ცნობილ ჟურნალისტ ანა კალანდაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს მისი კოლეგა და მეგობარი - ციცი ომანიძე:
"მეგობრებო, ჩემი საუკეთესო მეგობრის - ანა კალანდაძის მხარდასაჭერდ გაერთიანება უნდა გთხოვოთ.მე და ანამ 21 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი. ორივე ჟურნალის „რეიტინგი“ ჟურნალისტები ვიყავით, ორივე დამწყებები... მას შემდეგ ერთად მოვდივართ მუდმივი ჩხუბით, სამყაროზე სხვადასხვა მოსაზრებითა და შეხედულებებით, მაგრამ მუდმივი ერთგულებით და განსაკუთრებული ურთერთობით... აბა, შვილის ნათლიად სხვანაირ ადამიანს ხომ არ ავირჩევდი?!
მე კი არა, ანა ვინც გაიცნო და ერთხელ ნახა, ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, დღემდე ისეთი რესპონდნეტები ურეკავენ და კითხულობენ, 10 წლის წინ ერთადერთხელ მხოლოდ ინტერვიუს გამო რომ შეხვდა.. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „სიტყვის ჯადოქარია“, ყველაზე რთული ამბავიც კი ისე შეუძლია დაწეროს, რომ თვალწინ გაგიცოცხლოს ყველა სურათი და მოქმედება... ამის დასტური მისი პირველი საჯარო პოსტია იმ ვერაგი დაავადების პოვნასა და აღმოჩენაზე, რომლის გამოც ახლა თქვენი შეწუხება მიწევს.
არ მეგულება ქვეყნად ისეთი გაწონასწორებული, შინაგანი ძალისა და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანი, როგორიც ანაა... ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას დიდი შემართებით და მოთმინებით უმკლავდებოდა... ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, თავის ტვინში გასული მეტასტაზებით...არ არის ადვილი მოსასმენი ეს დიაგნოზი, თუმცა, თავად ანა ისეთი სიმშვიდისა და მოთმინების მაგალითია ჩვენთვის, რომ სხვაგვარად ფიქრის უფლებაც კი არ გვაქვს.ჰოდა, ამ ბრძოლაში, მეგობრებო, თქვენი დახმარება გვჭირდება... მოგეხსენებათ, რამხელა ფინანსური რესურსი სჭირდება ონკოპციენტის მკურნალობას და ამ დაავდების მართვას.ინკოპაციენტების მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა, ამის პარალელურად უამრავი, სხვა ფინანსური ხარჯია (მედიკამენტები, არა გეგმიური ანალიზები, დამატებითი და „მოულოდენელი“ პრეპარატები)“...ჩვენ ერთხელ უკვე გავერთიანდით ანასთვის და წარმატებით დავძლიეთ პრობლემა, თუმცა, ამჯერადაც უნდა გთხოვოთ გვერდში დგომა - თქვენი და ანას კეთილი საქმეების იმედი მაქვს...
GE91TB7223445064300036
მიმღები: ანა კალანდაძე
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის".
თავად ანამ ცოტა ხნის წინ დაწერა საკუთარი მდგომარეობის შესახებ და აცნობა საზოგადოებას:
"ღმერთმა გაიფიქრა, მგონი, დიდი ხანია მოვადუნე ეს ქალიო და ახალი დაავადება გამომიგზავნა...
გამარჯობა, მე ონკოპაციენტი ვარ...
12 წლის ასაკში ელენთა ამომკვეთეს. ფაქტობრივად მას შემდეგ, რაც კი სამყაროში უცნაური დაავადება თუ ბაქტერიაა, ყველაფერი მომადგა. რომელი ორგანოც არ უნდა დაასახელო, ტომები აქვთ ექიმებს შექმნილი. "ძალიან საინტერესო ქეისია"- ასე მომიხსენიებენ.
2019 წლის ზაფხულში, მოულოდნელად, სისხლში კალიუმის დაცემის შედეგად, სიკვდილს შევხვდი - გული გამიჩერდა, მაგრამ ის ისივე გაბრუნდა, როგორ მოულოდნელადაც მოვიდა... თან, გამიმართლა, ტვინს ჟანგბადი მალევე მიეწოდა და არ დაზიანდა.
