ზაფხულში აუზები დასვენებისა და გაგრილების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. თუმცა ბევრს ერთხელ მაინც შეუნიშნავს, რომ ცურვის შემდეგ თვალები უწითლდება, ეწყება წვა ან გაღიზიანება. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამის მთავარი მიზეზი აუზის წყალში დამატებული ქლორია, თუმცა სინამდვილეში საქმე გაცილებით სხვაგვარადაა.
ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ თვალების სიწითლე და კონიუნქტივიტის მსგავსი სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში თავად ქლორს არ უკავშირდება. მისი თქმით, პრობლემას იწვევს ის ქიმიური ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც აუზის წყალში არსებული ქლორი ოფლსა და შარდში შემავალ ნივთიერებებთან რეაგირებს.
"შეიძლება გინახავთ, რომ როცა ვინმე ამოდის აუზიდან, თვალები აქვს ჩასისხლიანებული. ამას ქვია თვალის ლორწოვანი გარსის ანთება — კონიუნქტივიტი. ბევრს არასწორად ჰგონია, რომ ეს გამოწვეული არის აუზის წყალში არსებული ქლორით. არა! ქლორი ამას არ იწვევს. კი, ქლორს ამატებენ წყლის დეზინფექციის მიზნით, რომ მასში არსებული მიკრობები განადგურდეს, მაგრამ თავადაც ქლორი არ იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას. აბა რა იწვევს მას?ოფლი და შარდი, რომელიც რომ აუზის წყალშია.
როცა ადამიანი ოფლიანი და ჩადის აუზში, ოფლში არსებული შარდოვანა რეაგირებს აუზის წყალში არსებულ ქლორთან. ან თუ გინდა სხვა ადამიანი, რომელიც ვთქვათ აუზში შარდავს, იმ შარდში არსებული შარდოვანაც ასევე რეაგირებს ბუნებრივია ქლორთან.
შარდოვანა ოფლიდან და შარდიდან, როგორც კი აღმოჩნდება წყალში, ჰიდროლიზდება ამიაკად და მერე ეს ამიაკი რეაგირებს აუზის წყალში არსებულ ქლორთან და მიიღება ამინები. სწორედ ეგ ამინები იწვევენ კონიუნქტივიტს.ქიმიით რომ არ შეგაწყინოთ თავი, ეს ამინებია სწორედ თვალის ლორწოვანი გარსის ანთების მიზეზი. და არა მარტო თვალისა, ასევე ღიზიანდება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი და კანი. კანი ხდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, შრება, სკდება და მოკლედ რომ ვთქვათ, მიდრეკილი ხდება მუდმივად დაუსრულებელი გამოშრობისკენ," - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
მისივე თქმით, ასეთი აუზების ამოცნობაც ხშირად შესაძლებელია. თუ წყალს განსაკუთრებით ძლიერი „ქლორის სუნი“ აქვს, ეს ყოველთვის სისუფთავის ნიშანი არ არის. პირიქით, მკვეთრი სუნი ხშირად სწორედ ქლორამინების არსებობაზე მიუთითებს, რომლებიც ოფლისა და შარდის ქლორთან რეაქციის შედეგად წარმოიქმნება.
"სწორედ ეგეთ წყალს აქვს ხოლმე დამახასიათებელი ქლორის სუნი. ეს ამინებით მდიდარი წყალია და ასეთ წყალს უნდა მოერიდოთ, რადგან არის ოფლიანი და შარდით სავსე.
ყველა შეგნებული ადამიანი ხვდება, რომ აუზში არ უნდა მოშარდოს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი შევნიშნე, რომელიც მაგალითად აუზში ჩადის, აუზში ჩასვლამდე ტანს არ იბანს, იქვე შხაპს არ იღებენ ხოლმე, ჰგონიათ, რომ ოფლიანობა არ ავნებს. სწორედ ეგ ოფლია მიზეზი, რაც შეიცავს მერე შარდოვანას და რეაგირებს იმ წყალში არსებულ ამინებთან და მერე იწვევს სხვების თვალების ანთებას, სხვების თვალების კანის გაღიზიანებას და სხვების ლორწოვანი გარსების ანთებას. ამიტომ, ყოველთვის აუზში ჩასვლამდე შხაპის მიღება სასურველი და სავალდებულოა,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.