8 წლის გოგონა, რომელიც სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა და მისი საქმე ბავშვზე ძალადობის პირველ სასამართლო პროცესად იქცა - ამ ამბავმა მსოფლიოში ბავშვთა დაცვის პირველი ორგანიზაციის შექმნას ჩაუყარა საფუძველი - მშობლები

8 წლის გოგონა, რომელიც სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა და მისი საქმე ბავშვზე ძალადობის პირველ სასამართლო პროცესად იქცა - ამ ამბავმა მსოფლიოში ბავშვთა დაცვის პირველი ორგანიზაციის შექმნას ჩაუყარა საფუძველი

2026-07-28 16:03:01+04:00

მერი ელენ უილსონის ისტორია იურისპრუდენციასა და სოციალურ სფეროში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. მისი საქმე ოჯახში ბავშვზე ძალადობის პირველი ოფიციალურად დოკუმენტირებული სასამართლო პროცესი გახდა. ამ შემთხვევამ ბავშვთა უფლებების დაცვის პირველი გლობალური სისტემის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

რამდენიმე წლის განმავლობაში პატარა მერი ელენი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა და სადისტურ მოპყრობას განიცდიდა. ვინაიდან ბავშვთა დაცვის შესახებ კანონები ჯერ კიდევ არ არსებობდა, ადვოკატებმა მისი უფლებები ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის საზოგადოების მეშვეობით დაიცვეს. ამ საქმემ მსოფლიოში ბავშვთა დაცვის პირველი უწყებების ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი:

მერი ელენ უილსონი, ცნობილია ასევე როგორც მერი ელენ მაკკორმაკი, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისმა საქმემ სათავე დაუდო "ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის ნიუ-იორკის საზოგადოების" დაარსებას. ეს მსოფლიოში ბავშვთა დაცვის პირველი სააგენტო იყო. 8 წლის ასაკში მასზე მიმღები მშობლები, ფრენსის და მერი კონოლები, სასტიკად ძალადობდნენ. ვინაიდან მას დახმარება იმხანად "ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის ამერიკული საზოგადოების" ხელმძღვანელმა, ჰენრი ბერგმა გაუწია, ზოგიერთი წყარო შეცდომით მიუთითებს, რომ გოგონას ოჯახიდან წამოსაყვანად ცხოველთა დაცვის კანონების გამოყენება გახდა საჭირო. ეს შეერთებულ შტატებში ბავშვზე ძალადობის პირველი სრულყოფილად დოკუმენტირებული შემთხვევა იყო.

mary-ellen-wilson-1-1785128176.jpg
მერი ელენ უილსონი

მერი ელენი 1864 წლის მარტში, ნიუ-იორკის უბან ჰელს-კიჩენში, ფრენსის კონორ უილსონისა და თომას უილსონის ოჯახში დაიბადა. ფრენსის კონორი ინგლისიდან ნიუ-იორკში 1858 წელს გადასახლდა და ირლანდიელი თომას უილსონი გაიცნო. წყვილი 1862 წლის აპრილში დაქორწინდა. თომასი "ნიუ-იორკის 69-ე პოლკში" (ირლანდიური ბრიგადა) მსახურობდა. ამერიკის სამოქალაქო ომში თომასის დაღუპვის შემდეგ, ფრენსისს მუშაობის დაწყება მოუწია. იგი მერი ელენის სახლში აღზრდას ვეღარ ახერხებდა. ამიტომ გოგონა ვინმე მარტა სკორს მიაბარა. ფრენსის უილსონის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სკორს ბავშვის მოვლის საფასურს ვეღარ უხდიდა. ორი წლის მერი ელენი სკორმა ნიუ-იორკის საქველმოქმედო დეპარტამენტს გადასცა.

ცოლ-ქმარ თომას და მერი მაკკორმაკებს სიღარიბით გამოწვეული დაავადებების გამო სამი შვილი დაეღუპათ. მაკკორმაკი ამბობდა, რომ შვილები სხვა ქალისგანაც ჰყავდა. 1866 წლის 2 იანვარს მაკკორმაკები საქველმოქმედო დეპარტამენტში გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ მერი ელენი თომას მაკკორმაკის ქალიშვილი იყო. დეპარტამენტმა მერი ელენი მაკკორმაკებს მიაბარა. ბავშვის წაყვანისას თომას მაკკორმაკმა "დროებითი მეურვეობის" ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მაკკორმაკებს ბავშვის მდგომარეობის შესახებ უწყებისათვის ანგარიში ყოველწლიურად უნდა წარედგინათ, თუმცა ეს მერი ელენის მათთან ყოფნისას მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მოხდა.

გოგონაზე მეურვეობის მოპოვებიდან მალევე თომას მაკკორმაკი გარდაიცვალა. მერი კი ფრენსის კონოლს გაჰყვა ცოლად.

