თიკა ფაცაცია "რუსთავი-2"-ზე დედის, მანანა ცხაკაიას შესახებ საუბრობს:
- ძალიან დამოკიდებული ვარ დედაზე. ის არის ყველაფრის ამოსავალი, ყველაფრის დასაწყისი. ძაან სახასიათო პერსონაა და მაგარი გოგოა... იმ დღეს დამირეკა, ეს ქუდიო, რომ გახურავსო, ერთი სანტიმეტრით უნდა დაწიო შუბლზეო...
თავისი რაღაცები მიაძინა, თავისი სურვილები, საჭიროებები თუ ა.შ., და ჩათვალა საჭიროდ, რომ შვილების განვითარებაა ყველაზე პირველი, რაც უნდა გააკეთოს. შრომის ფასი მასწავლა, როგორც საკუთარ თავში, შრომის მნიშვნელობა, ისე სხვისი შრომის დაფასება. ასევე, ოქროს შუალედი, რომელიც მისთვის ყველაფრის განმსაზღვრელია. ყველაფერში - ქმედებებში, ურთიერთობებში... კრიტიკული ადამიანია და ზოგჯერ ვეუბნები, კარგი მითხარი და მერე მითხარი ხარვეზები. ამთ იწყებს სულ, უნდა, რომ სულ უფრო და უფრო უკეთესი გავხდე და გახდეს უკეთესი ის, რასაც ვაკეთებ, რასაც ვკიდებ ხელს.
- ძალიან აქტიური ვიყავი, მეხერხებოდა ხატვა, ვთამაშობდი ჭადრაკს, სპორტის სახეობებიც მიზიდავდა და გამომდიოდა - იქნებოდა ეს კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი თუ ფრენბურთი. ვმღეროდი კიდეც, რამდენჯერმე ქუჩაში გამაჩერეს და კინოსა და თეატრში თამაში შემომთავაზეს, მაგრამ სახლში ამას არ მიესალმებოდნენ. ექიმობა მინდოდა, მაგრამ გამოცდებზე ქულები მაკლდებოდა. მერე ბაქტერიოფაგში დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. დიდ მეცნიერობაზე ვოცნებობდი. ჩემგან მენდელეევი ნამდვილად არ დადგა, თუმცა ამ იდეას არ ვეშვებოდი. ასპირანტურის გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი, პიონერთა ბანაკს ვანდე შვილი, რაც ძალიან ტრაგიკულად დასრულდა, ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა – შვილი დავკარგე (ქალბატონი მანანას შვილი ცხრა წლის ასაკში მდინარეში დაიხრჩო) და ამის შემდეგ მთლიანად ოჯახს და შვილებს მივუძღვენი ჩემი ცხოვრება...
თიკა სამი წლის იყო, უფროსი ბიჭი – ცხრის. უნიჭიერესი ბავშვი მყავდა...
მაშინ თინათინი ბაღში დადიოდა. ამ ტრაგედიიდან, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, თვალები რომ გავახილე, თიკა ოთხი წლის იყო. დავინახე, რომ ბაღში განსაკუთრებულად აქტიურობდა: მღეროდა, ცეკვავდა, სცენაზე თამამი იყო, არ იბნეოდა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა აღმოაჩინა მისი შესაძლებლობები და ამის შემდეგ მასწავლებლებს განსაკუთრებულად ვარჩევდი. ვცდილობდი, ყველაფერში ცნობილი და ღვაწლმოსილი პედაგოგისთვის მიმებარებინა. მჯეროდა ჩემი შვილის, ვხედავდი, რომ სხვებზე მეტი შეეძლო.



...პედაგოგი მეზობელი მყავდა, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია. მას ძმა დაღუპვია და მეუბნებოდა: ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ დედა ძალიან ცუდ დღეში გვაგდებდა, სულ გვეუბნებოდა, რომ ის იყო განსაკუთრებული შვილი, ჩემს ძმას ბიუსტი დაუდგა და საათობით ვიდექით მის წინო. საკუთარი გამოცდილებიდან მაფრთხილებდა, დედაჩემის შეცდომა შენ არ გაიმეოროო და ამ ადამიანის სიტყვებმა გამომაფხიზლა. სულ მირჩევდა, მომხდარი ტრაგედიის გამო თიკა არ დამეჩაგრა.
...ბრძენმა ხალხმა, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ასეთ ტრაგედიასთან გამკლავებაში შვილის დაბადება გეხმარება. ამიტომ მეუბნებოდნენ, გააჩინეო. მერე მეზობელმა მითხრა, რომ ჩემი გარდაცვლილი შვილი დაესიზმრა და მისი დანაბარები გადმომცა. სიზმარში ჩემს შვილს მეზობლისთვის უთქვამს, გული მტკივა, ლიფტი კი არ მუშაობს და დედასთან ვერ ავდივარ, ამიტომ თქვენ გადაეცით, აუცილებლად გააჩინოს შვილი და ბიჭი იქნებაო. თან გულზე ხელი ეკიდა, მაწუხებსო. ესეც გასაოცარი იყო, რადგან ამბობდნენ, რომ მას წყალი არ ჰქონდა ნაყლაპი, გულმა უღალატაო. ჩემი გარდაცვლილი შვილის თხოვნა ჩემთვის უზენაესი იყო. მაშინ ჩავიფიქრე, თუ რამე არსებობს ამქვეყნად მე კიდევ მეყოლება შვილი, ის ბიჭი
იქნება და მე ჩემი შვილის თხოვნას ავასრულებ-მეთქი. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, ვჭოჭმანობდი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ ღმერთმა ყველაფრის ძალა მომცა. მართლაც ბიჭი გაჩნდა და ძალიან გამიხარდა, ესე იგი, ღვთის წყალობა მივიღე, მე ღმერთის ჩემთან ყოფნას მუდმივად ვგრძნობ. ჩემი შვილიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ის ჩემი ანგელოზია. ჩვენ უგნური თაობა ვართ, ეკლესია არ ვიცოდით, მაცხოვარი არ ვიცოდით. ეკლესიას ჩემი შვილის გარდაცვალებამ დამაახლოვა. ამან გადამატანინა ეს ტკივილი. ჩემნაირი მშობლებით ივსებოდა ტაძარი და ვლოცულობდით საკუთარი და ერთმანეთის შვილებისთვის. მერე ერთმა მითხრა, აქ რას აკეთებო? მაშინ მივხვდი, რომ სააქაო ცხოვრებას უნდა დავბრუნებოდი. საეკლესიო და საერო ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსება არ არის მარტივი. მე უკვე ძალიან ღრმად ვიყავი გადაშვებული იმ სამყაროში. როცა მივხვდი, რომ სასოწარკვეთილი სახით მიყურებდნენ, გარედან დავინახე ჩემი თავი და მე თვითონ შემეშინდა. ამიტომ სააქაო ცხოვრებას დავუბრუნდი..."