სახეზე გაჩენილი ჩირქოვანი გამონაყარის ხელით მოშორება ბევრისთვის ჩვეულებრივი ჩვევაა. ხშირად გვგონია, რომ პატარა მუწუკის მოჭერა ან გახსნა განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა სახეზე არსებობს ზონა, სადაც ჩირქოვანი წარმონაქმნის დაზიანებამ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება საკმაოდ მძიმე გართულებები გამოიწვიოს.
ეს არის ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამო, რომელსაც სამედიცინო და პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად „სახის საშიშ სამკუთხედს“ ან „სიკვდილის სამკუთხედს“ უწოდებენ. განსაკუთრებული სიფრთხილის მიზეზი ამ მიდამოს ვენური სისხლის მიმოქცევის თავისებურებაა — სახის ზოგიერთი ვენა კავშირშია თავის ქალის შიგნით მდებარე ვენურ სისტემასთან, მათ შორის კავერნოზულ სინუსთან. ამიტომ ამ არეში განვითარებული ინფექცია ძალიან იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ღრმა ქსოვილებისა და თავის ქალის შიგნითაც გავრცელდეს.
ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე სწორედ ამ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რატომ არ ღირს ამ ზონაში ჩირქოვანი გამონაყარის ხელით მოჭერა ან სხვა გზით დაზიანება: „არ გაპანიკებთ, მაგრამ ამისი არ გათვალისწინება შეიძლება დასრულდეს თავის ტვინის გარსების ანთებით, ანუ მენინგიტით, თავის ტვინში ჩირქგროვების ფორმირებით, ანუ აბსცესით და ასევე კავერნოზული სინუსის თრომბოზითაც. ადამიანს სახეზე აქვს სიკვდილის სამკუთხედი. ეს არ არის რაღაც მეტაფორული ნათქვამი. ეს სამკუთხედი იწყება იქ, სადაც შუბლის ძვალი ცხვირს უერთდება — მოდი, ამას ცხვირის ძირი დავარქვათ — და მთავრდება ტუჩის კუთხეებთან. თუ ამ მიდამოში იქნება ჩირქგროვა, რომელსაც სამეცნიერო ენაზე პუსტულა ჰქვია, არასდროს შეეხოთ მას ხელით და გეტყვით რატომ.ამ მიდამოში გვაქვს სახის ვენები. ამ ვენებს ადამიანთა ნაწილში აქვს სარქველები, ნაწილში კი — არა. იმ ადამიანებში, ვისაც აქ არსებულ ვენებში სარქველები არ აქვს, ჩირქგროვის ხელით დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა ბაქტერიების ნაწილი ვენების საშუალებით უკუდინებით, ანუ რეტროგრადულად, თავის ქალას ღრუში არსებულ კავერნოზულ სინუსში მოხვდეს და იქ თრომბოზი გამოიწვიოს. ამას შეიძლება მოჰყვეს თავის ტვინის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წყვილი ნერვების დაზიანება და დამბლა, სიელმე. მაგრამ ამის მიღმა ადამიანს შეიძლება დაემართოს თავის ტვინის გარსების ანთება — მენინგიტი და თავის ტვინში ჩირქგროვის, ანუ აბსცესის ფორმირება.დაიმახსოვრეთ, ამ სამკუთხედში არსებულ ჩირქგროვებს ხელით არასდროს ვეხებით. თუ ძალიან გაღიზიანდა, მივდივართ ექიმთან, რომელიც შესაბამის მედიკამენტებს დაგვინიშნავს, მაგრამ ჩვენით მას არ ვხსნით, არ ვაწვალებთ და არ ვაღიზიანებთ, იმიტომ, რომ ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დასრულდეს“, — განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.