"ფეხბურთის გარდა, ადამიანობა ასწავლა ბავშვებს..." "შენ მხოლოდ მწვრთნელი არ ყოფილხარ. შენ მათთვის უფროსი ძმა, მრჩეველი, სანდო და საიმედო ადამიანი იყავი..." - ცნობილ მწვრთნელ გიორგი ტუხაშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ - მშობლები

"ფეხბურთის გარდა, ადამიანობა ასწავლა ბავშვებს..." "შენ მხოლოდ მწვრთნელი არ ყოფილხარ. შენ მათთვის უფროსი ძმა, მრჩეველი, სანდო და საიმედო ადამიანი იყავი..." - ცნობილ მწვრთნელ გიორგი ტუხაშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

2026-08-17 01:39:01+04:00

ყოფილ ფეხბურთელს და საფეხბურთო მწვრთნელს, კლუბ "ზეკარის" დამფუძნებელ გიორგი ტუხაშვილს უამრავი ადამიანი იცნობდა და უყვარდა. სოციალურ ქსელშიც არაერთხელ გავრცელებულა ვირუსულად ემოციური ვიდეოები, დასტური იმისა, რომ პატარები იქ არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ მეგობრობას და ურთიერთთანადგომას სწავლობდნენ.

სამწუხაროდ, გიორგი ტუხაშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მას მოსწავლეები და მათი მშობლები ემშვიდობებიან.

"ეს უბრალოდ დიდი უსამართლობაა…

სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, იმდენად რთულია იმის დაჯერება, რომ გიო აღარ არის…
შენ მხოლოდ მწვრთნელი არ ყოფილხარ.
შენ მათთვის უფროსი ძმა, მრჩეველი, სანდო და საიმედო ადამიანი იყავი.
ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ, უყვარდათ და ყოველთვის იცოდნენ, რომ მის გვერდით მათი ადგილი იყო.
შენ მათ მხოლოდ სპორტი არ ასწავლე… ბევრად მეტი დაუტოვე ! შენი სიტყვები, შენი დამოკიდებულება, შენი სითბო და ის მაგალითი, რომელსაც ყოველდღე აძლევდი.
უამრავი ადამიანის გული გაყინე, გიო…
იმდენი ადამიანის, ვის ცხოვრებაშიც შენ უბრალოდ მწვრთნელი კი არა, ძალიან ძვირფასი ადამიანი იყავი.
ძალიან ადრე წახვედი…
ძალიან უსამართლოდ ადრე."
"ფეხბურთის გარდა, ადამიანობა ასწავლა ამ ბავშვებს.
მადლობა ყველაფრისთვის...
მშვიდობით, გიორგი მასწავლებელო"
"ჩვენიიი გიო... როგორრრ დავიჯეროოო, როგოორ... მხოლოდდ მწვრთნელი არა, საუკეთესო
მეგობარი იყო, საუკეთესო ადამიანი..."
  • გიორგი ტუხაშვილი 6 წლიდან ფეხბურთს თამაშობდა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლიგაში მიიღო მონაწილეობა. თამაშობდა მოლდოვასა და ლატვიაში. 26 წლის ასაკში დაანება ფეხბურთის თამაშს თავი და მეუღლესთან ერთად შექმნა გუნდი "ზეკარი". რამდენიმე წლის წინ mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ყვებოდა:

- 4 ბავშვით დავიწყეთ და დღეს 170 გვყავს. ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ეს მარტივი არაა, რადგან ყველას განსხვავებული მიდგომა სჭირდება. 170 სხვადასხვანაირი ადამიანი გვყავს და ყველა მათგანი განსხვავებულად რეაგირებს შენიშვნებსა თუ შექებაზე...

იმ დღიდან, როდესაც ეს საქმე დავიწყე, ჩემი მთავარი მიზანია, ეს ბავშვები კარგ ადამიანებად გაიზარდონ, შეიყვარონ ერთმანეთი და მეგობრობა, ერთგულება ისწავლონ... ჩემთვის ბავშვებთან მუშაობა ასეთი, ბუნებრივი და თბილი ემოციის გარეშე შეუძლებელია. მე მწვრთნელი ვარ, თუმცა ამ საქმეში ძალიან დიდი როლი ჩემს მეუღლეს აკისრია, რომელიც ყველაფერს აგვარებს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდითაა. ის ჩემზე მეტს აკეთებს.