ადამიანი ყველაზე ხშირად სწორედ საკუთარ თავს აკრიტიკებს. ზოგჯერ თვითკრიტიკა ნამდვილად გვეხმარება შეცდომების დანახვასა და განვითარებაში, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ის თვითდამცირებაში გადაიზრდება. ასეთ დროს ჩვენ საკუთარ თავს ვუმეორებთ ფრაზებს, რომლებიც ნელ-ნელა გვართმევს მოტივაციას, თავდაჯერებას და გვაჯერებს, თითქოს ცვლილებები შეუძლებელია.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ სიტყვები, რომლებსაც საკუთარ თავს ყოველდღიურად ვეუბნებით, გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე, გადაწყვეტილებებსა და საბოლოოდ – ცხოვრებაზეც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შევამჩნიოთ, რომელი ფრაზები გვაზიანებს ყველაზე მეტად.
სიტყვა „არასოდეს“ ადამიანს შესაძლებლობებს უზღუდავს. როდესაც საკუთარ თავს ეუბნებით: „ვერასოდეს დავიკლებ“, „ინგლისურს ვერასოდეს ვისწავლი“, „კარგ სამსახურს ვერასოდეს ვიპოვი“, თქვენ ჯერ კიდევ ცდის დაწყებამდე ამბობთ უარს.
ასეთი დამოკიდებულება მოტივაციას ანადგურებს. ადამიანი აღარ ცდილობს, აღარ ეძებს ახალ გზებს და ნელ-ნელა ეგუება იმ აზრს, რომ წარმატება მისთვის მიუწვდომელია.
უმჯობესია, ეს ფრაზა ასე შეცვალოთ:
„ჯერ არ გამომდის, მაგრამ შემიძლია ვისწავლო და ეტაპობრივად მივაღწიო მიზანს.“
დიდი მიზანი ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება.
ასაკი ხშირად მხოლოდ საბაბად გვექცევა. ზოგს ჰგონია, რომ 40 ან 50 წლის ასაკში ახალი პროფესიის სწავლა უკვე გვიანია, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდობის გამო კარგ პოზიციას ვერასოდეს მიიღებენ.
სინამდვილეში წარმატებას ასაკი კი არა, ცოდნა, გამოცდილება და სურვილი განსაზღვრავს. დღეს უამრავი ადამიანი კარიერას სრულიად ახალ სფეროში იწყებს 40-50 წლის შემდეგ, ხოლო ბევრმა ახალგაზრდამ საკუთარი ბიზნესი უნივერსიტეტშიც კი შექმნა.
თუ ოცნება გაქვთ, ნუ დაელოდებით „შესაფერის დროს“. იდეალური ასაკი ცვლილებისთვის არ არსებობს.
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვითდამანგრეველი ფრაზაა. არავინ იბადება გამოცდილ სპეციალისტად. ყველა პროფესიონალი ოდესღაც დამწყები იყო.
თუ საკუთარ თავს მუდმივად უმეორებთ, რომ საკმარისი ცოდნა, გამოცდილება ან უნარები არ გაქვთ, დიდი ალბათობით, არც იმ შესაძლებლობებს გამოიყენებთ, რომლებიც შეიძლება წარმატების დასაწყისი აღმოჩნდეს.
ცვლილება სწავლითა და პრაქტიკით იწყება. თავდაჯერებულობა კი მოქმედების პროცესში ყალიბდება და არა მანამდე.
ბევრ ადამიანს უჭირს საკუთარი მიღწევების დაფასება. შექების საპასუხოდ ხშირად ამბობს: „რა მოხდა, ამას ყველა გააკეთებდა“, „არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია“ ან „უბრალოდ გამიმართლა“.
ერთი შეხედვით, ეს თავმდაბლობის გამოხატულებად შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ შრომას და მიღწევებს აკნინებს. როდესაც მუდმივად უარყოფთ იმას, რაც გააკეთეთ, საკუთარ თავს წარმატების განცდის საშუალებას არ აძლევთ, არადა სწორედ ეს განცდა გვაძლევს მოტივაციას, მომავალშიც ვისწრაფოდეთ უკეთესი შედეგისკენ.
არ ღირს საკუთარი თავის სხვებთან მუდმივად შედარება. გაცილებით სასარგებლოა, დაფიქრდეთ, სად იყავით ერთი ან ორი წლის წინ და რა ისწავლეთ ამ დროის განმავლობაში.
