2009 წლის 16 თებერვალს აშშ-ის კონექტიკუტის შტატის ქალაქ სტენფორდში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და კიდევ ერთხელ წამოჭრა კითხვა, რამდენად უსაფრთხოა გარეული ცხოველების "მოშინაურება" და შინაურ პირობებში ყოლა.
...იმ დღეს 13 წლის შიმპანზე ტრევისი თავისი პატრონის, სანდრა ჰეროლდის მეგობარსა და თანამშრომელს, 55 წლის ჩარლა ნეშს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ქალმა სიცოცხლისთვის საშიში და უმძიმესი დაზიანებები მიიღო. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ ტრევისი მოკლეს, ხოლო ნეში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
შიმპანზე ტრევისი 1995 წლის 21 ოქტომბერს მისურის შტატში, ქალაქ ფესტუსთან ახლოს, დაიბადა. არსებული ცნობებით, სანდრა და ჯერომ ჰეროლდებმა ის მხოლოდ რამდენიმე დღის ასაკში, დაახლოებით, 50 000 დოლარად შეიძინეს და კონექტიკუტში წაიყვანეს. ცოლ-ქმარი ტრევისს ოჯახის წევრად, ფაქტობრივად, შვილად აღიქვამდა.
მოგვიანებით, როდესაც ჯერომ ჰეროლდი გარდაიცვალა, ტრევისი სანდრა ჰეროლდის მუდმივ თანამგზავრად დარჩა.
სანდრა ჰეროლდსა და ჯერომ ჰეროლდს ქალიშვილი - სიუზანი ჰყავდათ, რომელიც 2000 წლის სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. 2004 წელს, სანდრას მეუღლე ჯერომ ჰეროლდი კიბოთი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტრევისი სანდრასთვის, ფაქტობრივად, ოჯახის წევრისა და შვილის შემცვლელი გახდა.
შიმპანზე ადამიანებთან მაქსიმალურად ახლოს გარემოში იზრდებოდა. პატრონებთან ერთად ჭამდა, მათ სახლსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობდა, ატარებდა ტანსაცმელს და სხვადასხვა ადამიანურ ჩვევას იყო მიჩვეული. ტრევისი ასევე გამოჩნდა რეკლამებსა და სატელევიზიო გადაცემებში, რის გამოც სტენფორდის მოსახლეობისთვის ის საკმაოდ ცნობილი ცხოველი გახდა.
თუმცა გარეგნულად მშვიდი და ადამიანებთან კარგად ადაპტირებული შიმპანზე მაინც გარეული ცხოველი იყო. სწორედ ეს გარემოება გახდა ტრევისის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
თავდასხმამდე, დაახლოებით, ექვსი წლით ადრე ტრევისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საგანგაშო შემთხვევა მოხდა. 2003 წელს, როდესაც ის სანდრა ჰეროლდის ავტომობილში იმყოფებოდა, გამვლელმა მანქანის მიმართულებით ცარიელი ბოთლი ისროლა. მოულოდნელმა ქმედებამ ტრევისი გააბრაზა. მან ღვედი მოიხსნა, მანქანიდან გადმოვიდა და ქუჩაში გაიქცა. პოლიცია მის დაჭერას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
ამ შემთხვევის შემდეგ კონექტიკუტში გამკაცრდა წესები მძიმე პრიმატების ფლობასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა 50 ფუნტზე, დაახლოებით 23 კილოგრამზე, მეტი წონის პრიმატების მფლობელობას ზღუდავდა. მოგვიანებით, თავად კონექტიკუტის საკანონმდებლო განხილვებში პირდაპირ აღინიშნა, რომ კანონში არსებული გამონაკლისი ტრევისის შემთხვევას უკავშირდებოდა.
ტრევისი კი ოჯახთან დარჩა.
2009 წლის ცნობილი თავდასხმის შემდეგ კონექტიკუტის ხელისუფლებამ უკვე უფრო მკაცრი საკანონმდებლო ზომების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. შტატის გენერალურმა პროკურორმა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში ოფიციალურად წარადგინეს ინიციატივა, რომელიც შიმპანზეებისა და სხვა სახიფათო გარეული ცხოველების კერძო მფლობელობის აკრძალვას ითვალისწინებდა.
