მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ბოლო წლებია, მშობლიურ სოფელში ცხოვრობს ძირითადად. იქ აიშენა პატარა სახლი, მამაპაპისეულ მიწაზე, მოაწყო ბაღი და ამბობს, რომ სიმშვიდე და ბედნიერება იპოვა. სწორედ იქ უმასპინძლა გვანცა დარასელიას პოდკასტს და ისაუბრა სოფელში დაბრუნებაზე, ცხოვრებაზე საზღვართან ახლოს, ბავშვობაზე და ა.შ. განსაკუთრებით ემოციური იყო საუბარი პაპაზე, რომელსაც გიორგის გამომწერებიც კარგად იცნობენ.
- მე არც წავსულვარ აქედან იმ გაგებით, რომ დასაბრუნებელი ვყოფილიყავი. აქ კომუნიკაცია არასდროს გამიწყვეტია. ჩემი მოხუცები აქ ცხოვრობდნენ. 2018-ში ბებო გარდაიცვალა და მერე, ყოველ ორ დღეში, პაპასთან ჩამოვდიოდი. 2018 წლიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ჩამოვდიოდი. თუ მე არ ვიყავი საქართველოში, ვინმე მაინც ჩამოდიოდა. პაპაჩემს ტელეფონი არ ჰქონდა, ვერ იყენებდა, ამიტომ სულ გზას უყურებდა — იცოდა, რომ მოვდიოდი, მელოდებოდა...
ეს ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ სულ უნდა ჩამოვსულიყავი...
პაპაჩემის სიცოცხლეში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ერთად. დავრგეთ სამი მუხა, სამი ნეკერჩხალი. პირველი ხეც მას გავასხვლევინე, როცა ჯერ კიდევ პატარა იყო. მინდოდა, ერთად დაგვეწყო რაღაც, რადგან პაპაჩემი უკვე ასაკში იყო და მინდოდა...ხშირად ამბობენ, „ვერ ჩავალ იქ, რადგან ისინი აღარ არიან.“ მე კი მინდოდა, ჩემი დაწყებული მქონოდა — რაღაც, რაზეც პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი. თუ სურვილი გაქვს, საკუთარ მიწაზე შრომით სიამოვნებასაც იღებ.
აქ ყველაფერი ნაცნობია, ყველაფერს ვიცნობ. იქით მხარეს პაპაჩემის გამოთლილი სარები ჯერ კიდევ მაქვს და დღესაც ვიყენებ ხეების გასამაგრებლად. ეს თანამონაწილეობა, ეს კავშირი პაპაჩემთან, მუდმივად გრძელდება და, ალბათ, ასე იქნება ყოველთვის, რადგან ყველაფერი მათ მახსენებს.რეალურად, ამაზე დგას ჩვენი ცხოვრებაც...
პაპაჩემთან რომ ყოველ მეორე დღეს ჩამოვდიოდი, მაშინ ჯერ ვიდეოების გადაღება არ მქონდა დაწყებული. შემთხვევით რაღაც სხვას ვიღებდი, პაპაჩემი მოხვდა კადრში და ხალხს ძალიან გაუხარდა. მერე სულ ითხოვდნენ: „კიდევ გადაიღე, კიდევ.“ოღონდ პაპაჩემს ყოველთვის ვაფრთხილებდი. ხშირად ლაივშიც გავდიოდი. ლაივი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმ წუთში ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს — კომენტარებს გიწერენ...
პაპა უკვე ვეღარ იპარსავდა წვერს. მე ვპარსავდი, თავს ვბანდი და ეს ყველაფერი კადრებშიც ჩანდა. ზოგი ამბობდა, თითქოს განსაკუთრებულ საქმეს ვაკეთებდი. მე კი სულ ვეუბნებოდი: „ხალხო, ოჯახის წევრია. მის ხელში გავიზარდე. ამაში განსაკუთრებული არაფერია.“ეს ის ადამიანია, ვის გვერდითაც მეძინა, ვინც ზღაპრებს მიყვებოდა, ვისთან ერთადაც ათას რამეს ვაკეთებდი. უცებ ის კაცი დაუძლურდა, ასაკი მოემატა... ერთ დღეს თვითონ მითხრა, რომ წვერს ვეღარ იპარსავდა, რადგან ვეღარ ხედავდა, და თუ შემეძლო, დავხმარებოდი.ეს ჩემთვის ძალიან მძიმე დღე იყო. იმ წამს თითქოს მივხვდი, რომ განშორება ახლოვდებოდა. ძალიან ვინერვიულე. მერე გავპარსე წვერი. შემდეგშიც ბევრჯერ გავპარსე და უკვე უფრო მხიარულად ვატარებდით ამ დროს, რადგან ამაზე ხშირად ვხალისობდით.
მაგრამ ერთ რამეს გვიან მივხვდი — დრო დავკარგე. სულ ამას ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ძალიან ბევრი წელი გავატარე და ძალიან ახლოს ვიყავი, მაინც მგონია, რომ მეტი დრო უნდა გამეტარებინა. როცა უკვე ვხვდებოდი, რომ რაღაც ეტაპი სრულდებოდა და ისინი წავიდოდნენ, მაშინ მქონდა ყველაზე დიდი სინანული — მეტი უნდა გამეკეთებინა და ვერ შევძელი.