2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში შებოლილი არომატიზატორის გამოყენებით წარმოებული ახალი პროდუქტის ბაზარზე განთავსება აღარ შეიძლება. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წელს მიიღეს, მას შემდეგ, რაც ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (EFSA) მათი უსაფრთხოება ხელახლა შეაფასა.
საუბარია ე.წ. კვამლის არომატიზატორებზე, რომლებსაც საკვებს შებოლილის გემოსა და სუნის მისაცემად უმატებენ. ასეთი ნივთიერებები შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა მზა საკვებში — სოუსებში, სუპებში, წასახემსებელ პროდუქტებში და სხვა საკვებში. ისინი ასევე გამოიყენებოდა ხორცის, თევზისა და ყველის ნაწარმში.
ევროკავშირის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ სპეციალისტებმა ამ ნივთიერებების შემთხვევაში გენოტოქსიკურობის შესაძლო რისკი ვერ გამორიცხეს. მარტივად რომ ვთქვათ, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შემადგენლობაში არსებულ ზოგიერთ ნივთიერებას უჯრედების გენეტიკური მასალის — დნმ-ის — დაზიანების უნარი შეიძლება ჰქონდეს.
გენოტოქსიკურობა ნიშნავს ქიმიური ნივთიერების უნარს, დააზიანოს უჯრედის გენეტიკური მასალა.
ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში დნმ მუდმივად ინახავს ინფორმაციას, რომელიც უჯრედების სწორ მუშაობას უზრუნველყოფს. გენეტიკური მასალის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მუტაციები. EFSA განმარტავს, რომ ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა გაზარდოს ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა კიბო, ასევე გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადებები.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ასეთ არომატიზატორიან პროდუქტს შეჭამს, აუცილებლად დაავადდება ან კიბო განუვითარდება.
საუბარია შესაძლო გრძელვადიან რისკზე. სწორედ ამიტომ ევროკავშირის მიდგომა პრევენციულია — თუ გენოტოქსიკურობის საფრთხის გამორიცხვა არსებული მონაცემებით შეუძლებელია, ასეთი ნივთიერების ხანგრძლივი გამოყენების გაგრძელება უსაფრთხოდ ვერ ჩაითვლება.
EFSA განსაკუთრებით აღნიშნავს კიდევ ერთ გარემოებას: გენოტოქსიკური ნივთიერებებისთვის ისეთი „უსაფრთხო დოზის“ დადგენა, რომლის ქვემოთაც რისკი ნამდვილად არ არსებობს, შეუძლებელია.
არა. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ხშირად იკარგება ინფორმაციაში, თითქოს „ევროკავშირმა 1 ივლისიდან შებოლილი არომატიზატორები სრულად აკრძალა“.
2026 წლის 1 ივლისი გარდამავალი პერიოდის დასასრულია საკვების უმეტესი კატეგორიისთვის. ამ თარიღამდე კანონიერად ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შეიძლება გაყიდვაში დარჩეს მისი ვარგისიანობის ან გამოყენების ვადის გასვლამდე.
ამასთან, რამდენიმე მნიშვნელოვანი კატეგორიისთვის ევროკავშირმა გაცილებით ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი დატოვა.
ყველი და ყველის ნაწარმი, ხორცი და ხორცპროდუქტები, გადამუშავებული თევზი და ზღვის პროდუქტები, ასევე თევზის ქვირითი შესაბამისი კვამლის არომატიზატორებით ევროკავშირის ბაზარზე 2029 წლის 1 ივლისამდე შეიძლება განთავსდეს. ამის მიზეზად ევროკავშირის რეგულაციაში მითითებულია ისიც, რომ ამ სფეროებში კვამლის არომატიზატორები ხშირად ტრადიციულ შებოლვას ანაცვლებს და საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლას შესაძლოა მნიშვნელოვანი ინვესტიცია და დრო დასჭირდეს.
შესაბამისად, მაგალითად, 2026 წელს ევროკავშირის მაღაზიაში ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ხორცპროდუქტის ნახვა თავისთავად კანონდარღვევას არ ნიშნავს.
