თუ ბავშვმა უფასოდ გადაცემული სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად დააზიანა ან დაკარგა - რა წერია მთავრობის ახალ ბრძანებაში - მშობლები

თუ ბავშვმა უფასოდ გადაცემული სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად დააზიანა ან დაკარგა - რა წერია მთავრობის ახალ ბრძანებაში

2026-08-13 12:39:26+04:00

ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემასთან ერთად, მშობლებს შესაძლოა გაუჩნდეთ კითხვა: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვმა მიღებული წიგნი დააზიანა, გაანადგურა ან დაკარგა და ახალი სახელმძღვანელო დასჭირდა.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებულ სახელმძღვანელოების რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესში აღნიშნულია, რომ პროგრამის ბენეფიციარებს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, თითოეულ საგანში, სახელმძღვანელოს თითო ეგზემპლარი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

თუმცა უფასოდ მიღებული წიგნის დაზიანებას ან დაკარგვას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.

თუ ბავშვმა წიგნი დააზიანა ან დაკარგა

დადგენილების მიხედვით, თუ პროგრამის ბენეფიციარი უსასყიდლოდ გადაცემულ სახელმძღვანელოს მნიშვნელოვნად დააზიანებს, გაანადგურებს ან დაკარგავს, შპს "საგანმანათლებლო რესურსები" შესაბამის სახელმძღვანელოს მეორედ უსასყიდლოდ აღარ გადასცემს.

ეს ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსწავლე იმავე წიგნის მეორე უფასო ეგზემპლარს სახელმწიფოსგან ვეღარ მიიღებს.

ამასთან, წესში პირდაპირ არ არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მშობელს ასეთ შემთხვევაში აუცილებლად და სავალდებულოდ საკუთარი ხარჯით უნდა შეიძინოს ახალი სახელმძღვანელო. დადგენილება მხოლოდ განსაზღვრავს, რომ დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში წიგნი მეორედ უფასოდ აღარ გაიცემა.

ამავე დოკუმენტით გათვალისწინებულია სახელმძღვანელოების რეალიზება, ანუ მათი შეძენაც. წიგნები იყიდება შპს "საგანმანათლებლო რესურსების" მიერ განსაზღვრულ რეალიზების პუნქტებში და მის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით. სახელმძღვანელოების ფასები კი დადგენილების შესაბამის დანართშია განსაზღვრული.

შესაბამისად, თუ მოსწავლეს დაკარგული ან მნიშვნელოვნად დაზიანებული წიგნის ნაცვლად ახალი ეგზემპლარი სჭირდება, მისი შეძენა შესაძლებელია დადგენილებით განსაზღვრული ფასის შესაბამისად, თუმცა თავად ეს წესი მშობლისთვის ცალკე ვალდებულების სახით არ დგინდება.

რა შემთხვევაში იცვლება წიგნი უფასოდ?

სხვა წესია იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა თავად სახელმძღვანელოს ხარისხს უკავშირდება.

თუ წიგნს ისეთი წუნი აღმოაჩნდა, რომელიც მის გამოყენებას შეუძლებელს ხდის, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი დასაბუთებული წერილით მიმართავს შპს "საგანმანათლებლო რესურსებს".

ორგანიზაციამ მიმართვა 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განიხილოს და, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელო ახლით შეცვალოს.

მშობელმა წიგნი მიღებისთანავე უნდა შეამოწმოს

დადგენილება მშობელსა და კანონიერ წარმომადგენელს სახელმძღვანელოს მიღებისას მის დათვალიერებასაც ავალდებულებს.

თუ მშობელი წიგნში დეფექტს აღმოაჩენს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის სკოლას.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავიდანვე არსებული დეფექტი და მოსწავლის მიერ შემდგომში დაზიანებული სახელმძღვანელო ერთი და იგივე შემთხვევა არ არის.

რა ითვლება წიგნის დაზიანებად?

წესის მიხედვით, სახელმძღვანელოს მთლიანობა დაცული უნდა იყოს. დაუშვებელია მისი დაზიანება, მათ შორის ფურცლების ჩაკეცვა, მინაწერების ან ჩანახატების გაკეთება და სხვა მსგავსი ქმედებები.

სახელმძღვანელო ასევე მხოლოდ სასწავლო პროცესის მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული და მისი მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ სასკოლო სახელმძღვანელოებით მოსწავლეების უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება №386 2026 წლის 11 აგვისტოს გამოიცა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

პროგრამის მთავარი მიზანი განსაზღვრული ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სახელმძღვანელოები ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებით დაფინანსდება.

ვინ მიიღებს სახელმძღვანელოებს უფასოდ?

დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარები რამდენიმე კატეგორიად იყოფიან.

  1. საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები

უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემათ საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებსაც (კონკრეტული საგნისა და კლასის მიხედვით საჭირო მოცულობას განათლების სამინისტრო განსაზღვრავს).

  1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ

კერძო სკოლების მოსწავლეებიც მიიღებენ უფასო სახელმძღვანელოებს, თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა ყოველი წლის 1 მარტის მდგომარეობით 70 001 ქულაზე ნაკლებია.

  1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სკოლები

პროგრამაში შედიან ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. სახელმძღვანელოების კონკრეტულ საგნებსა და კლასებს სამინისტრო განსაზღვრავს.

  1. ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები

უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემათ ოკუპირებული გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს - სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნებისა და კლასების მიხედვით.

ასევე პროგრამაში შედიან ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ამასთან, ამ სკოლების II–XI კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასოდ გადაეცემათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები - ასევე სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნებისა და კლასების მიხედვით.

  1. კერძო სკოლების პირველკლასელები

კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ "დედაენის" სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემას.

  1. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები

უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებენ კერძო სკოლების ის მოსწავლეებიც, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები არიან.

  1. სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სახელმძღვანელოები, მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცემათ ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

როგორ დადგინდება, ვინ არის პროგრამის ბენეფიციარი?

დადგენილებით დეტალურად არის გაწერილი ბენეფიციართა იდენტიფიცირების მექანიზმიც. პროცესი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.

საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილების იდენტიფიცირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.

სოციალურად დაუცველი კერძო სკოლების მოსწავლეების შემთხვევაში კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შესაბამის მონაცემებს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადასცემს. სააგენტო ამ ინფორმაციას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან გადაამოწმებს და შედეგებს კვლავ მართვის საინფორმაციო სისტემას მიაწვდის.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები განსაზღვრავენ - ახალგორის მუნიციპალიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

კერძო სკოლების პირველკლასელთა შემთხვევაში საჭირო რაოდენობას საგანმანათლებლო რესურსცენტრები ადგენენ, კერძო სკოლებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

ვინ უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების მიწოდებას?

პროგრამის განხორციელებაში რამდენიმე უწყება და ორგანიზაცია მონაწილეობს. მათ შორისაა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საგანმანათლებლო რესურსცენტრები, სოციალური მომსახურების სააგენტო, ახალგორის მუნიციპალიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობის შესახებ შესაბამის ინფორმაციას კი საბოლოოდ აწვდიან სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შპს "საგანმანათლებლო რესურსებს", რომელიც პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობს.

ვრცლად დადგენილება შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე იხილოთ.