ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ნედლი ქულა საბოლოო შედეგის დასადგენად ყოველთვის საკმარისი არ არის. თუ კონკრეტულ გამოცდაში რამდენიმე ვარიანტი გამოიყენება, აბიტურიენტების შედეგები გათანაბრებას ექვემდებარება, რადგან სხვადასხვა ვარიანტის აბსოლუტურად ერთნაირი სირთულის შექმნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გათანაბრების შემდეგ კი შედეგები უკვე სკალირდება და აბიტურიენტი საბოლოო სკალირებულ ქულას იღებს.
მაგრამ რას ნიშნავს გათანაბრება, რატომ შეიძლება ერთსა და იმავე გამოცდაზე ერთ აბიტურიენტს მიღებულ ქულასთან შედარებით მხოლოდ რამდენიმე მეათედი დაემატოს, მეორეს კი 6 ქულაზე მეტი და, რაც მთავარია, რატომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რომელიმე აბიტურიენტს სისტემა უბრალოდ "ბონუს ქულებს" აძლევს?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია თავად გათანაბრების პრინციპის გაგება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, ქულების გათანაბრების მექანიზმი საჭიროა მაშინ, როდესაც ერთი გამოცდისთვის ტესტის რამდენიმე ვარიანტი გამოიყენება. მისი მიზანია ამ ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების კომპენსირება.
ტესტის სხვადასხვა ვარიანტის შედგენისას ყურადღება ექცევა იმას, რომ მათი სტრუქტურა, დავალებების ტიპი და სირთულე მაქსიმალურად თანაბარი იყოს. თუმცა აბსოლუტური თანაბრობის მიღწევა შეუძლებელია. ცენტრის განმარტებით, ზოგჯერ ერთი და იმავე დავალების ფორმულირების მცირედმა ცვლილებამაც კი შეიძლება მისი სირთულე შეცვალოს. შესაბამისად, შეუძლებელია გარანტირება, რომ ორი ვარიანტი ქულების ყველა დიაპაზონში ზუსტად ერთნაირი სირთულის იქნება.
სწორედ ამიტომ არ შეიძლება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული, მაგალითად, 40 ქულა ავტომატურად ჩაითვალოს აბსოლუტურად იდენტურ შედეგად.
აუცილებელია იმის დადგენა, რა სტატისტიკურ პოზიციას იკავებს ეს 40 ქულა იმავე ვარიანტის შედეგების განაწილებაში.
NAEC-ის განმარტების მიხედვით, გათანაბრებისას ითვლება, რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმავე გამოცდის სხვა ვარიანტის დაწერის შემთხვევაში. შემდეგ მის ნედლ ქულასა და სხვა ვარიანტებში მის სავარაუდო ქულებს შორის ირჩევა მაქსიმალური მნიშვნელობა - სწორედ ეს ხდება აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა.
სხვა სიტყვებით, გათანაბრებული ქულა არის ის სავარაუდო შედეგი, რომელსაც აბიტურიენტი მიიღებდა, ყველაზე მარტივი ვარიანტი რომ დაეწერა.
ეს ბოლო განმარტება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: გათანაბრებული ქულა არ არის აბიტურიენტისთვის დამატებული ქულების რაოდენობა. მაგალითად, თუ ნედლი ქულაა 48, ხოლო გათანაბრებული - 54.83, ეს არ ნიშნავს, რომ აბიტურიენტს "6.83 ბონუს ქულა" დაეწერა. 54.83 არის იმავე აბიტურიენტის შედეგის გათანაბრებული მნიშვნელობა სხვადასხვა ვარიანტში მისი სტატისტიკური პოზიციის გათვალისწინებით.
აქ უკვე მთავარი ცნება - პროცენტული რანგი შემოდის.
რადგან თითოეულ ვარიანტს ათასობით აბიტურიენტი წერს და მათი განაწილება შემთხვევითი პრინციპით ხდება, ცენტრი იყენებს პროცენტული რანგების მეთოდს. მისი საშუალებით დგინდება, რა პოზიციას იკავებს აბიტურიენტის შედეგი მის მიერ დაწერილი ვარიანტის მონაწილეთა შედეგების საერთო განაწილებაში. შემდეგ სხვა ვარიანტში ეძებენ შესაბამის ქულას, რომელიც იმავე პროცენტულ რანგს შეესაბამება.