ევროკავშირის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ტრადიციული შებოლვის აკრძალვას არ ნიშნავს. ის ეხება კონკრეტულ კვამლის არომატიზატორებს.
თუმცა არც ის იქნება სწორი, რომ ბუნებრივ კვამლში შებოლვა სრულიად უვნებელ მეთოდად მივიჩნიოთ. კვამლში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური ნაერთი, ამიტომ ძალიან ხშირად და დიდი რაოდენობით შებოლილი საკვების მიღება ჯანსაღი კვების საუკეთესო არჩევანი არ არის.
ანუ ორი საკითხი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ: ევროკავშირის ახალი შეზღუდვა ეხება კონკრეტულ კვამლის არომატიზატორებს, ხოლო ტრადიციულად შებოლილ საკვებს თავისი ცალკე ჯანმრთელობის რისკები აქვს.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგივე ნივთიერებები იმავე დღეს მთელ მსოფლიოში აიკრძალება. თითოეულ ქვეყანას ან რეგიონს საკვები დანამატებისა და არომატიზატორების საკუთარი კანონმდებლობა აქვს.
მაგრამ ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ნივთიერება ჯერ კიდევ ნებადართულია, არ აუქმებს EFSA-ს მიერ გამოვლენილ რისკს. თუ ადამიანი რეგულარულად იღებს პროდუქტებს ისეთი კვამლის არომატიზატორებით, რომელთა გენოტოქსიკურობის რისკიც ვერ გამოირიცხა, მთავარი შესაძლო საფრთხე დაკავშირებულია გენეტიკური მასალის დაზიანებასთან და, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკის შესაძლო ზრდასთან. თუმცა კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური რისკის პროცენტულად განსაზღვრა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
ამიტომ არც პანიკაა საჭირო და არც იმის თქმა შეიძლება, რომ ასეთი პროდუქტების მოხმარება „აუცილებლად კიბოს იწვევს“. ევროკავშირის გადაწყვეტილების არსი სხვა რამეა: როდესაც საკვებში გამოყენებული ნივთიერების გენოტოქსიკური ეფექტის უსაფრთხოდ გამორიცხვა შეუძლებელია, მისი შემდგომი ფართო გამოყენება გაუმართლებელ რისკად მიიჩნიეს.
ყველაზე მარტივი გზა პროდუქტის ეტიკეტის წაკითხვაა. მხოლოდ შეფუთვის წინა მხარეს გამოსახული კვამლი, გრილი ან სიტყვა „შებოლილი“ საკმარისი ინფორმაცია არ არის — საინტერესოა ინგრედიენტების ჩამონათვალიც და ის, თუ როგორ არის მიღებული შებოლილის არომატი.
ამასთან, უკვე ნაყიდი პროდუქტის გადაგდება ან იმის შიში, რომ მისი ერთხელ ან რამდენჯერმე მიღება ჯანმრთელობის მძიმე პრობლემას გამოიწვევს, საფუძვლიანი არ არის. ევროკავშირის გადაწყვეტილება პირველ რიგში გრძელვადიანი სურსათის უვნებლობისა და შესაძლო ქრონიკული რისკის შემცირებას ემსახურება.
ევროკავშირმა მწარმოებლებსაც სწორედ ამიტომ მისცა რამდენიმე წელი ტექნოლოგიისა და რეცეპტურის შესაცვლელად — საკვების უმეტეს კატეგორიაში გარდამავალი პერიოდი 2026 წლის 1 ივლისს დასრულდა, ხოლო ხორცის, ყველის, გადამუშავებული თევზისა და თევზის ქვირითის შემთხვევაში საბოლოო ვადა 2029 წლის 1 ივლისია.
„პროდუქტის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტების ჩამონათვალს. თუ მასში წერია "smoke flavouring" — კვამლის არომატიზატორი, ეს ნიშნავს, რომ შებოლილის გემო პროდუქტს სპეციალური არომატიზატორის დამატებით მიეცა და არა აუცილებლად ტრადიციული შებოლვით.