2009 წლის 16 თებერვალს სანდრა ჰეროლდმა მეგობარს, ჩარლა ნეშს, დახმარება სთხოვა. ტრევისი სახლიდან გასულიყო და სიტუაცია უკვე დაძაბული იყო. ნეში მის დასაბრუნებლად მივიდა. მას ხელში ტრევისის ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო ეჭირა.
მომხდარის ზუსტი ფსიქოლოგიური მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ამბობენ, რომ სანდრას მეგობარ ნეშს, რომელსაც შიმპანზე წლები იცნობდა და მიჩვეულიც იყო, იმ დღეს ახალი ვარცხნილობა ჰქონდა და შიმპანზეს, რომელიც ისედაც გაღიზიანებული იყო, ეს ეუცნაურა... ზუსტად ცნობილია ის, რომ ტრევისმა მოულოდნელად ქალს შეუტია. იმ დროს შიმპანზე დაახლოებით 200 ფუნტს, ანუ 90 კილოგრამზე მეტს, იწონიდა.
სანდრა ჰეროლდი მეგობრის დახმარებას ცდილობდა და ტრევისის შეჩერებას ნიჩბითა და დანითაც შეეცადა. მან პოლიციაში დარეკა და ოპერატორს აცნობა, რომ შიმპანზე ნეშს თავს დაესხა.
ადგილზე მისულმა პოლიციის ოფიცერმა ტრევისს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ცხოველი მასაც აგრესიულად დაესხა თავს. დაჭრილი შიმპანზე სახლისკენ გაჩოჩდა, სადაც მალევე დაიღუპა.
ტრევისის თავდასხმის შედეგად ჩარლა ნეშმა სახისა და ხელების უმძიმესი დაზიანებები მიიღო. მან დაკარგა ცხვირი, ტუჩები და ქუთუთოები, ხოლო სახის მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე ტრავმების შედეგად დაზიანდა. თავდასხმის შემდეგ ნეშმა მხედველობაც დაკარგა.
მისი მკურნალობა წლების განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ ის იმ პაციენტებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მედიცინის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული რეკონსტრუქციული ოპერაცია გაიარეს.
2011 წლის მაისში ბოსტონის Brigham and Women's Hospital-ში 30-ზე მეტი ექიმის, ექთნისა და ანესთეზიოლოგისგან შემდგარმა გუნდმა ჩარლა ნეშს სახის სრული ტრანსპლანტაცია ჩაუტარა. ოპერაცია 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ექიმებმა აღადგინეს სახის კანი, ცხვირი, ტუჩები, სახის მიმიკური კუნთები და ნერვები, ასევე ზედა სასა და კბილები.
იმავე ოპერაციის ფარგლებში ნეშს ხელის ორმაგი ტრანსპლანტაციაც ჩაუტარდა, თუმცა გადანერგილმა ხელებმა საბოლოოდ სათანადოდ ვერ იმუშავა და მათი ამოღება გახდა საჭირო.

ნეშის შემთხვევა იმ დროისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სახის სრული ტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ უაღრესად იშვიათი და ტექნიკურად რთული პროცედურა გახლდათ.
თავდასხმიდან დაახლოებით 15 თვის შემდეგ, 2010 წლის მაისში, სანდრა ჰეროლდი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად აორტის ანევრიზმის გახეთქვა დასახელდა.
ამასობაში ჩარლა ნეშის ოჯახმა ჰეროლდის ქონების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო. თავდასხმის შემდეგ საქმე არა მხოლოდ ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის, არამედ იმ სახელმწიფო რეგულაციების საკითხსაც შეეხო, რომლებიც საშიში ეგზოტიკური ცხოველების კერძო მფლობელობას არეგულირებდა.
ტრევისის ისტორია დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაგალითად იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანს გარეული ცხოველის მოშინაურებასა და მისთვის ადამიანის ოჯახის წევრის როლის მინიჭებას შორის ზღვარი ავიწყდება.