ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბავშვი სკოლაში მომხდარს ყველაფერს გიყვებოდათ — ვისთან იჩხუბა, რა გაუხარდა, რამ შეაშინა. შემდეგ კი თითქოს ყველაფერი შეიცვალა. კითხვაზე, როგორ ჩაიარა დღემ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვით გპასუხობთ: „კარგად“, „არაფერი“ ან „არ ვიცი“.
ბევრი მშობელი ამას გარდატეხის ასაკს აბრალებს, თუმცა ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ბავშვი ერთ დღეში არ იკეტება. ნდობა, როგორც წესი, თანდათან ქრება, როდესაც ბავშვი ხვდება, რომ გულწრფელობას არასასიამოვნო შედეგი მოჰყვება — გააკრიტიკებენ, დასცინებენ, უსაყვედურებენ ან ზედმეტად გააკონტროლებენ, ბუნებრივია, გულწრფელი აღარ იქნება.
რატომ ირჩევენ ბავშვები დუმილს და რომელი მშობლური რეაქციები აშორებს მათ ყველაზე მეტად?
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვი იშვიათად იღებს გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას, ოჯახს აღარაფერი მოუყვეს.
ჩვეულებრივ, ყველაფერი პატარა პრობლემით იწყება. ბავშვი რაღაცას ჰყვება და აკვირდება, როგორ რეაგირებს მშობელი. თუ პასუხად დაცინვას, კრიტიკას, დაკითხვას ან დასჯას იღებს, შემდეგ ჯერზე დახმარების თხოვნას აღარ ჩქარობს.
ასე ყალიბდება განცდა, რომ ზოგიერთი ამბის საკუთარ თავში დატოვება უფრო უსაფრთხოა.
ნდობა ერთი დიდი საუბრის დროს არ ჩნდება. ის უამრავი ყოველდღიური ეპიზოდისგან შედგება, როდესაც ბავშვი ამოწმებს, მოუსმენენ თუ არა, გაუგებენ თუ არა და დაეხმარებიან, თუ პირიქით — მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებენ.
ფრაზები:
მშობელს შეიძლება დამამშვიდებლად ეჩვენებოდეს, მაგრამ ბავშვი სულ სხვა რამეს ისმენს — რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვანი არ არის.
ზრდასრულისთვის უმნიშვნელო სიტუაცია ბავშვისთვის შეიძლება ძალიან მძიმე ემოციური გამოცდილება იყოს. მეგობართან ჩხუბი, წაგებული შეჯიბრი ან თანაკლასელების დაცინვა მის სამყაროში მართლაც დიდი პრობლემაა.

თუ ბავშვი გიყვებათ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, მასწავლებელს ეჩხუბა ან წესები დაარღვია, ბევრი მშობელი მაშინვე იწყებს ახსნას, როგორ უნდა მოქცეულიყო.
თუმცა იმ მომენტში ბავშვს პირველ რიგში სჭირდება იმის განცდა, რომ შეცდომის მიუხედავად, მშობელი მის გვერდით დგას.
შედეგებზე, პასუხისმგებლობასა და გამოსავალზე საუბარი უკეთესია მაშინ, როცა ემოციები ოდნავ დაცხრება. თუ აღზრდითი საუბარი პირველივე წამიდან იწყება, ბავშვი მალე სწავლობს, რომ გულწრფელობას უსაყვედურებენ და შემდეგში შეცდომებსაც მალავს.
შეშფოთებული მშობელი ხშირად ზედიზედ სვამს უამრავ კითხვას:
ვინ გააკეთა? რატომ მაშინვე არ მითხარი? მასწავლებელი სად იყო? სხვებმა რა თქვეს?
ეს რეაქცია ბუნებრივია, მაგრამ ბავშვისთვის დამატებით ზეწოლად იქცევა.
ზოგჯერ მას უბრალოდ ჯერ არ შეუძლია მომხდარის თანმიმდევრულად მოყოლა.
