ძველბერძნული სახელები ისევ ბრუნდება – მითოლოგიით შთაგონებული ყველაზე ლამაზი სახელები  გოგონებისა და ბიჭებისთვის - მშობლები

ძველბერძნული სახელები ისევ ბრუნდება – ყველაზე ლამაზი სახელები  გოგონებისა და ბიჭებისთვის, რომლებიც მითოლოგიითაა შთაგონებული

2026-08-05 08:09:33+04:00

ბოლო წლებში მშობლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ შვილებისთვის გამორჩეულ და ისტორიული მნიშვნელობის მქონე სახელებს. განსაკუთრებული პოპულარობით კი ძველბერძნული მითოლოგიით შთაგონებული სახელები სარგებლობს. ზოგი მათგანი უკვე საკმაოდ გავრცელებულია, ზოგი კი იშვიათია და უფრო ორიგინალურად ჟღერს. დასავლეთში ბოლო წლებში აშკარად იზრდება ინტერესი ძველბერძნული მითოლოგიით შთაგონებული სახელების მიმართ.

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პლატფორმა, რომელიც ახალშობილთა სახელების ტენდენციებს აკვირდება, Nameberry, პირდაპირ აღნიშნავს, რომ „ძველბერძნული სახელები თანამედროვე ბავშვებში ტრენდად იქცა“. მათი მონაცემებით, განსაკუთრებით გაიზარდა ისეთი სახელების პოპულარობა, როგორიცაა პენელოპე, ატლასი, კალიოპე, ათენა და ორიონი. ამასთან, დღეს აშშ-ის ყველაზე პოპულარული 1000 სახელის სიაში უკვე არაერთი ბერძნული წარმოშობის სახელია წარმოდგენილი.

ინტერესი მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ სახელებს არ ეხება. ნელ-ნელა პოპულარობას იძენს ზოგიერთი იშვიათი მითოლოგიური სახელიც. ამის მაგალითია ოდისევსი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი აშშ-ში ჯერ კიდევ იშვიათად გვხვდება, წინა წლებთან შედარებით აშკარად გაზრდილია მისი მონაცემი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ოდისევსი უკვე ფართოდ გავრცელებული სახელია, თუმცა აშკარაა, რომ მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იზრდება და ის დავიწყებას არ ეძლევა.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება თავად საბერძნეთშიც. ადგილობრივი მიმოხილვებისა და სახელების მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში მშობლები უფრო ხშირად უბრუნდებიან ანტიკური ეპოქის სახელებს. სულ უფრო ხშირად გვხვდება ისეთი სახელები, როგორიცაა აქილევსი, ოდისევსი, ორფეოსი, ლეონიდასი, ჰერაკლე, არიადნე, ათენა, აფროდიტე, ელექტრა და ფედრა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისტორიული და მითოლოგიური სახელები თანამედროვე მშობლებისთვის კვლავ აქტუალური ხდება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს პოპკულტურაც ასრულებს. დასავლურ მედიაში ხშირად წერენ, რომ პოპულარული ფილმები და სერიალები მშობლების არჩევანზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მაგალითად, House of the Dragon-ის გამოსვლის შემდეგ სახელის რეინირას ძიება Google-ში 474%-ით გაიზარდა.

თუ ბავშვის სახელს არჩევთ და უჩვეულო, ლამაზი და სიმბოლური მნიშვნელობის ვარიანტები გაინტერესებთ, გთავაზობთ ძველბერძნული მითოლოგიიდან შთაგონებულ სახელებს. შეიძლება ისინი ძალიან უცხოდ გეჩვენებათ, თუმცა ზოგჯერ მშობლები სწორედ ასეთებს ეძებენ.

გოგონების სახელები და მათი მნიშვნელობები

მედეა

ნიშნავს აზრს, ჩანაფიქრს. ცნობილი ჯადოქარი, რომელიც იასონს ოქროს საწმისის მოპოვებაში დაეხმარა.

დიანა

ნიშნავს ღვთაებრივს. რომაულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთია, თუმცა ხშირად ბერძნულ არტემიდას უკავშირდება.

პენელოპე

ოდისევსის მეუღლე, რომელიც ერთგულების სიმბოლოდ ითვლება.

სელენა

ნიშნავს მთვარეს, ნათებას. მთვარის ქალღმერთი.

ირიდა / ირისი

ნიშნავს ცისარტყელას. ღმერთების მაცნე.

კასანდრა

ტროელი პრინცესა, რომელსაც მომავლის წინასწარმეტყველება შეეძლო.

ამალთეა

ნიშნავს სიმშვიდეს. ასე ერქვა ნიმფას, რომელმაც პატარა ზევსი გამოზარდა, როდესაც დედამ მღვიმეში დამალა.

ანთეა

ნიშნავს აყვავებულს, ყვავილივით ლამაზს. ეს ჰერას ერთ-ერთი ეპითეტიც იყო.

არიადნე

ნიშნავს წმინდას, ერთგულს. მეფე მინოსის ქალიშვილი, რომელმაც თეზევსს მინოტავრის ლაბირინთიდან გაქცევაში დაეხმარა. სწორედ აქედან მოდის ცნობილი გამოთქმაც – „არიადნეს ძაფი“.

არტემიდა

ნიშნავს მბრძანებელს. მთვარისა და ნადირობის ქალღმერთი.

