გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით წუხელ მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული, 16 წლის ნია იმნაძე დააკავეს. მისი დაკავების კადრები საჯაროდ გავრცელდა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბუნებრივია, ფაქტს იურისტებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის "კანონის უზენაესობის ცენტრის" დამფუძნებელი ლონდა თოლორაია:
"ამ დანაშაულის შედეგი უმძიმესია. თუმცა, შედეგის სიმძიმე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფოს ეს დანაშაული დროულად და ეფექტიანად გამოეძიებინა. სახელმწიფოს ამ შედეგებისთვის დასჭირდა შვილმოკლული დედის განწირული ბრძოლა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი განულებულია ნდობა მართლმსაჯულების სისტემის (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ა. შ.) მიმართ, დაზარალებულები, ბრალდებულები, ადვოკატები სამართლის პოვნის ერთადერთ გზად სულ უფრო ხშირად ირჩევენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას და შემდგომ საზოგადოებრივი წნეხის მათ სასარგებლოდ გამოყენებას. სწორედ ამ უნდობლობის, მართლმსაჯულების ინსტიტუტებისადმი უიმედობის გამოძახილია პოლიციასთან, პროკურატურასთან გამართული აქციები (რაც მინიმუმ შვილმოკლულ დედებს არ უნდა ჭირდებოდეთ), გაუბედურებული მშობლების ინტერვიუები ტელევიზიებში (რაც ურთულესია მათთვის), ლაივები საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილებიდან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები/ინტერვიუები/პოსტები, რომლებსაც ზოგჯერ არაფერი აქვს საერთო ეთიკასთან, კანონთან და სამართალთან. ეს არის უმძიმესი რეალობა, როგორც მოქალაქისთვის, ასევე ამ სისტემებისთვის. სახელმწიფოსი აღარ გჯერა მაშინაც კი, როცა შესაძლოა კანონიერ გადაწყვეტილებას იღებდეს.
რა გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრს მართლმსაჯულების სისტემაზე? - უდიდესი. გაუძლო საზოგადოებრივ წნეხს ურთულესია. ხოლო, მიიღო საზოგადოებისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილება, როცა სისტემები სრულად პოლიტიზირებულია, შეუძლებელია. მაშინ როცა, ამ დანაშაულის ჩადენიდან გასულია 10 თვე (და ამარასრულწლოვნის სახელი და გვარი ამ საქმეში ფიგურირებს პირველივე დღიდან), მაშინ როცა ამ საქმეს ფაქტობრივად იძიებს გიგა ავალიანის დედა, მაშინ როცა ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე "გამოზოგილად” იზრდება და ლუკმა-ლუკმა მიეწოდება საზოგადოებას და მაშინ როცა მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ, საჭიროა ბრალმდებელი უწყებისგან დეტალური ინფორმაციის მოსმენა - რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამის საფუძველზე უნდა შეაფასოს საზოგადოებამ - არის ეს გადაწყვეტილება ობიექტური თუ საზოგადოებრივი წნეხის ფონზე მიღებული. გასაჯაროებისაგან თავის შეკავების მიზეზი ვერ იქნება "არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი”. ამ ინტერესით აქამდე არავინ დაინტერესებულა. საზოგადოების მოთხოვნა გასაგებია - დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ცხადია უნდა დაისაჯოს.
მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კანონები, სტანდარტები, რომლებიც დამნაშავეების მიმართაც უნდა იქნეს დაცული, მით უფრო, როცა დანაშაულის ჩადენაში არასრულწლოვანი იმხილება. ყველას აქვს უფლება, მისი საქმე ობიექტურად და კანონის დაცვით იქნეს გამოძიებული. ალბათ ნაწილი თქვენგანი იტყვის, რომ გიგა ავალიანი მკვდარია და რა დროს ეს პროცედურებია, მაგრამ მაშინ ვთქვათ რომ მკვლელობის საქმეებზე კანონები საერთოდ არ გვჭირდება და ლინჩის წესით გავასამართლოთ ყველა, საქმის მასალების ცოდნის გარეშე. კანონში წერია, რომ არ უნდა გაჭიანურდეს ვინმეს დევნა/დაჭერა, თუ ის დასაჭერია. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანმაც უნდა შეძლოს თავის დაცვა დროულად და კიდევ იმიტომ, რომ ამ "დაუსრულებელი მოლოდინის” რეჟიმში არ ვნახოთ მეორე მკვდარი, რომელმაც შესაძლოა ვერ გაუძლოს ხანგრძლივი დაჭერის შიშში ცხოვრებას (არსებობს ამის პრეცედენტები).
ასევე, კანონში წერია რომ პირი დაკავებული უნდა იქნეს, როცა არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საინტერესოა, რომელი ეს საფრთხე შეიძლება არსებობდეს დღეს, როცა ამდენი თვე "მისცა გამოძიებამ” ამ არასრულწლოვანს მტკიცებულებების გასანადგურებლად, მისამალად, ახალი დანაშაულის ჩასადენად. რაც გასანადგურებელი იყო უკვე განადგურებული იქნება, ხოლო მიმალვით იგი არ მიმალულა.
რაც შეეხება დაკავების ფორმას, დაკავება არასოდესაა სასიამოვნო პროცესი და დაკავების დროს რაიმე დარღვევა მე ვერ დავინახე. თუმცა, ბუნდოვანია, რატომ აღსრულდა დაკავების განჩინება ღამე, და არა დღე. ღამით კანონი ზღუდავს საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მით უფრო, არასრულწლოვნის მიმართ.
ჩვენს ქვეყანაში არასრულწლოვანთა დანაშაული ბოლო რამდენიმე წელია ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა (აი იმ დროის მაქსიმუმს, როცა ციხეები ბავშვებით იყო გამოტენილი). მე არ მომისმენია სახელმწიფოსგან არც ერთი სიტყვა, რატომ მოხდა ეს და რა ხედვა აქვს სახელმწიფოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გარდა იმისა რომ 10,11 წლის ბავშვებისთვის "ციხე” გააკეთა.
ციხეში ჩასმით ასეთი პრობლემები არ გვარდება. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და არ იმუშავა. არც ერთ ქვეყანაში იმუშავა. ამ ქვეყანაში არასრულწლოვნებზე ცოდო არავინაა. ყველა უწყება მოშლილია, ვინც მათზე უნდა ზრუნავდეს. არ მოგწონთ მათი მშობლები? არ მოგწონთ როგორ აღზარდეს? რა გააკეთა სახელმწიფომ "ცუდი მშობლების” შვილების გადასარჩენად, ეს კითხვა დაუსვით თავს? ეს ბავშვები ოჯახებიდან იმ საზოგადოებაში გამოდიან, რომელთაგან 98% დღეს დაკავებული არასრულწლოვნის ჩაქოლვას, სიკვდილს ითხოვს (წაიკითხეთ ამ არასრულწლოვნის დაკავებაზე ხალხის კომენტარები).
და ამ ყველაფრის ფონზე, რატომ გიკვირთ, თუ ისინი სასტიკებად იზრდებიან?ბავშვები დამნაშავეებად არ იბადებიან. ასეთებად რატომ იქცნენ, ჯერ ეს კითხვა დავსვათ, სანამ მათი ლინჩის წესით გასამართლებას მოვითხოვთ. სახელმწიფო, სადაც შვილმოკლული დედა, მამა სამართალს ხალხის ძალით ეძებს და უწყებები, საზოგადოებაში არსებული ტემპერატურის აწევით/დაწევით იღებენ გადაწყვეტილებს - რამდენი, რომელი, როდის, დროის რომელ მონაკვეთში დააკავონ/არ დააკავონ - დამერწმუნეთ, მართლა მოშლილია. "
ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.