი ყლორტების გამოტანას. ამ ყლორტების გასხვლა დროულად უნდა მოხდეს, რადგან მათმა ზრდამ შეიძლება ძირითადი კულტურული ვარდი გამოფიტოს და გაახმოს. ასევე, ზამთრის პერიოდში შტამბიანი ვარდი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს ყინვისგან, რის გამოც გვირგვინის ნაწილს სპეციალური მასალით ფუთავენ, ძირში კი მიწას შემოაყრიან და მულჩით ფარავენ.

b5070201-220e-4187-9586-1eea70a1bef2-1784899628.png