ასტრეა

ნიშნავს ვარსკვლავს. სამართლიანობის ქალღმერთი.

ატალანტა

ნიშნავს ურყევს, მტკიცეს. ლეგენდარული მონადირე ქალი, რომელიც მხოლოდ იმ კაცზე თანხმდებოდა ქორწინებას, ვინც სირბილში დაამარცხებდა.

ათენა

სიბრძნისა და ომის ქალღმერთი. მისი სახელი ასოცირდება სიბრძნესთან, გონიერებასთან და ძალასთან.

აფროდიტე

სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი. სახელის მნიშვნელობაა „ზღვის ქაფიდან დაბადებული“.

ჰარმონია

ნიშნავს თანხმობასა და ერთიანობას. ბედნიერი ქორწინებისა და ჰარმონიული ცხოვრების სიმბოლო.

ჰერა

ოჯახისა და კერის მფარველი ქალღმერთი, ზევსის მეუღლე. ნიშნავს „ქალბატონს“.

დაფნე

ნიშნავს დაფნის ხეს. მითის მიხედვით, აპოლონისგან თავის დასაღწევად დაფნე ხედ გადაიქცა.

დიონა

ნიშნავს ზეციურს, ღვთაებრივს. მითოლოგიაში აფროდიტეს დედად მოიხსენიება.

იდალია

აფროდიტეს ერთ-ერთი სახელია.

კორა

ნიშნავს ქალწულს. პერსეფონეს მეორე სახელია.

ლიგეია

ნიშნავს მკაფიო, ლამაზ ხმას. ერთ-ერთი სირინოზი.

მელისა

ნიშნავს ფუტკარს, თაფლს. ნიმფა, რომელმაც ადამიანებს თაფლის შეგროვება ასწავლა.

ქლოე

ნიშნავს აყვავებულს, გამწვანებულს. ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრეს ერთ-ერთი სახელია.

ელექტრა

ნიშნავს ბრწყინვალეს, სხივოსანს.

ძველბერძნული ბიჭის სახელები და მათი მნიშვნელობა

ადონისი

ნიშნავს უფალს, მბრძანებელს. ულამაზესი ახალგაზრდა, რომელიც აფროდიტეს შეუყვარდა.

არესი

ომის ღმერთი. სახელი სიმამაცესა და საბრძოლო სულს უკავშირდება.

არისტე

ნიშნავს საუკეთესოს, ღირსეულს.

ჰექტორი

ნიშნავს დამცველს. ტროის მთავარი გმირი და მცველი.

არისტიდე

ნიშნავს კეთილშობილს. ისტორიული პიროვნება – ცნობილი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე.

აქილევსი

ტროას ომის უდიდესი გმირი.

ჰიპერიონი

ნიშნავს მაღალს. მზის ღმერთ ჰელიოსის მამა.

ჰელიოსი

მზის ღმერთი. სახელის მნიშვნელობაა „მზე“.

ჰერაკლე

ზევსის შვილი, რომელმაც ცნობილი თორმეტი გმირობა შეასრულა.

ჰერმესი

ვაჭრობის, მოგზაურობისა და მაცნეობის ღმერთი.

დევკალიონი

პრომეთეს ვაჟი, რომელმაც, მითის მიხედვით, დიდი წარღვნის შემდეგ კაცობრიობა თავიდან გააგრძელა.

დიონისე

ღვინის, დღესასწაულისა და მხიარულების ღმერთი.

ზევსი

ოლიმპოს მთავარი ღმერთი, ცისა და მეხის მბრძანებელი.

ლაერტე

ოდისევსის მამა.

მენელაოსი

სპარტის მეფე და ელენეს მეუღლე.

ორიონი

ლეგენდარული მონადირე, რომელიც სიკვდილის შემდეგ თანავარსკვლავედად იქცა.

ორფეოსი

ლეგენდარული მუსიკოსი, რომელიც სიყვარულის გამო ქვესკნელშიც კი ჩავიდა.

პერსევსი

გმირი, რომელმაც მედუზა გორგონა დაამარცხა.

ფებოსი

აპოლონის ერთ-ერთი სახელია და ნიშნავს ბრწყინვალეს, ნათელს.

ძველბერძნული სახელები მხოლოდ ლამაზად არ ჟღერს. თითოეულ მათგანს საინტერესო ისტორია, სიმბოლური მნიშვნელობა და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ფესვები აქვს. ამიტომ, თუ ბავშვისთვის განსხვავებულ, დასამახსოვრებელ და ღრმა მნიშვნელობის მქონე სახელს ეძებთ, ძველბერძნული მითოლოგია ნამდვილად მდიდარ არჩევანს გთავაზობთ.

ლამაზი და იშვიათი სახელები, რომლებიც საქართველოში ძალიან ცოტა ბავშვს დაარქვეს - სახელების ოფიციალური სტატისტიკა
თუ შვილისთვის იშვიათ სახელს ეძებთ, გადახედეთ მივიწყებულ ქართულ სახელებს - ჩამონათვალი გოგონებისა და ბიჭებისთვის
ყველაზე ლამაზი ქრისტიანული სახელები, რომლებიც ქართულ ენაზეც კარგად ჟღერს
სახელები, რომლებიც ნამდვილად ქართული წარმოშობისაა - ზოგიერთი დღესაც პოპულარულია