მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.
"ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ შუალედში, რაც დაახლოებით ნორმასთან ახლოს არის და ერთ გრადუსით მაღალია, საშუალო ტემპერატურაზე მაქვს საუბარი. კონკრეტულად ქალაქებზე, ცალკეულ ქალაქებზე საუბარი რთულია, თუმცა დედაქალაქში ტემპერატურა მთელი აგვისტოს განმავლობაში, როგორც გითხარით, 35-37 გრადუსის ფარგლებში ცალკეულ დღეებში ტემპერატურის მატება მოსალოდნელია" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების და ადრეული გაფრთხილების სამმართველოს სპეციალისტი თამარ პაპაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მათი ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების ფონზე, მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა საქართველოშიც იზრდება. ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, მოვერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, ამავდროულად შევამციროთ შუადღეს, როდესაც ყველაზე მაღალია ტემპერატურა, ქუჩაში, ღია სივრცეში გადაადგილება, ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნდა შემცირდეს რასაკვირველია ალკოჰოლის მიღება. თავი შევაფაროთ ხოლმე ისეთ შენობას, სადაც გაგრილება არის შესაძლებელი, ხოლო საცხოვრებელ სახლში შევინარჩუნოთ სიგრილე. გავანიავოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტემპერატურა ჰაერისა მნიშვნელოვნად დაიწევს.