5 თვე იკვლევდნენ ჰიპოკალემიის მიზეზს, საბოლოოდ კი ვცხოვრობ "ბარტერის სინდრომით", რაც მანამდე ხერხემალზე 3 ოპერაციის შედეგად, სტეროიდული პრეპარატების გადამჭარბებულმა რაოდენობამ გამოიწვია და თირკმელები დააზიანა. მაქვს ხერხემალში 6 იმპლანტი და გულზე ICD.
(წვრილ-წვრილ არაორიგინალურ დაავადებებს არ ვასახელებ, ეგ აქ მოსატანი არ არის).
ვარ კიბორგის ბიძაშვილი, ან თუნდაც ფრანკენშტაინი, რომელიც გენებოთ.
საოპერაციო ბლოკში ისე შემიძლია შევიდე, როგორც კაფეში ყავის დასალევად. მაგრამ ზოგჯერ, ოპერაცია არაა გამოსავალი და არც ხსნა...
ზოგადად, ადამიანს ძალიან მყარი ფსიქიკა უნდა გქონდეს, რადგან სანამ რეალურ დიაგნოზებამდე მიდიხარ, გიწევს სხვადასხვა სახის ტკივილის ატანა, კლინიკებში რიგებში დგომა, რეანიმაციებში წოლა, უძილო დღე-ღამეების გადავლა, არაკომპენტური რჩევების მოსმენა, კოლოსალურ თანხებზე ფიქრი... ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ნერვულ სისტემაზე აისახება. მიუხედავად გადატანილისა, ძალიან ბევრს მშვიდი და გაწონასწორებული ვგონივარ. ვარ კიდეც, რადგან თითოეულ ჯანმრთელობის პრობლემას, ვხვდები როგორც ფაქტს, მოცემულობას და ვიღებ როგორც ცხოვრების მორიგ ეტაპს, რომელიც მყარად უნდა გავიარო და ამას სხვა ჩემს ნაცვლად არავინ და ვერავინ გააკეთებს.
ბევრჯერ მეტკინა, ძალიან ბევრჯერ. თუ ცალკეულ დღეებს, ან წუთებს არ ჩავთვლით, არასდროს ვყოფილვარ სრულად ბედნიერი. თუმცა, გვერდით სულ მყავდნენ ადამიანები, ვისგანაც მხარდაჭერას ვგრძნობდი. და დედა?! ქალი, რომელსაც შეუძლია კლინიკის რკინის სკამზე მჯდომმა, არაერთი ღამე გაათიოს, როცა მისი შვილი ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული.
ეს ქალი რკინაა, გრდემლია, გმირია...
არასდროს, არც ერთ ჩემს საქმეში თუ სამუშაო ადგილას, ბოროტ და შურიან ადამიანებთან შეხება არ მქონია, რაც დღევანდელ ეპოქაში, ფანტასტიკის სფეროა. ჩემთან სულ პირიქით ხდებოდა...
ამჯერადაც ასე აღმოჩნდა, როცა ახალ სამსახურში, სადაც სულ რაღაც 5 თვის მისული ვიყავი, ჩემს მხარდასაჭერად მთელი არმია დაირაზმა... და მყისიერი მობილიზება, ყოველდღიურ ზრუნვაში გადაიზარდა... ვგრძნობ როგორ განიცდიან, მკითხულობენ. და არა მხოლოდ, ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობა მთელმა ქვეყანამ გაიგო და განიცდის.
სიკვდილის არასდროს მეშინოდა, ვიცნობ - მხდალი და უსუსურია... მე მას სულ ვერევი! ზოგადად, ვარ უკვდავი და ეს არაერთხელ დამტკიცდა!..
