კეფირში დაბერების საწინააღმდეგო და იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბაქტერიები აღმოაჩინეს - იაპონელები ამ ბაქტერიით ახალი ტიპის დანამატებს შექმნიან - მშობლები

კეფირში დაბერების საწინააღმდეგო და იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბაქტერიები აღმოაჩინეს - იაპონელები ამ ბაქტერიით ახალი ტიპის დანამატებს შექმნიან

2026-07-28 09:51:35+04:00

იაპონელმა მეცნიერებმა კეფირის სასარგებლო თვისებების კვლევისას საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათი კვლევის მიხედვით, კეფირში არსებული ერთ-ერთი ბაქტერია, სპეციალური თერმული დამუშავების შემდეგ, შესაძლოა იმუნური სისტემის ასაკობრივი დასუსტების შენელებას და ნაწილობრივ განახლებასაც კი უწყობდეს ხელს.

მეცნიერების ყურადღება მიიპყრო ბაქტერიამ Lactobacillus kefiri YRC2606, რომელიც ჩვეულებრივი კეფირიდან გამოყვეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თერმულად დამუშავებულ ამ ბაქტერიას ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შემცირების პოტენციალი აქვს.

ჰიპოთეზის გადასამოწმებლად იაპონელმა ბიოლოგებმა ექსპერიმენტი ხანდაზმულ თაგვებზე ჩაატარეს. ცხოველები რვა კვირის განმავლობაში იღებდნენ თერმულად ინაქტივირებულ ბაქტერიულ შტამს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საცდელი ცხოველების ორგანიზმში შემცირდა დაბერებასთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი ცილის — p16-ისა და p21-ის — აქტივობა. სწორედ ეს ცილები აფერხებს უჯრედების გაყოფას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დაბერების პროცესში.

მეცნიერებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც დააფიქსირეს — შემცირდა ქრონიკული ანთების ნიშნები. კერძოდ, უჯრედები ნაკლებ რაოდენობით გამოიმუშავებდნენ ანთების გამომწვევ მოლეკულებს IL-6-სა და TNF-α-ს.

გარდა ამისა, ექსპერიმენტში მონაწილე თაგვებში ასაკობრივი ცვლილებები ნაკლებად გამოხატული აღმოჩნდა როგორც მკერდუკანა ჯირკვალში, რომელიც იმუნური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, ასევე ღვიძლშიც. ეს მაჩვენებლები უკეთესი იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

კვლევის ავტორების აზრით, თერმულად დამუშავებული ეს პრობიოტიკი უსაფრთხოდ შეიძლება დაემატოს როგორც საკვებ პროდუქტებს, ისე ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს (ბადებს), რადგან დამუშავების შემდეგ ის სტაბილურ და უსაფრთხო ინგრედიენტად რჩება.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენის საფუძველზე მომავალში შესაძლებელი გახდება ხანდაზმული ადამიანებისთვის სპეციალური ფუნქციური საკვების შექმნა, რომელიც იმუნური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

თუმცა მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე კვლევა მხოლოდ ცხოველებზეა ჩატარებული. იმის დასადასტურებლად, ექნება თუ არა მსგავსი ეფექტი ადამიანებშიც, დამატებითი კლინიკური კვლევებია საჭირო.

კეფირის სასწაულმოქმედი 7-დღიანი დიეტა – მკაცრი, მაგრამ ეფექტური
სწრაფად მოსამზადებელი კეფირის ოლადები