ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მაღალი შედეგის მიღწევა საფუძვლიან ცოდნასთან ერთად, ანალიტიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და გამართულად წერის უნარს მოითხოვს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მოსწავლის მონდომებასა და სწავლისადმი დამოკიდებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდები და პედაგოგის მოსწავლეებთან მიზანმიმართული, თანმიმდევრული მუშაობა.
ეკა მაჭარაშვილი მრავალი წელია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მისმა მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს. ინტერვიუში ეკა მაჭარაშვილი საუბრობს თანამედროვე პედაგოგის პროფესიულ გამოწვევებზე, სწავლების ეფექტიან მეთოდებზე, 2026 წლის ეროვნული გამოცდის შეფასებაზე, ყველაზე გავრცელებულ შეცდომებსა და იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მომავალ აბიტურიენტებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება:
- პედაგოგობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. 2011 წლიდან ვასწავლი ვაკის ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კოორდინატორი. ბავშვობაში სულ სხვა პროფესიებზე ვფიქრობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შინაგანი ძიების პროცესმა ჩემი მოწოდება მაპოვნინა. მასწავლებლობის ყველაზე დიდი ხიბლი ახალგაზრდებთან ურთიერთობის ცოცხალი, მუდმივად ემოციური პროცესია. უცქერ, როგორ იზრდებიან, ყალიბდებიან შენი მოსწავლეები ღირსეულ პიროვნებებად და გიხარია. პედაგოგიური საქმიანობა ხომ სცილდება ცოდნის გაზიარების ფარგლებს და ახალგაზრდებში მორალურ-ზნეობრივი აღზრდა ცხოვრებისეულ მისიად ჩვენდა უნებურად იქცევა ხოლმე. ჭეშმარიტი პედაგოგი გრძნობს, როგორ უბიძგებს მოზარდებს ახალი აღმოჩენებისაკენ, როგორ უღვივებს შთაგონებას, ლიტერატურის მეშვეობით ადამიანურ ღირებულებებს გადასცემს მათ და ბედნიერია.
- დღევანდელ რეალობაში პედაგოგიური საქმიანობა გარკვეულწილად რთულია, ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ცვალებადი საინფორმაციო სივრცე, ტექნოლოგიური პროგრესი და ა. შ. არსებითად ცვლის თანამედროვე მოსწავლის ფსიქოლოგიას, ინტერესებს. ვფიქრობ, პედაგოგი უნდა იყოს ციფრული რესურსების ერთგვარი "კონკურენტი”, რათა მოსწავლეებში გააღვივოს ცოდნის მიღების შინაგანი მოტივაცია, უბიძგოს მიღებული ცოდნის რეალიზებისაკენ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ინდივიდუალური მიდგომები. გარდა ამისა, აკადემიური მოთხოვნების პარალელურად, პედაგოგს დიდი ენერგია სჭირდება ყოველდღიური სტრესისა და დატვირთვის დასაძლევად. ამასთან, ბიუროკრატიული ვალდებულებები და მუდმივი პროფესიული ზრდის აუცილებლობა მნიშვნელოვან დროსა და რესურსს მოითხოვს ჩვენგან. მინდა აღვნიშნო, ამ სირთულეების გადალახვა მარტივდება იმ პასუხისმგებლობის განცდით, მომავალი თაობების აღზრდას რომ უკავშირდება.
- დამეთანხმებით, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სიყვარული მარტივად არ ღვივდება. ეს არაა მხოლოდ საგანი, კონკრეტული საპროგრამო ან კლასგარეშე ტექსტების შესწავლა თუ გრამატიკული წესების დაცვა. მშობლიური ლიტერატურის სიყვარული იწყება მაშინ, როცა ტექსტები ბავშვებისათვის ცოცხალ, ემოციურ სამყაროდ გადაიქცევა. ვცდილობ, ლიტერატურული ნაწარმოებები ადამიანური ურთიერთობების, რეალური ისტორიების, მორალური დილემების... საჩვენებლად გამოვიყენო. კლასიკური ნაწარმოებების განხილვისას ინტერაქტიული დისკუსიები, კრიტიკულ საკითხებზე მსჯელობა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა-დაცვა ეხმარება ჩემს მოსწავლეებს დააკავშირონ წარსული თანამედროვეობასთან, ავტორთა სტრიქონებში ამოიცნონ მათივე ფიქრები, განცდები, ემოციები და თავიანთი თავიც. ჩემი მიზანმიმართული კონკრეტული მეთოდებისა თუ აქტივობების მთავარი პრინციპი ისაა, რომ მოსწავლემ საგანი აღიქვას არა სავალდებულო პროგრამად, არამედ იგრძნოს ლიტერატურის ღირებულება. ასეთი მიდგომით, ვფიქრობ, მშობლიური ენა და ლიტერატურა ხდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის მთავარი საყრდენი.
