65 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა.
"დიდი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა ქვეყანამ, გარდაიცვალა პროფესორი რემა ღვამიჩავა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო ბატონი რემას გარდაცვალება მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისათვის, რადგან უკანსკნელი წლების განმავლობაში, ბატონი რემა, წარმატებით ხელმძღვანელობდა ჯგუფის ერთ ერთ მოწინავე დაწესებულებას - სხივური მედიცინის ცენტრს.
ბატონმა რემამ თავისი ცხოვრება სრულად მიუძღვნა ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას - ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასა და ონკოლოგიის განვითარებას საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების დღიდან (1985 წ.), მისი პროფესიული გზა უწყვეტი შრომითა და უშრეტი ენერგიით იყო აღსავსე.
ბოლო ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტს, მან ექიმების არაერთი თაობა აღზარდა. უდიდესია მისი ღვაწლი საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ჩამოყალიბებასა და მართვაში - სისტემების, რომლებმაც ათასობით ადამიანს აჩუქა სიცოცხლე და იმედი.
ჩვენი გუნდისთვის ბატონი რემა იყო არა მხოლოდ უმაღლესი დონის პროფესიონალი, არამედ გამორჩეული სითბოს, დიდსულოვნებისა და კოლეგიალობის მაგალითი. მისი პროფესიული სიბრძნე და ადამიანური მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობას ცვლიდა.
მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი რემა ღვამიჩავას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.
მისი სახელი და დატოვებული კვალი მუდამ დარჩება ქართული მედიცინის ისტორიასა და ჩვენს გულებში".
- ცნობილი ექიმი, მეცნიერი, ქირურგი-ონკოლოგი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა 1961 წლის 18 ივნისს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.
1985–1987წწ. იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1989–1992წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი, ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კოლორექტალური ქირურგი.