2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთად საბაკალავრო პროგრამებზე 27,204 ადგილი იყო გამოცხადებული. 2026-2027 სასწავლო წლისთვის ეს რიცხვი 21,574 ადგილამდე შემცირდა.
ეს ნიშნავს, რომ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტები 5,630-ით ნაკლებ სტუდენტს მიიღებენ, ვიდრე შარშან. პროცენტულად ადგილების საერთო რაოდენობა 20.7%-ით შემცირდა.
უნივერსიტეტების მიხედვით ვითარება რადიკალურად განსხვავებულია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. 2025 წლის 6,928 ადგილიდან 2026 წელს კვოტა 6,825-მდე შემცირდა, რაც სულ რაღაც 103 ადგილის, ანუ 1.5%-იან კლებას ნიშნავს. თსუ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და წელსაც ქვეყნის უმსხვილეს მიმღებ უნივერსიტეტად რჩება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (გეპეი) შემცირება შედარებით ზომიერია. 2025 წელს გამოცხადებული 4,166 ადგილიდან წელს 3,895 ადგილი დარჩა. კლებამ 271 ადგილი შეადგინა, რაც 6.5%-იან შემცირებას უტოლდება.
ყველაზე დიდი დარტყმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო. 2025 წელს ილიაუნის 4,207-იანი კვოტა ჰქონდა, 2026 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 300 ადგილამდე შემცირდა. კლებამ 3,907 ადგილი შეადგინა, რაც 93%-იან შემცირებას წარმოადგენს. ილიაუნიში მისაღები ადგილების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 14-ჯერ ნაკლებია.
საინტერესოა ისიც, 2026-2027 სასწავლო წლიდან "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპი ამოქმედდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში კონკრეტული საბაკალავრო პროგრამა მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება.
მაგალითად, 2025 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფსიქოლოგიაზე ჯამში 715 ადგილი გამოდიოდა. წელს მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან თბილისში მხოლოდ თსუ-შია და 150 ადგილია. სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე კი 2025 წელს ჯამში, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, 1500 ადგილი იყო, წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1130 ადგილია.
აღსანიშნავია, რომ მონაცემები "2026-2027 სასწავლო წლისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის განახლებულ დადგენილებასა და აბიტურიენტთა 2025 წლის ცნობარს ეყრდნობა.
ვრცლად მონაცემები შეგიძლიათ, აბიტურიენტთა 2026 წლის და ასევე, 2025 წლის ცნობარში მოიძიოთ და თქვენთვის სასურველი მიმართულებები შეადაროთ.