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმეორებდა წინა წლებში დამკვიდრებულ ფორმატს, ტესტის სტრუქტურაში ფუნდამენტური ცვლილებები არ შესულა. საგამოცდო ბუკლეტი ტრადიციულად ორი ნაწილისაგან შედგებოდა - ტექსტის რედაქტირება და წაკითხულის გააზრება - წერითი დავალება. ჩემი დაკვირვებით, აბიტურიენტებს ყველაზე მეტად ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და ავტორისეული კონცეფციის ღრმად წვდომის დავალებები უჭირთ. მეტ-ნაკლებად ვლინდება ხარვეზები თანმიმდევრული, ლოგიკური მსჯელობის მიმართულებითაც. ვლინდება ფაქტობრივი სიზუსტის დარღვევისა და ენობრივი ნორმების უგულებელყოფის შემთხვევებიც. ზოგჯერ დაუფიქრებლად დაშვებული მექანიკური თუ შინაარსობრივი შეცდომების გამოც აკლდებათ ქულები.
- როგორც ვიცით, გრამატიკის ფუნდამენტური ცოდნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრებისათვის, არამედ აზრის ლოგიკური, თანმიმდევრული გამოხატვის მიმართულებითაც. ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციისას აუცილებელია გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, ეს კი ენობრივი ნორმების ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს - ქართული ენისა და ლიტერატურის გამიჯვნას ენობრივი საკითხების უკეთ შესწავლის მიზნით, ვფიქრობ, საბაზო საფეხურზე ეს ხელს შეუწყობს ენობრივი ნორმების სიღრმისეულ შესწავლას, რაც, ცხადია, მოსწავლეს დაეხმარება ლიტერატურული ტექსტის ანალიზის დროს (ესეების შექმნა), დისკუსიისა და პრეზენტაციისას დაიცვან ქართული ენის კანონზომიერებები მორფოლოგიური, სინტაქსური და სტილისტური მიმართულებებით.
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში კარგი შეფასების მისაღებად აბიტურიენტებმა მიზანმიმართულად უნდა იშრომონ. უნდა გაითვალისწინონ, რომ სავალდებულო პროგრამული მინიმუმის ცოდნასთან ერთად უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი, რათა შეძლონ ტექსტის სრულყოფილი ანალიზი, ამოიცნონ ავტორისეული თვალთახედვა, გამოავლინონ თავიანთი დამოკიდებულება, შეაფასონ, იმსჯელონ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წერითი მეტყველების კულტურას, აზრის მკაფიოდ, ლოგიკურად, არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარს. ყველა მოსწავლის მაღალი შეფასება ეროვნულ გამოცდებზე ზუსტად ამგვარი ინტენსიური და სისტემური მუშაობის შედეგია. მომზადების პროცესში მრავალფეროვანი ესეების წერა, თითოეული ნაშრომის დეტალური ანალიზი, ენობრივი შეცდომების სისტემატური გასწორება და სხვა აქტივობები საბოლოოდ სრულყოფილი შედეგის საწინდარია. აბიტურიენტებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ერთგვარი ფსიქოლოგიური და პრაქტიკული ადაპტაცია, ე. წ. სიმულაციური წერები; ეს მათ საგამოცდო დროის რაციონალურად განაწილებას ასწავლის. უნდა ითქვას, რომ გამოცდაზე მიღებული კარგი ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში არის საფუძვლიანი ცოდნის, შრომისმოყვარეობისა და სწორად შერჩეული მეთოდოლოგიის სინთეზი.
- ზაფხულის არდადეგები იდეალური დროა იმისათვის, რომ მომავალმა აბიტურიენტებმა თვალსაწიერი გაიფართოვონ და სასკოლო პროგრამას გასცდნენ. კლასგარეშე ლიტერატურის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭონ კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურიდან ისეთ ნაწარმოებებს, რომლებშიც განხილულია ადამიანების მორალურ-ზნეობრივი ურთიერთობის საკითხები, წარმოჩენილია კონკრეტული ისტორიული თუ თანამედროვე გარემო თავისი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით. მსგავსი წიგნების წაკითხვა მნიშვნელოვნად ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს. ზაფხულის პერიოდში მიზანმიმართული შერჩევითი კითხვა დაეხმარება აბიტურიენტებს, თავისუფლად, არგუმენტირებულად იმსჯელონ ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე.