ბავშვის ყოველდღიურობა რამდენიმე ნაწილად იყოფა: გზა სახლიდან სკოლამდე, ეზოში გატარებული დრო, სეირნობა მეზობლებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, თამაშის მოკლე და ხანგრძლივი ეპიზოდები სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ა.შ. სწორედ ამ თითქოს ჩვეულებრივ, განმეორებად მომენტებში ყალიბდება ის გარემო, რომელშიც ბავშვი რეალურად ცხოვრობს და ვითარდება. ეს არის ყოველდღიური გამოცდილებების ჯაჭვი, რომელიც მის აღქმებსა და ქცევებს ეტაპობრივად განსაზღვრავს.
გარემო, სადაც ეს ყოველდღიური ეპიზოდები ვითარდება, პირდაპირ აისახება ბავშვის განვითარების სოციალურ, ფიზიკურ და საგანმანათლებლო ასპექტებზე. სოციალური თვალსაზრისით, საცხოვრებელი არეალი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენ თანატოლთან აქვს ბავშვს რეგულარული კონტაქტი და რამდენად ბუნებრივად ყალიბდება მისი სამეგობრო წრე. ფიზიკური მხარე უკავშირდება უსაფრთხოებასა და თავისუფლებას - რამდენად მარტივად და დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება ეზოში, ქუჩასა თუ მიმდებარე ტერიტორიაზე. საგანმანათლებლო ნაწილი კი ხშირად ყოველდღიურ რუტინაზე გადის: რამდენად მოსახერხებელია გზა სკოლამდე ან ბაღამდე და როგორ აისახება ეს ბავშვის დღის რიტმზე.
სოციალური კუთხით ბავშვის განვითარება უშუალოდ უკავშირდება იმას, თუ რამდენად ხშირად და ბუნებრივად აქვს მას თანატოლებთან კონტაქტი. როდესაც საცხოვრებელი სივრცე ან ეზო სხვა ბავშვებითაა სავსე, თამაშისა და ურთიერთობის არეალი თავისთავად იქმნება: მოზარდი სწავლობს გაზიარებას, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და ჯგუფში ადაპტირებას, ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც გარემო იზოლირებულია, სოციალური უნარების განვითარება მთლიანად დამოკიდებული ხდება სხვადასხვა წრეზე, რაც, გარკვეულწილად, სოციალიზაციას ფორმალურ, ნაკლებად სპონტანურ სახეს აძლევს.
ამასთან, უსაფრთხოების განცდაც ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს, რამდენად თავისუფლად იქცევა ბავშვი საკუთარ გარემოში. როცა ეზო ან მიმდებარე სივრცე მანქანების მოძრაობისგან იზოლირებული და კონტროლირებადია, ბავშვი უფრო თამამად გადის გარეთ და დამოუკიდებლად თამაშსაც უფრო მარტივად სწავლობს. ეს გამოცდილება დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობისა და საკუთარი ქცევის გაცნობიერების საფუძველს ქმნის.
თუ ასეთი პირობები არ არსებობს, მშობელი ხშირად იძულებულია მუდმივად აკონტროლოს ბავშვის მოძრაობა, რაც ბუნებრივად ზღუდავს მის დამოუკიდებლობას. შედეგად, ბავშვი ნაკლებად იღებს იმ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებებს, რომლებიც სივრცეში თავისუფლად ორიენტირებას და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება.
ემოციური სტაბილურობა კი შესაძლოა, ნაკლებად შესამჩნევ, თუმცა ყველაზე ღრმა გავლენის მქონე ფაქტორად მივიჩნიოთ. ბავშვი, რომელიც იზრდება მშვიდ სივრცეში, გაცილებით უფრო მედეგია სტრესის მიმართ. ცხოვრების დაბალანსებული რიტმი და მყუდრო გარემო მას აძლევს საშუალებას, ენერგია სრულად საკუთარ განვითარებაზე დახარჯოს. ამის საპირისპიროდ, ქაოსური, ხმაურიანი ან არასტაბილური გარემო ბავშვში ზოგჯერ შფოთვის განცდას აჩენს, რომელიც ხშირად უხილავად, თუმცა მუდმივად თან სდევს მის ყოველდღიურობას.
