"ფორმის ტარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა... თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს..." - გივი მიქანაძე - მშობლები

"ფორმის ტარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა... თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს..." - გივი მიქანაძე

2026-08-05 22:20:29+04:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აქვეყნებს სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც, როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება.
„ჩვენ ყოველთვის ვეცნობით საზოგადოების აზრს. ამ მიზნით, ოთხი თვის წინ დავიწყე პროექტი - მინისტრის შეხვედრა მშობლებთან - 26 მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული, სადაც ჯამში 10 ათასზე მეტ მშობელს შევხვდი. ამ შეხვედრებზე ერთ მშობელსაც არ უთქვამს რა ცუდია, რომ ფორმა შემოგაქვთო. პირიქით, მიესალმებიან ამ მოცემულობას.
ამის მიუხედავად, საზოგადოებაში არიან ადამიანები, თუმცა ეს არის ძალიან მცირე კონტინგენტი, რომლებიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო, ამბობენ, რომ ისინი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევენ. ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი ჰქონდეს.
როდესაც სასკოლო ფორმებზე საუბრისას მშობელი ამბობს: „მე არ ჩავაცმევ და აი, ვნახავ, ერთი, ბავშვს როგორ არ შეუშვებენ სკოლაში“ - აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? პირველ რიგში, ის, რომ მშობელი ცალსახად მანიპულირებს ბავშვით. შეგახსენებთ, საუბარი გვაქვს დაწყებით კლასებზე და ბავშვი ჯერ კიდევ კარგად ვერ ათვითცნობიერებს რაზეა საუბარი და რა თქმა უნდა, აქ მშობლის ავტორიტეტი მოქმედებს.
აქვე შევახსენებ მშობლებს, რომ ბავშვი სკოლაში შეყვანასთან ერთად ისინი ხელს აწერენ და ეთანხმებიან შინაგანაწესს, რომელიც სკოლის ფარგლებშია დადგენილი. შინაგანაწესით, რა თქმა უნდა, განისაზღვრება, რომ ფორმის ტარება არის სავალდებულო. აქამდეც მოქმედებდა წესი, რომლითაც ეს ნებაყოფლობითი ხასიათის იყო, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან ფორმის ტარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულოა და ეს იქნება საერთო ყველა საჯარო სკოლისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მაინც გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.
ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ შვილთან აქვს და შემდეგ სრულიად საზოგადოებასთან.
ყველა ნაბიჯი, რაც იდგმება მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არის მიმართული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი თაობების განვითარებაზე მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებულნი”, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დამატებითი განმარტება, თუ კონკრეტულად რა ზომების მიღებას გულისხმობს მინისტრი, არ განუმარტავთ.
თუმცა, სკოლაში ფორმის ტარების უგულებელყოფა, შინაგანაწესის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომად აქამდეც ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი საჯარო სკოლა სასკოლო ფორმის ტარებას წლებია, ითხოვს და ამას შინაგანაწესით არეგულირებს.
  • რას გულისხმობს სკოლის შინაგანაწესი და რა სანქციები და მექანიზმებია მის მიხედვით გათვალისწინებული, შინაგანაწესის დარღვევისთვის, რაც შეიძლება, ფორმის არტარებასაც მოჰყვეს?

2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) სკოლის ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, ფორმის არჩაცმის შემთხვევაში სკოლები იმოქმედებენ შინაგანაწესის შესაბამისად და მოსწავლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება იქნება შესაძლებელი.

საჯარო სკოლების შინაგანაწესის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომად ითვლება მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსწავლე სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად განსხვავებული ჩაცმულობით იმყოფება.

შინაგანაწესი კონკრეტულად არ ადგენს, რომ სასკოლო ფორმის არჩაცმას ავტომატურად რომელიმე ერთი კონკრეტული სახის სახდელი უნდა მოჰყვეს. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეს სკოლა თითოეული შემთხვევის გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრავს.

შინაგანაწესით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები, სხვადასხვა ტიპის გადაცდომებზე (მაგალითად, სკოლაში ბასრი საგნის მიტანა, რაღაცის დაზიანება. მათ შორის, სასკოლო ფორმის უგულებელყოფა):

  • შენიშვნა;
  • გაფრთხილება;
  • მკაცრი გაფრთხილება;
  • საყვედური;
  • სასტიკი საყვედური;
  • სკოლიდან დროებით დათხოვნა;
  • სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
  • საშუალო საფეხურზე – სკოლიდან გარიცხვა.

ამასთან, მოქმედი წესის მიხედვით, დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა დაუშვებელია.

თუ მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყება, სკოლა ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს. დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე მოსწავლისგან, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა იქნეს მიღებული წერილობითი ახსნა-განმარტება. გადაწყვეტილება კი ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

შინაგანაწესი ასევე განსაზღვრავს, რომ დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა სამი თვეა. თუ ამ პერიოდში მოსწავლე ახალ დისციპლინურ გადაცდომას არ ჩაიდენს, ის დისციპლინური სახდელის არმქონედ ჩაითვლება. გარდა ამისა, სახდელი შეიძლება ვადაზე ადრეც მოიხსნას, თუ მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში ახალ გადაცდომას არ ჩაიდენს, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით ან აქვს გარკვეული მიღწევები.

სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია - მისი განსხვავებული ფასით გაყიდვა დაუშვებელია
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ და რა შედის ფორმის კომპლექტში