კონოლები და მერი ელენი ახალ ბინაში გადავიდნენ. სწორედ ამ მისამართზე შეიტყვეს მეზობლებმა პატარა მერი ელენისადმი ცუდი მოპყრობის შესახებ. მიმღები დედა მას მძიმე შრომას აიძულებდა. იგი ბავშვს სისტემატურად სცემდა, სხეულს უწვავდა, ჭრილობებს აყენებდა და კარადაში კეტავდა. როდესაც კონოლები ახალ მისამართზე გადავიდნენ, მათ ერთ-ერთმა შეწუხებულმა მეზობელმა ეტა ანჯელ უილერს მიმართა. ეტა იმ ტერიტორიაზე მომუშავე მეთოდისტი მისიონერი იყო. მან ბავშვის ამბის შემოწმება გადაწყვიტა. კონოლის ახალი მეზობლის, ქრონიკულად დაავადებული და ლოგინად ჩავარდნილი მერი სმიტის მოვლაში დახმარების თხოვნის საბაბით, ეტამ კონოლების ბინაში შეაღწია. მას მერი ელენის მდგომარეობის საკუთარი თვალით ნახვა სურდა. როდესაც მის უილერმა მერი ელენის სხეულზე სასტიკი ფიზიკური ძალადობის, შიმშილისა და უყურადღებობის კვალი იხილა - მაგალითად, ბავშვი ზამთარში ფეხშიშველი შენიშნეს - ეტამ ძალადობის აღსაკვეთად და გოგონას დასაცავად სამართლებრივი გზების ძიება დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოქმედი კანონების აღსრულებაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ მან ცხოველთა უფლებადამცველს და "ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის ამერიკული საზოგადოების" დამფუძნებელს, ჰენრი ბერგს მიმართა. მეზობლების ჩვენებების დახმარებით, უილერმა და ბერგმა მერი ელენი კონოლების სახლიდან სპეციალური სასამართლო ორდერით წაიყვანეს, ხოლო მერი კონოლი პასუხისგებაში მიეცა.

eta-enjel-1785128611.jpg
ეტა ენჯელ უილერი

"ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის ამერიკული საზოგადოების" წარმომადგენელმა, ელბრიჯ თომას ჯერიმ, ბავშვის საქმე 1874 წელს ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შეიტანა. სასამართლო პროცესის დროს მერი ელენი ათი წლის იყო.

შვილობილ მერი ელენ უილსონზე მიმღები მშობლების მხრიდან განხორციელებული განზრახი სასტიკი მოპყრობა და შეზღუდვები მოიცავდა შემდეგს:

შოლტით სისტემატურ და სასტიკ ცემას; სხეულის დამწვრობებს; მაკრატლით ჭრილობების მიყენებას; არასაკმარის კვებას; იატაკზე ძილის იძულებას; ცივ ამინდში თბილი ტანსაცმლის არქონას; ბნელ, ჩაკეტილ ოთახში ხშირად მარტო დატოვებას; გარეთ გასვლის აკრძალვას (საკუთარ ეზოში, მხოლოდ ღამით გასვლის უფლების გარდა); მძიმე ფიზიკურ შრომას.

1874 წლის 9 აპრილს, 10 წლის მერი ელენმა განცდილი ძალადობის შესახებ სასამართლოში ჩვენება მისცა:

henri-1785128378.jpg
ჰენრი ბერგი

"მამაც და დედაც გარდაცვლილი მყავს. არ ვიცი, რამდენი წლის ვარ. არ მახსოვს დრო, კონოლებთან რომ არ ვცხოვრობდი. დედა თითქმის ყოველდღე მცემდა. იგი დაგრეხილი შოლტით - როზგით მირტყამდა. შოლტი სხეულზე ყოველთვის ლურჯ-შავ ლაქებს მიტოვებდა. დედის მიერ მიყენებული შავ-ლურჯი ნაჭრილობევები თავზე ახლაც მაქვს, ასევე მაკრატლით მიყენებული ჭრილობა შუბლის მარცხენა მხარეს. მან მაკრატელი ჩამარტყა და გამჭრა. დედას ჩემთვის არასოდეს უკოცნია. მას კალთაში არასოდეს დავუსვივარ, არ მომფერებია. ვერავისთან დალაპარაკებას ვერ ვბედავდი, რადგან ასეთ შემთხვევაში მცემდნენ. არ ვიცი, რისთვის მცემდნენ - ცემისას დედა არაფერს მეუბნებოდა. დედასთან საცხოვრებლად დაბრუნება არ მინდა, რადგან იგი ძალიან მცემს.”

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ქალბატონი კონოლი ცემასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლემ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წელს "ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის ნიუ-იორკის საზოგადოება" დაარსდა. ეს თავის სფეროში პირველი ორგანიზაცია იყო.

მერი კონოლის გასამართლების შემდეგ, მერი ელენი თავდაპირველად არასრულწლოვანთა თავშესაფარში მოათავსეს. მოგვიანებით ეტა უილერმა და მისმა ნათესავებმა მასზე მეურვეობა წარმატებით მოიპოვეს. უილერი მოგვიანებით წერდა:

"ჩვილივით, მიწაზე სიარულის სწავლა მოუწია - მას მხოლოდ იატაკი ენახა და თვალი უსწორმასწორო ზედაპირებს ვერ აღიქვამდა."

1888 წელს, 24 წლის ასაკში, მერი ელენი სამი შვილის ქვრივზე, ლუის შუტზე დაქორწინდა. მათ ორი ქალიშვილი - ეტა (რომელსაც სახელი მერი ელენის გადამრჩენი ქალის პატივსაცემად დაარქვეს) და ფლორენსი შეეძინათ. წყვილმა ასევე იშვილა ობოლი გოგონა, სახელად იუნისი.

მერი ელენმა 92 წლამდე იცოცხლა და 1956 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა.

გოგონა, რომელსაც დედამ ბავშვობა დაუმახინჯა და მცირეწლოვან სექს-მოდელად აქცია - ევა იონესკოს ნამდვილი ამბავი
გოგონა, რომელიც მამამ და დედინაცვალმა ცემით მოკლეს - ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო შეძრა