გადარჩენილი მომავალი: ომის ტოლი ქეთოს ამბავი და ცნობილი აქცია - „გადაიხადე რამდენიც გინდა“ - მშობლები

გადარჩენილი მომავალი: ომის ტოლი ქეთოს ამბავი და ცნობილი აქცია - „გადაიხადე რამდენიც გინდა“

2026-08-11 16:20:08+04:00

2008 წლის აგვისტოს იმ უმძიმეს დღეებში, როდესაც ცას თვითმფრინავების გუგუნი და აფეთქების ხმა ავსებდა, ომის ცეცხლის შუაგულში, ახალი სიცოცხლე იბადებოდა - ბავშვი, რომელსაც სამყაროში მოვლენისთანავე უწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის...

ეს ქეთო დოიჯაშვილის ამბავია. გოგონასი, რომელიც 7 აგვისტოს, სოფელ ერგნეთის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე, გორის სამშობიაროში დაიბადა.

ქეთოს დედა იმ წუთებს იხსენებს, როცა სამშობიაროს მინები იმსხვრეოდა და აფეთქების ხმები ისმოდა. იმ მომენტში მისთვის მხოლოდ შვილის გადარჩენის ინსტინქტი არსებობდა:

„7 აგვისტომდე ისეთი სროლა იყო დაწყებული, მივხვდით, ცუდად რომ იყო საქმე. ეტყობა ამ ნერვიულობაზე დამეწყო მუცლის ტკივილი და დაიბადა ქეთო, 7-ში, ღამე. რომ გათენდა, დაიწყო საჰაერო თვითმფრინავები და მახსოვს ის ხმა, თვითმფრინავი რომ წავიდოდა და მობრუნდებოდა, რკალს გააკეთებდა და მერე აგდებდა რაღაცას... ბავშვს დავაფარე სახეზე ხელი, თოთო ბავშვს, მივიკარი გულზე და გავიქეცი დაბლა. არავის ხმა არ მესმოდა, უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ბავშვი გადამერჩინა და სახეზე ხელი დავაფარე, მინების მსხვრევა რომ იყო, სახე არ დაჭროდა ბავშვს.“ - იხსენებს ქეთოს დედა.

ქეთო გადარჩა. გადარჩა დედაც. სწორედ აქედან იწყება ქეთოს ისტორიაც, ნანგრევებიდან - საკუთარ სამყარომდე.

„ქეთოს წლები ვეუბნებოდით, რომ შენ ომის ტოლი ხარ, შენ დაამარცხე პირველმა რუსეთიც და სიკვდილიც, შენ გაიმარჯვე შენი დაბადებით...“, - ამბობს ქეთოს დედა.

თუმცა, დოიჯაშვილების ოჯახისთვის ომი უცხო არ ყოფილა:

- „ჩვენ 90-იანი წლიდან დევნილები ვართ და ცხოვრება რომ დავიწყეთ აქ, ამ ადგილზე, ეს ერთი ოთახი გვქონდა. დაგვრჩა მართლა მუზეუმად. ბომბი წინიდან მოხვდა და დაინგრა“.

იმ ადგილას, სადაც ომმა ნანგრევები დატოვა, ქეთომ საკუთარი სულიერი სამყარო ააშენა. ის ხატავს, უკრავს გიტარაზე და სამოქალაქო აქტივიზმით დაკავებულს, ბევრი ოცნება აქვს ასახდენი.

„ხატვა მიყვარს და ხატვის დროსაც ვუსმენ მუსიკას. ვსწავლობ გიტარას. მომავალში მინდა, რომ ყველა ინსტრუმენტზე ვისწავლო დაკვრა. მინდა, რომ ხატვაზეც შევიდე და უფრო კარგად ვისწავლო. ხატვა მეხმარება, რომ შინაგანად გამოვხატო ჩემი თავი“, - ამბობს ქეთო.

წელს ქეთოს 18 წელი შეუსრულდა. ის უკვე ზრდასრული, მიზანდასახული ახალგაზრდაა, რომელიც ცხოვრების ყველაზე საინტერესო, სტუდენტურ ეტაპზე დგამს ნაბიჯს:

„დავიწყე გამოცდებზე ზრუნვა. მარტოს მომიწია იმ საგნების ჩაწერა, არჩევა, უნივერსიტეტების ჩაწერა, და მანდ მივხვდი, რომ ის ფაზა იწყებოდა, როდესაც დამოუკიდებელი უნდა ვიყო და ჩემს თავზე მე თვითონ უნდა ვაგო პასუხი.“

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - მხარდაჭერა ქეთოს მომავალს

სწორედ ქეთო დოიჯაშვილი გახდა გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ტრადიციული აქციის, „გადაიხადე რამდენიც გინდა“, მთავარი გმირი. კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსის“ ფილიალებში მკითხველს შეუძლია შეიძინოს თამრი ფხაკაძის რომანი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ - წიგნი, რომელიც სწორედ იმ მიწასა და ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებმაც ომს გაუძლეს.

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შეიძინეთ წიგნი იმ ფასად, რაც თქვენთვის სამართლიანია.

  • 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% გადაერიცხება ქეთოს სტუდენტობის მხარდამჭერ ფონდში.
  • 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა კი სრულად (100%) მოხმარდება ქეთოს განათლებასა და ახალ შესაძლებლობებს.

(აქცია მოქმედებს „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში; თითოეულ მომხმარებელზე გაიცემა 1 ეგზემპლარი).

მოდით, ერთად გავხდეთ იმ გოგონას მხარდამჭერები, რომელმაც თავისი დაბადებით სიკვდილსა და ომზე გაიმარჯვა!

R