"კაცი ნანგრევებს თხრიდა ხელებით, ნიჩბით... ჭკუაგადასული იყო... პოლიეთილენის პარკები ეწყო გვერდით... შემზარავი იყო, რაც ამ პარკებში იდო..." - დავით კიკალიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს იხსენებს - მშობლები

"კაცი ნანგრევებს თხრიდა ხელებით, ნიჩბით... ჭკუაგადასული იყო... პოლიეთილენის პარკები ეწყო გვერდით... შემზარავი იყო, რაც ამ პარკებში იდო..." - დავით კიკალიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს იხსენებს

2026-08-12 14:03:53+04:00

ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი, რომელსაც "რუსთავი-2"-ზე წლების განმავლობაში მიჰყავდა გადაცემა "პოსტ სკრიპტუმი", 2008 წლის 12 აგვისტოს მძიმე დღეს იხსენებს:

- ...მე გახლავართ დავით კიკალიშვილი, ჟურნალისტი. თავის დროზე რუსთავი 2-ზე მიმყავდა გადაცემა „პოსტსკრიპტუმი“. 2008 წლის 12 აგვისტოზე მინდა მოგიყვეთ... არ მიყვარს იმ დღეების გახსენება, მაგრამ დღევანდელობას რომ ვუყურებ, მე მგონი საჭირო გახდა... ყველას თავისი მოგონებები აქვს... მე კი მოგყვებით ფერადი პოლიეთილენის პანკების ისტორიას...

2008 წლის 12 აგვისტო ისეთი დღეა, უკვე გასაგებია, რუსული აგრესია როგორ ვითარდებოდა და ყველა თბილისისკენ ჯარების წამოსვლას ველოდებით... ვიხსენებ, მაშინ ისეთი შიშის, სიბრაზის და სხვადასხვა ემოცია მქონდა... მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც 90-იანები გადაიტანა. 9 აპრილის შემდეგ რუსული ტანკებიც მახსოვს თბილისის ქუჩებში... სახლში უკვე კონსერვების და ბურღულეულის მარაგიც მქონდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი... მაგრამ იმისთვის, რაც 12 აგვისტოს ვნახე, სამწუხაროდ, არა...

12 აგვისტოს გორი მძიმედ დაიბომბა. თუ გახსოვთ, იქ ჰოლანდიელი ჟურნალისტიც დაიღუპა. იმ დღეს იქ თენგო იყო გოგოტიშვილი, ჩემი კოლეგა ჟურნალისტი, მან გადაიღო ეს და რეპორტაჟი წამოიღო თბილისში, მაშინ გადამოცემა ვერ ხერხდებოდა, ამიტომ ფიზიკურად მასალებს ასე ვატარებდით. თენგომ მე ჩავანაცვლე.

გზა ბუნდოვნად მახსოვს. დამწვარი სამხედრო ტექნიკა, გზად, იცით, მდელოები არის და რუსული სამხედრო თვითმფრინავები რაკეტსაწინააღმდეგო მაშხალებს ყრიდნენ, ამის გამო ხანძრები იყო პატარ-პატარა გაჩენილი.

გორში რომ ჩავედით, ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც მგონი ქართულმა ჯარმა დატოვა ქალაქი. გადიოდნენ... ნუ მე ვერ გავინახე. ჯერ მთავარ მოედანზე მივედით. ერთი უზარმაზარი ჭურვი მახსოვს, რომელმაც სახლი ჩახვრიტა. დაბლა სკამზე ქალბატონი იჯდა და ტიროდა, წასასვლელი არსად არ მაქო.

გადავიღეთ და მერე წავედით ერთ უბანში, რომელიც მძიმედ დაიბომბა, ფაბრიკის დასახლებას თუ ქარხნის დასახლებს ეძახდნენ, ახლა ზუსტად არ მახსოვს. დანგრეულ სახლებს რომ მივახლოვდით, იქ დავინახე სამი თუ ოთხი ადამიანი. ერთი ამ ნანგრევებს თხრიდა, ხან ხელებით, ხან ნიჩბით. გვერდით ცარიელი არყის ბოთლები ეგდო და რიგრიგად ფერადი პოლიეთილენის პარკები იდო. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. ჯერ შევეცადე მეკითხა იმ ადამიანისთვის, ვინც თხრიდა და რომ მივუახლოვდი, მივხვდი, რომ რაღაცა ჭკუაგადასული იყო... მთვრალი, ამოგანგლული, გიჟს ჰგავდა... თხრიდა და თხრიდა იქაურობას.

მეორე მამაკაცმა მომაძახა, მაგას ნურაფერს ნუ ეკითხებიო. აქ სულ მისი ოჯახია ნანგრევების ქვეშო. სვამს, რომ არ გაგიჟდესო. აი მერე დავაკვირდი პარკებს. შემზარავი იყო, რაც იქ დავინახე - ადამიანის ნარჩენები იდო. ეს მეორეც მთვრალი იყო და რაღაცნაირი ტონით მომაძახა, იცი, ფერადი რატო არის? რატომ-მეთქი. ერთში მამაა, მეორეში - დედა, მესამეში - ცოლი, ძმა, შვილები. ფერადი იმიტოა, რომ გაარჩიოს, სად დედაა, სად - ცოლი, სად - შვილი და ძმა...

მაშინ სავსებით შევიგრძენი, რა არის ომი. იმ ადამიანმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო, ჩემმა ქვეყანამ, თითოეულმა ჩვენგანმა, პირადად მან...

მას მერე ვერ ვიტან ურაპატრიოტიზმს და მხდალ ადამიანებს. ეს იმიტომ გავიხსენე და შეგახსენეთ, რომ მგონია, არ უნდა დაგვავიწყდეს რა მსხვერპლი გავიღეთ...

სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო! მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს! ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს! - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე
მკერდი მომაჭრეს... ჩემი შვილის თვალი გადამაყლაპეს... - აფხაზეთში წამებული ქართველი ქალის შემზარავი ნაამბობი