მაგალითად, NAEC-ის ოფიციალურ განმარტებაში მოყვანილია პირობითი შემთხვევა: თუ იაშვილმა I ვარიანტში 35 ქულა აიღო და ამ შედეგით თავისი ვარიანტის აბიტურიენტების 50%-ს აჯობა, ხოლო II ვარიანტში იგივე 50%-იანი პოზიცია 40 ქულას შეესაბამება, მაშინ I ვარიანტის 35 ქულა II ვარიანტის 40 ქულასთან გაიგივდება.
პროცენტული რანგი არ არის გამოცდაზე მიღებული ქულის პროცენტი.
მაგალითად, თუ აბიტურიენტმა 50 ქულიდან 25 ქულა აიღო, ეს არ ნიშნავს, რომ მისი პროცენტული რანგი 50%-ია.
პროცენტული რანგი აჩვენებს, თავის ვარიანტში აბიტურიენტმა შედეგების განაწილების მიხედვით დაახლოებით რამდენ მონაწილეს აჯობა.
NAEC-ის განმარტებით, კონკრეტული ქულის პროცენტული რანგი მიიღება ამ ქულაზე ნაკლები ქულების მქონე აბიტურიენტების პროცენტული რაოდენობისა და ზუსტად იგივე ქულის მქონე აბიტურიენტების პროცენტული რაოდენობის ნახევრის ჯამით.
ამიტომ პროცენტული რანგი გვიჩვენებს არა უბრალოდ, რამდენი დავალება შეასრულა აბიტურიენტმა, არამედ სად მდებარეობს მისი შედეგი იმავე ვარიანტის მონაწილეთა საერთო განაწილებაში, ანუ რამდენს "აჯობა" ან რამდენმა "აჯობა" მას.
სწორედ ამიტომ შეიძლება 19 ქულას თითქმის არაფერი დაემატოს, 48 ქულას კი - 6 ქულაზე მეტი
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრების ცხრილში ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს ინგლისური ენის I ვარიანტში.
მაგალითად, 19 ქულის შემთხვევაში ცხრილში ვხედავთ:
შესაბამისად, 19 ქულის გათანაბრების შედეგად მატება მხოლოდ:
+0.53 ქულაა.
სხვა სურათს ვხედავთ მაღალი ქულების დიაპაზონში. ინგლისურის I ვარიანტში 48 ქულას შეესაბამება:
ანუ:
48 - 54.83
მატება კი:
+6.83 ქულაა.
იმიტომ, რომ სხვადასხვა ვარიანტში ქულასა და პროცენტულ რანგს შორის დამოკიდებულება ერთნაირი არ არის.
I ვარიანტში 48 ქულას 48.2729 პროცენტული რანგი აქვს. სხვა ვარიანტში ზუსტად ამავე პროცენტულ რანგს ერთი კონკრეტული ნედლი ქულა შეიძლება პირდაპირ არ შეესაბამებოდეს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი მნიშვნელობა მეზობელი ქულების მონაცემების მიხედვით განისაზღვრება. სწორედ ამ გამოთვლის შედეგად 48 ქულა გათანაბრების შემდეგ 54.83 ქულად განისაზღვრა.
19 ქულის შემთხვევაში კი სურათი განსხვავებულია: 19 ქულის 11.1-პროცენტიან რანგთან შესაბამისი შედეგები სხვა ვარიანტებში ერთმანეთთან შედარებით ახლოსაა. ამიტომ გათანაბრებული მნიშვნელობაც მხოლოდ მცირედით იცვლება — 19-დან 19.53-მდე.
2025 წლის გათანაბრების ცხრილის წაკითხვისას კიდევ ერთი ტერმინი გვხვდება - ქულათა სიმკვრივე.
ამ მონაცემში ის გვიჩვენებს, რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო კონკრეტული ნედლი ქულა კონკრეტულ ვარიანტში.
მაგალითად, ინგლისურის I ვარიანტში 19 ქულა 117 აბიტურიენტმა მიიღო, 48 ქულა კი - 131-მა.
თუმცა, მხოლოდ ეს რიცხვი არ განსაზღვრავს გათანაბრებულ ქულას.
მნიშვნელოვანია მთელი განაწილება - კონკრეტულ ქულაზე ნაკლები შედეგები, ზუსტად იმავე ქულის მქონე მონაწილეები და, საბოლოოდ, ამ მონაცემებიდან მიღებული პროცენტული რანგი.
ამიტომ შეიძლება ორ სხვადასხვა ქულას მსგავსი "სიმკვრივე" ჰქონდეს, მაგრამ მათი პროცენტული რანგები და გათანაბრებული შედეგები სრულიად განსხვავებული იყოს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გათანაბრების შესახებ მსჯელობისას ხშირად იკარგება.