თუ ვინმე გულწრფელად გაქებთ, მიიღეთ ეს შექება. ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე შეყვარებული ხართ – უბრალოდ აღიარებთ იმ ძალისხმევას, რომელიც შედეგამდე მისასვლელად დახარჯეთ.
ასეთი ფრაზა ხშირად იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებიც საკუთარ თავს ზედმეტად მკაცრად აფასებენ ან პერფექციონიზმისკენ არიან მიდრეკილნი.
ერთი შეცდომაც კი საკმარისია, რომ იფიქრონ: „ისევ ვერ შევძელი“, „ყველაფერი გავაფუჭე“ ან „მე ყოველთვის ასე მემართება“.
რეალურად, შეცდომა არ ნიშნავს, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებთ. ის მხოლოდ გამოცდილების ნაწილია.
თუ მუდმივად საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ ყველაფერს ცუდად აკეთებთ, ნელ-ნელა ქრება თავდაჯერებულობა. ადამიანი იწყებს ყველა ნაბიჯის გადამოწმებას, ეშინია გადაწყვეტილებების მიღების და მუდმივ შფოთვაში ცხოვრობს.
შეეცადეთ, ეს ფრაზა შეცვალოთ უფრო რეალისტურით:
„ამჯერად შეცდომა დავუშვი, მაგრამ შემიძლია გამოვასწორო და შემდეგ უკეთ გავაკეთო.“
ასეთი დამოკიდებულება ბევრად უფრო გეხმარებათ განვითარებაში.
საკუთარი თავის მუდმივად უკანა პლანზე გადაწევა ჯანმრთელი დამოკიდებულება არ არის.
როდესაც ხშირად ამბობთ: „არაფერია, თავი დამანებეთ“, „ჩემზე ნუ ინერვიულებთ“, „ჩემს გამო ნუ შეწუხდებით“, შეიძლება უარი თქვათ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ნამდვილად გჭირდებათ.
ძლიერი ადამიანი ის კი არ არის, ვინც ყველაფერს მარტო უმკლავდება, არამედ ის, ვინც იცის, საჭირო დროს დახმარება როგორ მიიღოს.
ახლო ადამიანების თანადგომა სისუსტის ნიშანი არ არის. პირიქით, სწორედ ასეთი ურთიერთობები გვეხმარება რთული პერიოდების გადალახვაში.
გარეგნობასთან დაკავშირებული შეურაცხმყოფელი შეფასებები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფორმაა თვითკრიტიკისას.
არ აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად გაწუხებთ თუ არა ჭარბი წონა – თუ საკუთარ თავს მუდმივად „მსუქანს“, „უშნოს“ ან სხვა დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებთ, ეს თქვენს თვითშეფასებას მნიშვნელოვნად აზიანებს.
ასეთი სიტყვები არც წონის დაკლებაში გეხმარებათ და არც უკეთეს განწყობას ქმნის. პირიქით, ხშირად დანაშაულის განცდას, იმედგაცრუებასა და სტრესს აძლიერებს.
თუ წონის შემცირება თქვენი მიზანია, დაიწყეთ არა საკუთარი თავის გაქილიკებით, არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით. ადამიანი ბევრად უფრო მდგრად შედეგს აღწევს მაშინ, როდესაც ცვლილებებისკენ საკუთარი თავის სიძულვილით კი არა, პატივისცემით მიდის.
საკუთარ თავთან საუბარი შეიძლება შეუმჩნევლად იქცეს ყოველდღიურ ჩვევად, მაგრამ სწორედ ეს ჩვევა განსაზღვრავს, როგორ აღვიქვამთ საკუთარ შესაძლებლობებს.
თუ ხშირად იმეორებთ ფრაზებს, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებს ამცირებს, დროთა განმავლობაში მათი დაჯერებაც ადვილი ხდება. ამიტომ შეეცადეთ, თვითკრიტიკა უფრო კონსტრუქციული გახადოთ. შეცდომები ყველას აქვს, მაგრამ ისინი ადამიანის ღირებულებას არ განსაზღვრავს.
საკუთარი თავის მიმართ მეტი პატივისცემა, თანაგრძნობა და რეალისტური შეფასება მხოლოდ უკეთეს განწყობას კი არ ქმნის – ის უფრო გაბედულს, თავდაჯერებულსა და მოტივირებულსაც გხდით.