ცნობილი ფოტოკორესპონდენტი, ფოტოგრაფი, ჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კოლეგები, მეგობრები, ნათესავები და გულშემატკივრები ემშვიდობებიან.
გოგა ჩანადირი:
"ძალიან დამწყვიტე გული, ბადრი! რა დროს შენი წასვლა იყო?
როგორ გიყვარდა სიცოცხლე, ცხოვრება, ადამიანები...სიტყვებს ვერ ვპოულობ...რამდენი ადგილი შემოგვივლია, რომ ძვირფასი კადრები აღგებეჭდა, ადამიანები გაგეხარებინა.შენ წახვედი, მაგრამ დარჩა შენი გასაოცარი ფოტოები, ამბები, ალბომები და უამრავი ადამიანის სიყვარული...ბადრი, ნათელში იყავი...სულ მემახსოვრები, კარგო ადამიანო..."
გიორგი მამაცაშვილი:
"დიდებული ბადრი ვადაჭკორიაც წავიდა...
ერთი მეგობარიც შეემატა ზეციურ სამეგობროს... ბედნიერება იყო ნამდვილად ბადრისთან მეგობრობაც და თანამშრომლობაც...
გიორგუნას მეძახდა და ხუმრობითა და სიყვარულით ბადრიკუნა შევარქვი მეც...
"ქართული ფოტოგრაფიის" სერიის ბეჭდვისას ერთ-ერთი პირველი ბადრი იყო, ვისი ალბომიც დაიბეჭდა და ლამაზი პრეზენტაციითაც გავუხარეთ გული... მისი ალბომები, ფოტოები და ვთქვათ პირდაპირ - დიდებული ფოტოები დარჩება ისტორიას და მომავალ თაობებს... უხაროდა, სხვანაირად დაგიდგებით გვერდშიო - სექტემბერში ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდიუმის წევრადაც უნდა აგვერჩია...
მშვიდად ვგეგმავდით სამომავლო პროექტებსაც...
ახლა კი...
სამიოდე დღის უკან ვისაუბრეთ... ორივემ ვიცოდით მისი ავადმყოფობის ამბავი და მაინც ერთმანეთს ვაიმედებდით... ეეეჰჰჰ...
ქართულმა ჟურნალისტურმა ოჯახმა დიდი ადამიანი დაკარგა დღეს...
ბადრი ვადაჭკორიას გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!მშვიდობით, დიდო კაცო და ჩემი და ჩემი ოჯახის უმაგრესო მეგობარო!
ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და ჟურნალისტური ოჯახის სახელით ვუსამძიმრებთ ბადრის ოჯახსა და სრულიად საქართველოს!"