უძრავი ქონების არჩევისას მშობლების მოთხოვნებში ბოლო დროს სულ უფრო მეტად ჩნდება ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც მხოლოდ ბინას არ ეხება. დღეს უკვე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის გარემოც, რომელსაც კონკრეტული საცხოვრებელი უბნები გვთავაზობს: სკვერი, სათამაშო მოედანი, უსაფრთხო ეზო, სკოლები და ბაღები თბილისში, კომფორტული ინფრასტრუქტურა ფეხით მოსიარულეთათვის და სხვ. პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რამდენად შესაფერისია ესა თუ ის უბანი ან კომპლექსი ბავშვიანი ოჯახისთვის.
ამ ცვლილების ფონზე დეველოპერულ პროექტებშიც გაჩნდა უფრო მკაფიო აქცენტი გარემოზე. მაგალითად, პრემიუმკლასის საცხოვრებელი კომპლექსი ხშირად ისე იგეგმება, რომ საცხოვრებელი ზონა მაქსიმალურად იყოს გამიჯნული საავტომობილო მოძრაობისგან - ეს კი ქმნის გარემოს, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად თამაშობს და სადაც მშობელს აქვს განცდა, რომ ამ სივრცეში რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.
ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გარემოს ხარისხიც. ხმაურის დონე, ჰაერის სისუფთავე და მწვანე სივრცეების არსებობა პირდაპირ არ აისახება ბავშვის ყოველდღიურ ქცევაში, თუმცა გრძელვადიან პერიოდში გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე, ყურადღების კონცენტრაციასა და ზოგად კეთილდღეობაზე. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ მშობლები საცხოვრებლის შერჩევისას მთელ ურბანულ გარემოს აკვირდებიან.
ლოკაციის არჩევისას მშობლების უმეტესობა პირველ რიგში სკოლისა და საბავშვო ბაღის სიახლოვეს აქცევს ყურადღებას - რამდენად მარტივია ყოველდღიური გადაადგილება და რამდენი დრო სჭირდება ბავშვს გზაში. თბილისში საგანმანათლებლო დაწესებულებები არათანაბრად არის განაწილებული, რის გამოც ერთ უბანში არჩევანი გაცილებით ფართოა, ვიდრე მეორეში. ეს თითქოს ტექნიკური დეტალი რეალურად ყოველდღიურ რეჟიმს აყალიბებს: მოკლე და მშვიდი გზა, ცხადია, დილას ნაკლებ დაძაბულობას და ნაკლებ სტრესს ნიშნავს.
ამ კონტექსტში ხშირად მოჰყავთ ორთაჭალის მაგალითიც, სადაც ბოლო წლებში საცხოვრებელი გარემო აქტიურად ვითარდება. ბინის ყიდვა ორთაჭალაში ბევრი ახალგაზრდა ოჯახისთვის უკვე დიდი ხანია პრაქტიკული არჩევანი გახდა, რადგან ეს უბანი საკმაოდ ახლოსაა ქალაქის ცენტრთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა ლოკაციებისგან განსხვავებით, მაცხოვრებლებს შედარებით მშვიდ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს.
პირველი ნაბიჯი, როგორც წესი, ოჯახში პრიორიტეტების დალაგებაა - რა არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი: სკოლისა და ბაღის სიახლოვე, უსაფრთხო და დახურული ეზო, მწვანე სივრცე, თანატოლებთან ყოველდღიური კონტაქტის შესაძლებლობა თუ ეს ყველაფერი ერთად. მაგალითად, როცა ორივე მშობელი დღის განმავლობაში დასაქმებულია, სკოლასთან სიახლოვე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მაშინ როცა მოქნილი გრაფიკის მქონე ოჯახისთვის მეტი მნიშვნელობა ეზოსა და მწვანე სივრცის ხარისხს ენიჭება.
მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივის შეფასებაც. ბავშვი სწრაფად იცვლება და ის, რაც კომფორტულია ადრეულ ასაკში, შეიძლება არასაკმარისი გახდეს რამდენიმე წელიწადში. ამიტომ გარემოს შერჩევისას, საჭიროა იმის განჭვრეტაც, როგორ ვითარდება უბანი, რამდენად ფართოა საგანმანათლებლო და სოციალური შესაძლებლობები და შეძლებს თუ არა ეს სივრცე ბავშვის ზრდასთან ერთად ადაპტაციას.
R