საზაფხულო საკითხავი 9-12 წლის ასაკის მოზარდებისთვის - წინ ლიტერატურული აღმოჩენები გელოდებათ - მშობლები

საზაფხულო საკითხავი 9-12 წლის ასაკის მოზარდებისთვის - წინ ლიტერატურული აღმოჩენები გელოდებათ

2026-08-03 10:29:45+04:00

9-12 წლის ასაკი მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია - მისი ცნობისმოყვარეობა უკვე სამყაროს სიღრმისეულ შემეცნებაში გადადის, ფანტაზია კი - საკუთარი იდენტობის ძიებაში. ციფრული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის სწრაფად ცვალებადობის ეპოქაში, რომელმაც ახალ თაობებში ერთ საკითხზე კონცენტრაცია გამოწვევად აქცია, წიგნის კითხვა გონების ნამდვილი წვრთნაა.

ამ ასაკში კითხვა მოზარდს ეხმარება არამხოლოდ ყურადღების მოკრებაში, არამედ ლექსიკონის გამდიდრებაში, ემპათიისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, ბავშვისთვის წიგნის კითხვა არა მოსაბეზრებელი რუტინა, არამედ დროის სახალისოდ გატარების შესაძლებლობა და ჰობი იყოს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელიც 9-12 წლის ასაკის მოზარდს ზაფხულს საინტერესოდ გაატარებინებს:

  • მარკ ტვენი - უფლისწული და მათხოვარი

მარკ ტვენის ეს კლასიკა ბავშვებს ამაღელვებელი ენით ასწავლის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიც არის ემპათია, ადამიანის შინაგანი ფასეულობები და პასუხისმგებლობა. დინამიკური და თავგადასავლებით სავსე სიუჟეტები ბავშვის ყურადღებას პირველივე გვერდებიდან მიიპყრობს. პერსონაჟების პიროვნული ზრდა და განვითარება კი მკითხველს საკუთარ ქმედებებსა და არჩევანზე აუცილებლად დააფიქრებს.

  • ირენ ადლერი - შერლოკი, ლუპენი და მე - დაკარგული პიკის ქალი

ალესანდრო გატის ეს პოპულარული სერია 9-12 წლის ასაკის მოზარდებისთვის დეტექტივების სამყაროს აღმოჩენის საუკეთესო გზაა. სიუჟეტი სამი სრულიად განსხვავებული მოზარდის - ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსის, არსენ ლუპენისა და ირენ ადლერის გარშემო ვითარდება, რაც წიგნს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.

  • ვაჟა-ფშაველა - მოთხრობები

საბავშვო საკითხავზე საუბარი შეუძლებელია ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გარეშე. მისი ნაწარმოებები განმსჭვალულია ბუნებისადმი ზრუნვითა და მორალური ღირებულებებით, რომლებიც მკითხველს საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ვაჟას ნაწარმოებებში გაპიროვნებული ბუნება მოზარდს სულ სხვანაირად დაანახებს გარემოს, დააფიქრებს საკუთარი და გარშემომყოფების ქმედებებზე.

  • ჟიულ ვერნი - 80 000 კილომეტრი წყალქვეშ

საბავშვო საკითხავი კვლავ წარმოუდგენელია ჟიურ ვერნის გარეშე. მის უკვდავ სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანს „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ მოზარდები კვლავ გატაცებით კითხულობენ. კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ნავის, „ნაუტილუსის“ საიდუმლოებებით მოცული მოგზაურობა მკითხველს ოკეანის ყველაზე ღრმა და ამოუცნობ წერტილებზე უამბობს.

კაპიტან ნემოს რთული, პროტესტით სავსე პერსონაჟი მოზარდს აფიქრებს თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ბუნების ურთიერთობაზე.

  • ჯორდან ლისი - მოჩურჩულე სანთლები

ჯორდან ლისის „მოჩურჩულე სანთლები“ ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც მოზარდებს ჯადოსნურ, თავგადასავლებით სავსე სამყაროში ეპატიჟება. წიგნი იდეალური არჩევანია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც საიდუმლოებების ამოხსნა და მისტიკური სიუჟეტები იზიდავთ.

  • დენ ფრიდმენი - მე ვარ ლენი ბრაუნი

დენ ფრიდმენის „მე ვარ ლენი ბრაუნი“ მოზარდებს დაეხმარება „ჩუმი თანატოლების“ მიმართ ემპათიის გაღრმავებასა და მათი მდგომარეობის უკეთ შეცნობაში.

წიგნი მკითხველს ეხმარება, გაიგოს, რომ თუ ვინმე სკოლაში ნაკლებს ან საერთოდ არ ლაპარაკობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სათქმელი ან შინაგანი სამყარო არ აქვს და ყოველთვის არ არის საჭირო ყვირილი ან ხმამაღალი საუბარი, რათა შესამჩნევი გახდე, არსებობს საკუთარი თავის გამოხატვის განსხვავებული გზებიც.

ასევე, ლენის ისტორია მოზარდს დაეხმარება ახალ გარემოსა და ცვლილებებთან შეგუებაში. ის უკეთ გაიაზრებს, რომ ახალ გარემოში გადასვლის შიშ სრულიად ბუნებრივია და სულაც არ არის საჭირო სწრაფი ადაპტაცია, ყველაფერი ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება.

ბავშვებისთვის განკუთვნილი ამ და სხვა საინტერესო საკითხავის აღმოსაჩენად ეწვიეთ „ბიბლუსის“ მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით ან გადახედეთ კატალოგს, სადაც მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.

კატალოგის სანახავად მიჰყევით ბმულს.

R