NAEC-ის ოფიციალური განმარტებით, თუ ერთ ვარიანტში, მაგალითად, 35 ქულაზე მაღალი შედეგის მიღება უფრო რთული აღმოჩნდა, აქედან ავტომატურად ვერ დავასკვნით, რომ იგივე ვარიანტი 60 ქულის მიღების თვალსაზრისითაც უფრო რთული იყო.
ამის მიზეზია ის, რომ ტესტის სირთულე შეიძლება ქულების სხვადასხვა დიაპაზონში განსხვავებულად გამოვლინდეს.
ცენტრს ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს პირობითი მაგალითიც: თუ ერთ ვარიანტში ყველა დავალება საშუალო სირთულისაა, ხოლო მეორეში ნახევარი ძალიან მარტივი და ნახევარი ძალიან რთული, დაბალი ქულების დიაპაზონში შეიძლება პირველი ვარიანტი უფრო რთული აღმოჩნდეს, მაღალი ქულების დიაპაზონში კი - მეორე.
ამიტომ უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ:
ერთი ვარიანტი შეიძლება მეორე ვარიანტზე უფრო რთული იყოს კონკრეტულ ქულათა დიაპაზონში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გათანაბრების შედეგად აბიტურიენტის ქულა არ მცირდება, მაგრამ მაქსიმალური ქულა მაინც მაქსიმალურ ქულად რჩება.
NAEC-ის განმარტებით, გათანაბრებული ქულა ყოველთვის ნედლ ქულაზე მეტი ან მისი ტოლია, რადგან საბოლოო გათანაბრებულ მნიშვნელობად ნედლ და გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი აიღება. თუმცა მაქსიმალური ქულის მქონე აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა ისევ მაქსიმალური ქულის ტოლი იქნება.
გათანაბრება მხოლოდ საბოლოო ქულის ცვლილებას არ ემსახურება.
NAEC-ის განმარტებით, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვაც გათანაბრების შემდეგ განისაზღვრება. ეს ნიშნავს, რომ შედარებით რთული ვარიანტის დაწერის შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია ზღვარი გათანაბრების შედეგად გადალახოს, თუ მისი შედეგი შესაბამისი პროცენტული პოზიციის მიხედვით ამას იძლევა. საბოლოო პრინციპი ასეთია: არც ერთ ვარიანტში არ უნდა ჩაიჭრას იმაზე მეტი აბიტურიენტი, ვიდრე ყველაზე ადვილ ვარიანტში ჩაიჭრებოდა.
2025 წლის გათანაბრების ცხრილების ანალიზი აჩვენებს, რომ იმ მონაცემებში, რომლებიც ცხრილშია წარმოდგენილი, ყველაზე დიდი მატება ინგლისური ენის გამოცდაზე დაფიქსირდა - 6.83 ქულა.
ინგლისური ენის I ვარიანტში, მაგალითად:
48 ქულა - 54.83 ქულა
ანუ:
+6.83 ქულა.
ამავე მაქსიმალურ მატებას ცხრილში 49 ქულის შემთხვევაშიც ვხედავთ - 49 ქულა გათანაბრებულია 55.83 ქულამდე, რაც ასევე +6.83-ს შეადგენს.
შედარებისთვის, 2025 წლის ცხრილში სხვა საგნებში მაქსიმალური მატებები უფრო მცირეა:
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, 2025 წლის გათანაბრების ცხრილში ყველაზე დიდი დაფიქსირებული მატება სწორედ 6.83 ქულაა.
გათანაბრების პრინციპის გასაგებად ყველაზე მარტივი ფორმულირება ასეთია:
აბიტურიენტს არ ემატება უბრალოდ "ბონუს ქულა".
ჯერ დგინდება, რა სტატისტიკურ პოზიციას იკავებს მისი ნედლი ქულა იმ ვარიანტის შედეგებში, რომელიც დაწერა. ეს პოზიცია პროცენტული რანგით გამოიხატება. შემდეგ სხვა ვარიანტებში ეძებენ შესაბამის ქულას, რომელიც იმავე პროცენტულ რანგს შეესაბამება.
2025 წლის ქულათა გათანაბრების ცხრილი, თუ რა ქულები დაემატათ ვარიანტების მიხედვით სხვადასახვა საგანში აბიტურიენტებს გასულ წელს, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ მონაცემები ყოველ წელს იცვლება. გათანაბრების პრინციპი კი უცვლელია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურადაა გამოქვეყნებული.
თამარ იაკობაშვილი