"ჩემი მშობლები ძალიან ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ მე აქამდე მოვსულიყავი. ამიტომ, ეს დიდ მოტივაციას მაძლევდა" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ისტორიაში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლეს - მშობლები

"ჩემი მშობლები ძალიან ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ მე აქამდე მოვსულიყავი. ამიტომ, ეს დიდ მოტივაციას მაძლევდა" - რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულში, მათემატიკასა და ისტორიაში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლეს

2026-07-29 13:08:19+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ტრადიციულად, წელსაც გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც სხვადასხვა საგანში მაქსიმალური შეფასების მიღება შეძლეს.

მარიამ ლომიძემ ზესტაფონის №5 საჯარო სკოლა დაასრულა და სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით აპირებს. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლო, უმაღლესი შეფასება აქვს ისტორიაშიც - 58 ქულა 60-დან. მარიამი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

abiturienti-2-1785316136.jpg

- ჩემი მშობლები ძალიან ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ მე აქამდე მოვსულიყავი. ამიტომ, ეს დიდ მოტივაციას მაძლევდა. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ელისო ბერაძემ უდიდესი შრომა ჩადო ჩემს განვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩემმა შრომამაც დიდი როლი შეასრულა. ​სხვათა შორის, ძალიან ბევრ კლასგარეშე წიგნს ვკითხულობდი, მათ შორის, ქართველ ავტორებსაც, მაგალითად, ჯემალ ქარჩხაძეს. ასევე, ცალკე ამოწერილი მქონდა ფრაზები, რომლებსაც ხშირად გადავავლებდი ხოლმე თვალს. სოციალურ ქსელებშიც ვაკვირდებოდი მიმდინარე მოვლენებს, რადგან ქართულ ენასა და ლიტერატურას რომ აბარებ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი კრიტერიუმი თანამედროვეობის კარგად განხილვაა.

​მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი: თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ, მაგრამ მთავარია, არ დანებდნენ, სირთულეებს არ შეუშინდნენ და საკუთარი ოცნებებისთვის იშრომონ. ​მთელი წლის განმავლობაში ოჯახი, მასწავლებელი და მეგობრები მამხნევებდნენ. ზოგადად, ძალიან ვნერვიულობდი და მეშინოდა, მაგრამ სულ მამშვიდებდნენ, რომ ამას შევძლებდი და, რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემთან იქნებოდნენ. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო. როცა ვფიქრობდი, რომ შეიძლება დავნებებულიყავი, ეს ძალას მაძლევდა, რომ გზა გამეგრძელებინა.

ისტორია ზოგადად ძალიან მიყვარს, ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია. აქაც იმავეს ვიტყოდი - მონდომება და მონდომება. ისტორიის სწავლის პროცესი ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ როცა მიზანი გაქვს დასახული, არაფერია შეუძლებელი. დიდ მადლობას გადავუხდიდი ჩემს მასწავლებელს, ხათუნა ჩიტორელიძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში.

ნიკა კორტავამ კერძო სკოლა "ოპიზა" დაამთავრა. მან მათემატიკაში მაქსიმალური, 51 ქულის მიღება შეძლო. სწავლის გაგრძელებას აგრარულ უნივერსიტეტში, სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით აპირებს. მომავალ აბიტურიენტებს კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

abiturienti-3-1785316191.jpg

- უმაღლესი შეფასების მიღებაში, პირველ რიგში, ის დამეხმარა, რომ მასწავლებელთან ყველა კითხვას ბოლომდე ვამუშავებდი. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შესაბამისი გგონიათ კითხვა, უშეცდომო არავინაა. რაშიც კი ეჭვი გვეპარება, ყველაფერი უნდა ამოვწუროთ, რადგან გამოცდაზე შეიძლება, ზუსტად ის საკითხი მოვიდეს და მერე იმას, თუ რამდენად წვრილმანი იყო ეს თემა, აღარავინ იკითხავს. ასევე, იმ საკითხებში, რომლებშიც შედარებით სუსტები ვართ, კლასგარეშე მეცადინეობაა საჭირო. თავისუფალ დროს მე პირადად დამატებით ამოცანებს ვაკეთებდი, რადგან ეს არა მხოლოდ ტვინს ავარჯიშებს, არამედ იმ თემებსაც ამყარებს, რომლებშიც თავდაჯერებულობა გვაკლია.

მათემატიკაში იმ ამოცანებზე ბევრი მუშაობა, რომლებიც თავიდან ურთულესი გგონია, პროცესს ამარტივებს. როდესაც პირობას ხედავ, ზუსტად იცი, ამოხსნა საით წაიყვანო. ბევრი ვარჯიშის შედეგად ამოცანის ტიპები აუცილებლად მეორდება და ერთი და იგივე შინაარსის საკითხები მსგავს მიდგომებს მოითხოვს. შრომის გარდა, ჩემი მოტივაცია მათემატიკისადმი დიდი სიყვარულიც იყო. წელს მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ საგანში საუკეთესო შედეგის დადება გახლდათ. ამასთანავე, მეგობრული კონკურენციაც ძალიან მეხმარებოდა. ტესტში, რაც მე შემეშლებოდა და ჩემს მეგობრებს სწორად ჰქონდათ, დიდი სტიმული იყო, რომ შემდეგში უკეთესი შედეგი მეჩვენებინა.

