ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ აბიტურიენტებისთვის იწყება ახალი ეტაპი - უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის პირველკურსელთა რეგისტრაციის ზუსტი ვადები და პირობები უნივერსიტეტების უმრავლესობას ჯერ არ გამოუქვეყნებია, წინა წლების გამოცდილებით ცნობილია, რომ სტუდენტებს, როგორც წესი, რამდენიმე აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა სჭირდებათ.
უნივერსიტეტების მოთხოვნები შესაძლოა, ერთმანეთისგან მცირედ განსხვავდებოდეს, ამიტომ პირველკურსელებმა საბოლოო ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადაამოწმონ იმ უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე, სადაც ჩაირიცხნენ.
ამ ეტაპზე 2026 წლის პირველკურსელებისთვის რეგისტრაციის პროცედურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს გამოქვეყნებული. უნივერსიტეტში რეგისტრაციისას მოთხოვნილია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა, გაცემული შესაბამისი ორგანოდან. 18 წლამდე ასაკის პირს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების
მქონე პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვის მიერ - შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).
წინა წლების პრაქტიკის მიხედვით, პირველკურსელებს ძირითადად შემდეგი დოკუმენტების მომზადება სჭირდებათ:
სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ხშირად უნივერსიტეტები ითხოვენ დოკუმენტის ასლსაც.
ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სკოლის დასრულებას. ზოგიერთ უნივერსიტეტში საჭიროა ატესტატის დედანი, ზოგან კი - ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
პირველკურსელებს ხშირად სთხოვენ 3x4 ზომის ფოტოსურათებს და ასევე ფოტოს ელექტრონულ ვერსიას.
საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის, როგორც წესი, აუცილებელია სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.
თუ სტუდენტს აქვს რაიმე შეღავათის ან დაფინანსების საფუძველი - მაგალითად, სოციალური სტატუსი, მედალოსნის სტატუსი ან სხვა კატეგორია - უნივერსიტეტმა შესაძლოა, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც მოითხოვოს.
ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ეტაპზე სტუდენტებს შესაძლოა სწავლის საფასურის ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც მოსთხოვონ.
უნივერსიტეტები პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადებს თავად განსაზღვრავენ. რეგისტრაცია შესაძლოა, მოიცავდეს როგორც ონლაინ ეტაპს, ასევე უნივერსიტეტში დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენას.
პირველკურსელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებებს, რადგან კონკრეტული ვადები, საჭირო დოკუმენტები და რეგისტრაციის ფორმა შესაძლოა, შეიცვალოს.
თამარ იაკობაშვილი