ასეთ დროს უფრო სასარგებლოა უთხრათ:
„ვხედავ, რომ რაღაც მოხდა. თუ ახლა არ გინდა საუბარი, შეგიძლია მოგვიანებით მომიყვე.“
როდესაც ბავშვს არჩევანის შესაძლებლობა ეძლევა, ის თავს უფრო დაცულად და მშვიდად გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომხდარი შიშთან ან სირცხვილთან არის დაკავშირებული.
ზოგჯერ მშობლები ბავშვის პირად ამბავს ნათესავებს, მეგობრებს ან სხვა მშობლებს უყვებიან ისე, რომ ამას პრობლემად არც კი აღიქვამენ.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, როდესაც ბავშვის გულწრფელი აღიარება ოჯახურ ხუმრობად იქცევა.
ამის შემდეგ ბავშვი ბევრად ფრთხილად არჩევს, რას გაუზიარებს მშობლებს.
რა თქმა უნდა, თუ საუბარია ძალადობაზე, ბულინგზე, უსაფრთხოების საფრთხეზე ან თვითდაზიანების რისკზე, საიდუმლოს შენარჩუნება არ შეიძლება. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ბავშვს აუხსნათ, რატომ არის საჭირო სხვა ზრდასრულის ჩართვა და რა მოხდება შემდეგ.
ზოგი მშობელი ბავშვის მონაყოლზე მაშინვე პანიკაში ვარდება — ტირის, მასწავლებელს ურეკავს, დამნაშავის მშობლებს პასუხს სთხოვს ან სასწრაფოდ შეხვედრას ითხოვს.
ბავშვი ხედავს, რომ მისმა ერთმა მონაყოლმა ოჯახში დიდი დაძაბულობა გამოიწვია.
ამის შემდეგ ბევრმა ბავშვმა პრობლემების დამალვა სწორედ იმის გამო იწყებს, რომ არ სურს დედამ ინერვიულოს ან მამა გაბრაზდეს.
კონფლიქტის დროს მშობელი ზოგჯერ ძველ შეცდომებს ახსენებს:
ასეთ დროს ბავშვი ხვდება, რომ ერთხელ ნათქვამი სიტყვები მომავალშიც შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენონ.
ამის შემდეგ ნდობის აღდგენა განსაკუთრებით რთულდება.
ნდობა არ ნიშნავს, რომ ბავშვმა მშობელს ყველაფერი უნდა მოუყვეს, ყველა მიმოწერა აჩვენოს ან ნებისმიერ კითხვას დაუყოვნებლივ უპასუხოს.
ასაკის მატებასთან ერთად პირადი სივრცის საჭიროება სრულიად ბუნებრივია.
მშობლის მიზანი ყოველი დეტალის კონტროლი კი არა, ისეთ ადამიანად დარჩენაა, ვისთანაც ბავშვი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც მივა.
თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი ჩაიკეტა, ნუ მოსთხოვთ ახსნა-განმარტებებს და ნუ დაადანაშაულებთ საიდუმლოებების შენახვაში.
ხშირად ურთიერთობის აღდგენა შეიძლება საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარებით დაიწყოს.
მაგალითად:
„შესაძლოა, ადრე ზედმეტად მკაცრად ვრეაგირებდი და ამიტომ ჩემთან საუბარი გაგიჭირდა. მინდა, რომ ახლა ჯერ მოგისმინო და მხოლოდ შემდეგ ვისაუბროთ.“
ამის შემდეგ სიტყვები ქცევით უნდა გაამყაროთ — მოუსმინეთ ბოლომდე, ნუ გააწყვეტინებთ, ნუ დასცინებთ, ნუ იჩქარებთ რჩევების მიცემას და შეასრულეთ ის, რასაც დაჰპირდებით.
ბავშვს იდეალური მშობელი არ სჭირდება. მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ისეთი ზრდასრული, რომელიც საკუთარ შეცდომებსაც ხედავს, პატივს სცემს ბავშვის ღირსებას და აგრძნობინებს, რომ სიყვარული არასოდეს არის დამოკიდებული მის შეცდომებზე.