ამ წლების განმავლობაში უდიდესი როლი მშობლებმაც შეასრულეს. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, ყველაფერში მეხმარებოდნენ. ასევე, ჩემმა უსაყვარლესმა მასწავლებელმა, მაკა დევდარიანმა, თავისი პროფესიონალიზმითა და სწავლების მეთოდით ეს საგანი კიდევ ერთხელ შემაყვარა. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ დროის მენეჯმენტს მიაქციონ ყურადღება. საგამოცდო ოთახში დროს როგორ გადავანაწილებთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია. შეიძლება, ყველა ამოცანის ამოხსნა იცოდე, მაგრამ დრო არასწორად გაანაწილო მნიშვნელოვან საკითხებს საკმარისი ყურადღება ვერ დაუთმო და სასურველზე დაბალი ქულა მიიღო. ამიტომ დროის სწორი განაწილება და თითოეული კითხვის დეტალურად წაკითხვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ერთმა სიტყვამაც კი შეიძლება ამოცანის შინაარსი სრულიად შეცვალოს.

ლიზა ჯანელიძემ ​ქუთაისის პასილოკის №15 საჯარო სკოლა დაამთავრა, სწავლის გაგრძელებას კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით აპირებს. მან ისტორიაში მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი 50 ქულა 60-დან.

6939bd67-8ae8-45c3-b75d-50e54bfbd486-1785316212.jpg

- ისტორიის შესწავლა მე-5 კლასიდან დავიწყე. ამ საგანს ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლის მასწავლებელი მამეცადინებდა – არც ერთი გაკვეთილი არ გამიცდენია. მე-12 კლასში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აღარ მასწავლიდა, ჩემივე სურვილით გადავწყვიტე, რომ კვლავ მასთან, ქუთაისის მენტორ მასწავლებელთან, ნათია კალანდაძესთან, მოვმზადებულიყავი. ​ისტორიას არასდროს ვუყურებდი, როგორც უბრალოდ საგანს. ძალიან მაინტერესებდა თითოეული მეფე, მოვლენა, მიზეზი და შედეგი. ეს ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ ფსიქოლოგიაზე ვაბარებ და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოვლენებსა თუ ადამიანების ფსიქოტიპებს. ვსწავლობდი თვითონ მეფეთა ფსიქოტიპებს, შემდეგ კი მათი ქმედებებითა და შედეგებით ვინტერესდებოდი.

ასევე, ვაკეთებდი პატარა ჩანახატებს - რადგან ხატვა გამომდის, თვითონ მეფეებს ვხატავდი, შემდეგ მათზე ინფორმაციასა და თემებს ვწერდი. მნიშვნელოვან ინფორმაციასა და თარიღებს ოთახშიც ვაკრავდი, რამაც მაქსიმალური ქულის მიღებაში ხელი შემიწყო. ​

დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი როგორც ოჯახის, ისე მასწავლებლის მხრიდან. მასწავლებელს თავიდანვე სჯეროდა ჩემი. ქუთაისში საუკეთესო, მენტორი მასწავლებელი მყავდა და ესეც გადამწყვეტი აღმოჩნდა. იგი თავისი წიგნებით მასწავლიდა, თვითონ ქმნიდა ამ სახელმძღვანელოებს, აქსეროქსებდა, ბევრს შრომობდა და ღამეებს ათენებდა.

​ქართულში რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი. აბიტურიენტობისას ვიცოდი, რომ ქართულს თავს დამოუკიდებლად გავართმევდი. ეს ფინანსურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული, რის გამოც გადავწყვიტე, ორ საგანში მომზადებულიყავი, ქართული კი თავად მომემზადებინა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელსაც, ნინო ხარატიშვილსაც, დიდი როლი აქვს ამ პროცესში. როდესაც ჩემი თემები მასთან შესამოწმებლად მივიტანე, მითხრა, რომ ძალიან კარგად ვწერდი.

შევიძინე ყველა საჭირო პროგრამული წიგნი, ღამეებს ვათენებდი, ხოლო რაც არ მქონდა, PDF ვერსიებს ინტერნეტში ვეძებდი. ვკითხულობდი სხვების თემებსაც. ერთი წლის განმავლობაში ჩემი ხელით ვწერდი პროგრამული საკითხების შინაარსებს, ვკითხულობდი მათ და გამოცდაზე შესვლამდე ერთი საათით ადრე ყველაფერს ვიმეორებდი. ​მომავალ აბიტურიენტებს ურჩევდი, რომ არ ინერვიულონ. ქართულის გამოცდაზე, რადგან პირველი იყო და თან დამოუკიდებლად ვემზადებოდი, ვინერვიულე, რის გამოც ათი ქულა დამაკლდა და ისეთი მინიმალური შეცდომები დავუშვი, რაც ვიცოდი. ეს გამოცდილება შემდგომ გამოცდებზე გავითვალისწინე - მაქსიმალური მობილიზებითა და სიმშვიდით შევედი, რამაც შედეგი გამოიღო და შეცდომები აღარ დამიშვია.

აბიტურიენტებს ვეტყოდი, ​ისტორიას, ქართულსა თუ ინგლისურს ნუ მიუდგებიან, როგორც მხოლოდ საგანს, სასჯელს ან აუცილებლად ჩასაბარებელ პირობას. ეს საგნები მომავალშიც გამოადგებათ და ისეთ ცოდნას იძლევა, რაც თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს. საქმეს თუ გულდასმით მიუდგებიან, შრომა აუცილებლად გაამართლებს.

თამარ იაკობაშვილი