სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანები - მშობლები, ხანდახან ყველაზე დიდ მტრებად ევლინებიან. მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიდანაც ბევრი ქცეულა მშობლების მხრიდან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის, გულგრილობის მსხვერპლი და ბევრი ამაზე ღიად საუბრობს. ამით მათ სურთ, მაგალითი მისცენ სხვებს, აჩვენონ, რომ მარტონი არ არიან და ამის გამოთქმა, სპეციალისტების დახმარება მნიშვნელოვანია. ასევე მოტივაცია მისცენ იმ ბავშვებს, რომლებიც ამ წუთას განიცდიან იმავეს, მისცენ გაბედულება შველის თხოვნის და იმედი, რომ ესეც გაივლის და ეს არ იქნება მხოლოდ განმსაზღვრელი მათი ცხოვრების...
ჯონი დეპი ერთ-ერთია მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს შორის, რომელიც ბავშვობაში მუდმივად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დედის მხრიდან. ამაზე საუბარი მას სასამართლო პროცესზე მოუწია, ემბერ ჰერდთან ხმაურიანი გარჩევების დროს. მაშინ ჯონმა და მისმა დამ ისაუბრეს ღიად ბავშვობის ტრავმაზე, იმის საჩვენებლად, რომ ბავშვობაში განცდილმა ძალადობამ გავლენა მოახდინა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ურთიერთობებზე...
ჯონი წლების განმავლობაში დედის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაზე საუბრობდა. ჩვენებაში ყვებოდა, რომ მისი დედა, ბეტი სუ პალმერი, იყო ძალიან მკაცრი, არაპროგნოზირებადი და ხშირად ძალადობრივი. ის სცემდა შვილებს სხვადასხვა საგნით (მაგალითად, ქამრით, ჯოხით ან სხვა ნივთებით); რეგულარულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მათ; ოჯახში შიშის ატმოსფეროს ქმნიდა.