6 მითი ჭიებზე, რომლებსაც მშობლები დღემდე შეცდომაში შეჰყავს - მშობლები

6 მითი ჭიებზე, რომლებსაც მშობლები დღემდე შეცდომაში შეჰყავს

2026-08-14 09:50:44+04:00

კბილების კრაჭუნი ჭიების ნიშანია? შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში ბავშვს პერიოდულად აუცილებლად უნდა მივცეთ ჭიების საწინააღმდეგო წამალი? მაღალი ეოზინოფილები ყოველთვის პარაზიტებს ნიშნავს? - წიებთან დაკავშირებით უამრავი მითია გავრცელებული, რომელთა ნაწილი თაობიდან თაობას გადაეცემა. სინამდვილეში ჰელმინთური ინფექციების დიაგნოსტიკა მხოლოდ სიმპტომების მიხედვით შეუძლებელია, ხოლო „პროფილაქტიკისთვის“ წამლების თვითნებურად მიღება ყოველთვის გამართლებული არ არის.

მითი №1: თუ ბავშვი ძილში კბილებს აკრაჭუნებს, ჭიები ჰყავს

კბილების კრაჭუნს ბრუქსიზმი ეწოდება. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს კბილებისა და ყბის თავისებურებებთან, ძილის დარღვევებთან, სტრესთან და სხვა ფაქტორებთან. მხოლოდ კბილების კრაჭუნი ჰელმინთოზის სანდო ნიშანი არ არის და ამის საფუძველზე ბავშვისთვის ჭიების საწინააღმდეგო წამლის მიცემა არ შეიძლება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ბავშვი ღამით კბილებს აკრაჭუნებს, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას პარაზიტებზე გამოკვლევა ან მკურნალობა სჭირდება.

მითი №2: ცუდი მადა და წონის ნაკლებობა აუცილებლად ჭიების ბრალია

ზოგიერთმა პარაზიტულმა ინფექციამ მართლაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის კვებით მდგომარეობასა და ზრდაზე, განსაკუთრებით მძიმე ან ხანგრძლივი ინფექციის დროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აღნიშნავს, რომ ნიადაგით გადამდები ჰელმინთების მნიშვნელოვანი რაოდენობით არსებობამ ბავშვებში შეიძლება კვებითი სტატუსი და ფიზიკური განვითარება დააზიანოს.

თუმცა ცუდი მადა ან წონის ნაკლებობა ბევრად უფრო ხშირად სხვა მიზეზებითაც გვხვდება. მათ შორისაა არასაკმარისი ან ერთფეროვანი კვება, რკინის დეფიციტი და ანემია, ცელიაკია, ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან უბრალოდ ბავშვის კონსტიტუციური თავისებურება.

ამიტომ მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვი ცოტას ჭამს ან თანატოლებზე გამხდარია, პარაზიტების დიაგნოზის დასმა არ შეიძლება.

მითი №3: ჭიები მხოლოდ „ხელდაუბანელ ბავშვებს“ ემართებათ

კარგი ჰიგიენა ინფექციის რისკს ნამდვილად ამცირებს, მაგრამ ძალიან მოწესრიგებული ადამიანიც შეიძლება დაინფიცირდეს.

ჰელმინთების სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა გზით ვრცელდება. ზოგიერთი მათგანის კვერცხები გარემოში დაბინძურებული ნიადაგიდან ხვდება, ზოგი — საკვებით, არასწორად მომზადებული ხორცით ან თევზით, ზოგ შემთხვევაში კი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ რეგიონში მოგზაურობასა და სხვა ეპიდემიოლოგიურ გარემოებებს.

ბავშვებში გარკვეული პარაზიტული ინფექციები შედარებით ხშირად გვხვდება, რადგან პატარები ხელებით ეხებიან მიწას, ქვიშას, სხვადასხვა საგანს და შემდეგ ხშირად პირთან მიაქვთ ხელი. ენტერობიოზი, ანუ ე.წ. მახვილა ჭიით ინფექცია, განსაკუთრებით გავრცელებულია სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკში.

ამიტომ ჰელმინთოზი ცუდი ჰიგიენის „იარლიყი“ არ არის.

მითი №4: ბავშვს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ „პროფილაქტიკისთვის“ აუცილებლად უნდა მივცეთ ჭიების წამალი

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მასობრივ პროფილაქტიკურ დეჰელმინთიზაციას რეკომენდაციას უწევს იმ რეგიონებში, სადაც კონკრეტული ნიადაგით გადამდები ჰელმინთური ინფექციები ენდემურად არის გავრცელებული და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა გარკვეული რისკის მქონე მოსახლეობისთვის და არა უნივერსალური რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვს პერიოდულად წამალი უნდა მივცეთ.

ანტიჰელმინთური პრეპარატებიც მედიკამენტებია და მათ შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. ამიტომ იქ, სადაც მასობრივი დეჰელმინთიზაციის პროგრამა არ მოქმედებს, ბავშვისთვის წამლის თვითნებურად, უბრალოდ „ყოველი შემთხვევისთვის“ მიცემა საუკეთესო მიდგომად არ ითვლება.

თუ პარაზიტული ინფექციის ეჭვი არსებობს, საჭიროა პედიატრთან კონსულტაცია და კონკრეტული პარაზიტის შესაბამისი დიაგნოსტიკის შერჩევა.

