როგორ უნდა მოემზადოთ მხედველობის ლაზერული კორექციისთვის ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ - მშობლები

როგორ უნდა მოემზადოთ მხედველობის ლაზერული კორექციისთვის ისე, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ

2026-07-30 12:46:22+04:00

მხედველობის ლაზერული კორექცია მილიონობით ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამუდამოდ თქვას უარი სათვალესა და კონტაქტურ ლინზებზე. თუმცა, წარმატებული და უსაფრთხო შედეგის მთავარი საწინდარი არა მხოლოდ თავად ოპერაცია, არამედ სწორად დაგეგმილი წინასაოპერაციო მომზადებაა. რა ეტაპებს მოიცავს თვალის კვლევა ქირურგიულ ჩარევამდე, რა რისკებს გვაცილებს თავიდან დეტალური დიაგნოსტიკა და რა ტექნოლოგიურ უპირატესობებს სთავაზობს პაციენტებს „ნიუ ჰოსპიტალსი“? ამ თემებზე კლინიკის ექიმი-ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე გვესაუბრება.

- რა მთავარ ეტაპებს გადის პაციენტი ლაზერულ კორექციამდე და რატომ არის დიაგნოსტიკის პროცესი ასეთი კრიტიკული?

- ლაზერული კორექციისთვის პაციენტის მომზადება იწყება იმ წამიდან როდესაც მას უჩნდება სურვილი, მოიხსნას სათვალე ან კონტაქტური ლინზა.

წინასაოპერაციო კვლევების პირველი ეტაპია მოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობს კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში, მისი მოხსნას 2 კვირით ან მეტი პერიოდით, თვალის სიმშრალის მოგვარებასა და დაახლოებითი რეფრაქციული მანკის განსაზღვრას ლაზერულ კორექციასთან შესაბამისობაში.

ამის შემდეგ იგეგმება ძირითადი კვლევა. ეს გახლავთ რქოვანას ტომოგრაფია, რომელიც პირველი საშვია ლაზერულ კორექციაზე.

საბოლოო ეტაპი უკვე უშუალოდ წინასაოპერაციო კვლევაა, რომლითაც ინდივიდუალური საოპერაციო გეგმის შედგენა ხდება.

- კონკრეტულად რას იკვლევთ ტომოგრაფიის საშუალებით და როგორ ეხმარება ეს მონაცემები ექიმს, მიიღოს გადაწყვეტილება?

- ტომოგრაფიით ხდება რქოვანას სისქის, ფორმის და ინდივიდუალური თავისებურების შეფასება, რითაც განისაზღვრება ლაზერული კორექციის უსაფრთხოება, კონკრეტული პაციენტისთვის ზუსტი და საუკეთესო კორექცია. ასევე რეფრაქციული მანკისა და პაციენტის რქოვანას მონაცემების მიხედვით ხდება იმ ლაზერული ჩარევის სახის არჩევა, რომლითაც მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალური ინვაზიით.

- პრაქტიკაში თუ ხდება ისე, რომ დეტალური დიაგნოსტიკის შემდეგ თავდაპირველი გეგმა ან ოპერაციის მეთოდი შეიცვალოს?

- ჩვენს კლინიკაში პირველადი შეფასება იმდენად სტანდარტიზებული გვაქვს, რომ უმრავლეს შემთხვევაში წინასაოპერაციო კვლევებით არ ხდება დაგეგმილი მიმართულების შეცვლა. თუმცა, რა თქმა უნდა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც კვლევების საფუძველზე და ქირურგის ჩართულობით ვცვლით ჩარევის ტიპს პაციენტების სურვილის, ცხოვრების სტილისა და ინტერესების გათვალისწინებით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს არ ცვლის მისაღებ შედეგს.

- რა არის ის მთავარი გართულებები და საფრთხეები, რისგანაც პაციენტს სწორედ სიღრმისეული წინასაოპერაციო კვლევა იცავს?

- პირველი და მნიშვნელოვანი, რისგანაც წინასაოპერაციო კვლევების დროს თავს ვიზღვევთ ისაა, რომ ჯანმრთელ რქოვანას ზიანი არ მივაყენოთ. ამავდროულად, ყველაზე არასასურველი გართულების, ექტაზიის ალბათობა მინიმუმამდე დაგვყავს.

- რა უპირატესობებს სთავაზობს „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და სამედიცინო გამოცდილების კუთხით?

- ჩვენს კლინიკას ამ მიმართულებით იმდენი წლის გამოცდილება დაუგროვდა, რომ პირველსავე ვიზიტზე პაციენტის შერჩევა, ძირითად შემთხვევებში, მარტივად ხდება. ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსთან ერთად, გვაქვს შესაძლებლობა, პაციენტების შეფასება მოვახდინოთ რამდენიმე სახის ტომოგრაფით, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას გვაძლევს და ერთმანეთს ავსებს. ეს ყველაფერი კი ოპერაციის შედეგის სტაბილურობის გარანტი ხდება.

გარდა ამისა, ლაზერული აპარატების მრავალფეროვნებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვეხმარებით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, რადგან შეგვიძლია, აპარატის შესაძლებლობები უშუალოდ მოვარგოთ პაციენტის საჭიროებებს და არა - პირიქით.

R