საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის საერთაშორისო წარმატება – ორი ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე - მშობლები

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის საერთაშორისო წარმატება – ორი ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე

2026-07-29 16:29:11+04:00

საქართველოს დროშა ამჯერად ლიტვაში, ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე (EJOI 2026) აფრიალდა. საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

EJOI 2026-ზე საქართველოს ნაკრები საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების წევრებმა რიჩარდ ბარბაქაძემ და დიმიტრი შენგელიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დიმიტრი შენგელია პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეა. რიჩარდ ბარბაქაძე კი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა და ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ სწავლობს.

წლევანდელი წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში წელს პირველად განხორციელდა EJOI-ს შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეების ცალკე რეგისტრაცია, საკვალიფიკაციო და შესარჩევი ტურების ორგანიზება და ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება. შერჩეულ მონაწილეებს, მათ შორის დიმიტრი შენგელიასა და რიჩარდ ბარბაქაძეს, ასევე ჩაუტარდათ 20-დღიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა.

EJOI 2026-ის მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადა 24–30 ივლისს, ლიტვის ქალაქ კაუნასში გაიმართა. ოლიმპიადაში 25-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ახალგაზრდა პროგრამისტი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ოთხი მოსწავლით იყო წარმოდგენილი. გუნდის ლიდერი იყო გიორგი მანდარია, ხოლო თანალიდერი – ბაქარ გამეზარდაშვილი.

საქართველოს სახელით ოლიმპიადაში ასევე მონაწილეობდნენ:

  • ნატალია პაპაშვილი – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლე;
  • გიორგი ციბაძე – სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ქუთაისის დაპროგრამების სკოლა „აიასოფტის“ (AiaSoft) მოსწავლე.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) 2017 წლიდან ტარდება და მასში ყოველწლიურად 25-30 ქვეყანა მონაწილეობს. 2020 და 2023 წლებში ოლიმპიადას საქართველომ უმასპინძლა.

EJOI განკუთვნილია 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის და წარმოადგენს მნიშვნელოვან მოსამზადებელ ეტაპს ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში, მათ შორის IOI-ში, მონაწილეობის წინ. ოლიმპიადა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ ალგორითმული აზროვნება, მონაცემთა სტრუქტურებთან მუშაობის უნარები, რთული ამოცანების ეფექტიანი გადაწყვეტის მეთოდები და საერთაშორისო გამოცდილება.

წლების განმავლობაში საქართველომ EJOI-ზე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დღევანდელი შედეგის ჩათვლით, ქვეყნის ანგარიშზეა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 22 ბრინჯაოს მედალი, ხოლო ქართველმა მოსწავლემ ნიკოლოზ ბირკაძემ ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ინფორმატიკის ოლიმპიადების ქართველი მონაწილეები დღეს წარმატებით სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის MIT-ში, Carnegie Mellon University-ში, Vanderbilt University-ში, NYU Abu Dhabi-ში, National University of Singapore-სა (NUS) და Constructor University-ში.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-ში თიბისი ბანკის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. პლატფორმა უზრუნველყოფს ტექნოლოგიური მიმართულების ეროვნული ნაკრებების შერჩევას, მომზადებასა და მხარდაჭერას ევროპის და მსოფლიოს ოლიმპიადებისთვის, ასევე ორგანიზებას უწევს ინფორმატიკაში სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადას (OLYINFO). ჰაბის მიზანია ტექნოლოგიურ სფეროში საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, ახალგაზრდა ტალანტების განვითარება და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო ოლიმპიადებზე.

პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ტექ ასოციაცია, Lineate, EPAM, დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ და „მაკდონალდს საქართველო“.

R