მითი №5: თუ სახლში ძაღლი ან კატა გვყავს, ბავშვს აუცილებლად ეყოლება ჭიები

შინაური ცხოველი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს პარაზიტები გადაედება. თუმცა ზოგიერთი ცხოველური პარაზიტი ადამიანისთვის მართლაც გადამდებია. მაგალითად, ტოქსოკაროზის გამომწვევი პარაზიტები ადამიანში ძირითადად ძაღლებთან ან კატებთან დაკავშირებული დაბინძურებული გარემოდან ხვდება.

რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია თავად ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ვეტერინართან რეგულარული ვიზიტი და მისი რეკომენდაციით პარაზიტებზე დამუშავება ოჯახის წევრების დაცვასაც უწყობს ხელს. CDC შინაური ცხოველებისთვის სწორედ რეგულარულ ვეტერინარულ მეთვალყურეობას, დეჰელმინთიზაციასა და ჰიგიენას ურჩევს.

ასევე მნიშვნელოვანია ხელების დაბანა ცხოველის განავლის ან კატის ტუალეტის გასუფთავების შემდეგ და ძაღლის განავლის დროულად აღება ეზოსა თუ ქუჩაში.

ეს ყველაფერი ბევრად უფრო გონივრული პრევენციაა, ვიდრე ჯანმრთელი ოჯახის წევრებისთვის პერიოდულად ჭიების საწინააღმდეგო წამლების მიცემა.

მითი №6: მაღალი ეოზინოფილები ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად ჭიები ჰყავს

ეოზინოფილები სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობაა. მათი მატება მართლაც შეიძლება ზოგიერთი პარაზიტული ინფექციის დროს აღინიშნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარაზიტის ლარვები ქსოვილებში გადაადგილდება. თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ პარაზიტებისთვის დამახასიათებელი არ არის.

ეოზინოფილია ხშირად გვხვდება ალერგიული დაავადებების, ასთმის, ატოპიური დერმატიტის, ზოგიერთი მედიკამენტური რეაქციისა და სხვა მდგომარეობების დროსაც.

ამიტომ სისხლის საერთო ანალიზში მომატებული ეოზინოფილების აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ ბავშვს ავტომატურად ჰელმინთოზი აქვს. ექიმმა ეს მონაცემი სხვა სიმპტომებთან და ისტორიასთან ერთად უნდა შეაფასოს.

როგორ გავიგოთ, აქვს თუ არა ბავშვს ჭიები

ერთი უნივერსალური სიმპტომი, რომელიც ყველა სახის ჰელმინთოზს ზუსტად აღმოაჩენს, არ არსებობს.

დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ჩივილები, მოგზაურობის ისტორია, საკვების ჩვევები, გარემოსთან და ცხოველებთან კონტაქტი და იმის გარკვევა, კონკრეტულად რომელი პარაზიტის არსებობაზე გვაქვს ეჭვი.

სწორედ ამიტომ არც „ჭიების ანალიზი“ არის ერთი უნივერსალური ტესტი.

ნაწლავის ზოგიერთი ჰელმინთის შემთხვევაში გამოიყენება განავლის გამოკვლევა კვერცხებსა და პარაზიტებზე. მაგალითად, ასკარიდოზის დიაგნოსტიკისას განავლის ნიმუშში შესაძლებელია კვერცხების აღმოჩენა.

მაგრამ ენტერობიოზის, ანუ მახვილა ჭიის შემთხვევაში განავლის ჩვეულებრივი ანალიზი საუკეთესო კვლევა არ არის. ყველაზე გავრცელებული დიაგნოსტიკური მეთოდია ე.წ. წებოვანი ლენტის ტესტი, როდესაც ნიმუში დილით, დაბანამდე და ტუალეტში გასვლამდე პერიანალური მიდამოდან იღებენ. ეს სინჯი საჭიროა სამი დილა ზედიზედ, რადგან ერთჯერადმა კვლევამ ინფექცია შეიძლება ვერ გამოავლინოს.

ასევე არასწორია მოსაზრება, თითქოს სისხლის საერთო ანალიზი ჰელმინთოზს ადასტურებს. იგივე ეხება „პარაზიტებზე ანტისხეულების“ ფართო პანელების თვითნებურად გაკეთებას: სხვადასხვა პარაზიტისთვის განსხვავებული ტესტია საჭირო და მათი შედეგების ინტერპრეტაციაც განსხვავებულია.

როგორ შევამციროთ ინფიცირების რისკი

ყველაზე ეფექტური პრევენცია ყოველდღიური მარტივი ჩვევებია. ბავშვს უნდა ვასწავლოთ ხელების კარგად დაბანა ჭამის წინ, ტუალეტის შემდეგ, გარედან შემოსვლისას და მიწასთან ან ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ.

ბოსტნეული, ხილი და მწვანილი კარგად უნდა გაირეცხოს. ხორცი და თევზი უნდა იყოს სათანადოდ თერმულად დამუშავებული, ხოლო საეჭვო წყაროს წყლის დალევა სჯობს თავიდან ავიცილოთ.

თუ ოჯახში შინაური ცხოველია, ის ვეტერინარის მიერ განსაზღვრული სქემით უნდა დამუშავდეს პარაზიტების წინააღმდეგ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბავშვს ჭიების საწინააღმდეგო წამალი მხოლოდ შიშის, კბილების კრაჭუნის, მადის დაქვეითების ან ეოზინოფილების მატების გამო არ მივცეთ. ჰელმინთოზის ეჭვის დროს საჭიროა იმის გარკვევა, რომელი პარაზიტია სავარაუდო და კონკრეტულად რომელი კვლევა გვჭირდება. სწორედ ამის მიხედვით ირჩევა მკურნალობაც.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭია ჰყავს: სიმპტომები ზოგადი და მრავალფეროვანია