ერთადერთი, რისაც ახლა მეშინია, მახსოვრობა არ დამიქვეითდეს, რაც ვიცი და მისწავლია, გონებამ ვერ შეინახოს, ვერ ვწერო - ვილაპარაკო, არ ვიყო არაადეკვატური, უფუნქციო და უმოქმედო, რადგან მიუხედავად ჩემი რთული ანამნეზისა, პასიურად არასდროს მიცხოვრია. ხელჯოხით გადაადგილებაც რომ მიწევდა, ათასი კილოგრამით ზედმეტს, შეშუპებული კიდურებით, შეცვლილი გარეგნობით, მაშინაც კი არ გავჩერებულვარ - თეატრებში პრემიერებზე, თუ პაემნებზე დავდიოდი.
ვიცი, აბსურდია, მაგრამ ახლა იმისიც მეშინია, ვერ ჩავიცვა ჩემი გაუთოებული, საკიდებზე ფერებისა და ტონების მიხედვით გადანაწილებული ტანსაცმელი, ვერ გამოვიყურებოდე ისე, როგორც მომწონდა და ვერ დავრჩე კვლავ 38 ზომა, რასაც უწინ და ბოლო წლებია ვინარჩუნებდი, მაგრამ სამწუხაროდ, სულ რამდენიმე დღეში სხეულს უკვე ვატყობ მკაფიო ცვლილებებს... უკონტროლო ფაზაა, ვერაფერს ცვლი.
ახლა, 44 წლის ასაკში, ვფიქრობ, ის ეტაპი მაქვს, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება შემიძლია სხვას ვუზიარო. ძალიან ბევრი ვნახე და გამოვიარე, უამრავი საინტერესო ადამიანს თავის პატარა სამყარო დავუტოვე. ეს მახარებს და იმედი მაქვს, რომ კიდეც შევძლებ, თუ დამაცდის ეს სიმსივნე.
აქამდე ვფრთხილობდი საჯაროდ მეთქვა, რადგან ზოგს არ მინდოდა რძე დაშრობოდა, ზოგს მნიშვნელოვან შეხვედრაზე შფოთვითი აშლილობა გამძაფრებოდა და ზოგსაც, ჩემ გამო შვებულების სილაღე არ შერჩენოდა, მაგრამ ყველას სცოდნია და ვადასტურებ.
ვერ ვიტან სხვას რომ ვაწუხებ, თავს ვახვევ პირად პრობლემებს, მაგრამ მაინც ისე გამოდის - დაუსრულებელ რეჟიმში ღელავთ და ეს ჩემთვის სრული დისკომფორტია.
ისე... ამას იქით ალბათ, არაფერია, ხომ?! მაგრამ რას ვიზამთ?! ვერაფერს.
დიაგნოზი რომ გავიგე, შოკი არ მიმიღია. "ვაჰ, ესეც მოვიდა"... - მშვიდად გავიფიქრე და სულ ეს იყო. არაფერი მითქვამს. ალბათ შინაგანი სიმყუდროვეს მიზეზი ის გახდა, რომ წამში გავიაზრე, თუ მოვკვდები, ეგ არაფერი, მერე რა?! მე ჩემი გავაკეთე. ვფიქრობ, სწორად ვიცხოვრე. ბევრი ადამიანი გავახარე. ჩემთვის ყოველთვის სხვა იყო პრიორიტეტი, რაც თავისთავად არასწორია, მაგრამ ჩემთვის ასე იყო კომფორტული - არავის დაუძალებია. დღეს მეამაყება, რომ ადამიანებთან ვიცხოვრე იმ დამოკიდებულებითა და მზრუნველობით, რაც მაბედნიერებდა და ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია.
ესაა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი...
მოკლედ, ასეა ჩემი ამბავი... გამოვლილის ფონზე, ფიზიკურად რას უნდა გავუძლო, ვერაფრით ვსაზღვრავ და ვერ ვაცნობიერებ, ამიტომ ვამჯობინებ მოსალოდნელ შედეგებზე დღეს და წინასწარ არ ვიფიქრო - მაქვს ეგ უნარი.
...ისე... მე როგორი სიყვარული შემიძლია, ეგ კი ვიცი, მაგრამ თქვენგან მაინც მიკვირს: როგორ შეგიძლიათ ჩემს მიმართ მუდამ უსაზღვრო სითბოს ავლენდეთ?! ალბათ ბოლომდე ვერასდროს გავიაზრებ, სამყაროსგან ეს სიყვარული რით დავიმსახურე?!"