სამი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამერიკელი ლინდსი კლენსის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. 2026 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, დაცვის მხარემ მტკიცებულებების წარდგენას თითქმის დაასრულა, სასამართლოში უკვე დაცვის მოწმეებს უსმენენ და მთავარი კითხვა სულ უფრო მკაფიო ხდება: აცნობიერებდა თუ არა სამი შვილის მკვლელობის დროს ლინდსი კლენსი, რას აკეთებდა?
19 აგვისტოს სასამართლოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე — სასამართლო ფსიქოლოგი პოლ ზეიზელი — დაიკითხა. სწორედ ის შეხვდა კლენსის ბავშვების მკვლელობიის შემდეგ და მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასა.
ზეიზელის დასკვნა დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ფსიქოლოგმა ნაფიც მსაჯულებს პირდაპირ უთხრა, რომ, მისი პროფესიული შეფასებით, ლინდსი კლენსი შვილების მკვლელობის დროს სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელი არ იყო, რადგან ვერ აცნობიერებდა თავისი მოქმედების არასწორობას.
ეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე ზოგადი მსჯელობა მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ან ფსიქოზზე. დაცვის მხარეს ახლა ჰყავს სპეციალისტი, რომელიც სასამართლოში პირდაპირ ამბობს: მისი შეფასებით, კლენსის ფსიქიკური მდგომარეობა იმ ზღვარს აღწევდა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
ზეიზელი ლინდსის 2023 წლის 4 თებერვალს შეხვდა. იმ დროს ქალი საავადმყოფოში იწვა, საწოლზე ხელბორკილებით იყო მიბმული და შეიარაღებული პოლიციელები იცავდნენ.
ფსიქოლოგის თქმით, ლინდსის მომხდარი ახსოვდა.
მაგრამ ერთ-ერთი დეტალი, რომელზეც სასამართლოში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, მისი პირველი სურვილი იყო: მას აინტერესებდა, როგორ იყო პატრიკი და შეიძლებოდა თუ არა მასთან დალაპარაკება.
„უნდოდა გაეგო, როგორ იყო ის... უნდოდა მასთან საუბარი“, — გაიხსენა ფსიქოლოგმა სასამართლოში.
ზეიზელის ჩვენებით, კლენსი მას ასევე უყვებოდა მამაკაცის ხმაზე, რომელიც ბავშვების მოკვლას უბრძანებდა. ფსიქოლოგმა მისი მდგომარეობის შეფასებისას დაასკვნა, რომ ქალი მკვლელობის დროს ფსიქოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ ესმოდა საკუთარი საქციელის „არასწორობა“.
სწორედ აქ გადის დღეს დაცვისა და ბრალდების მთავარი დაპირისპირების ხაზი.
პროკურატურის პოზიციაა, რომ ლინდსის მოქმედებებში დაგეგმვის ნიშნები ჩანს. დაცვა კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ გარედან ლოგიკურად და მიზანმიმართულად მოჩვენებული მოქმედებები არ გამორიცხავს ფსიქოზს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ემოციური ჩვენება 18 აგვისტოს მოისმინეს. დაცვის მხარემ მოწმედ ლინდსის დედამთილი, სიუზან კლენსი გამოიძახა.
ეს გარემოებაც საყურადღებოა: ქალი, რომელმაც სამი შვილიშვილი დაკარგა და რომლის ვაჟიც ამ ტრაგედიის შემდეგ ლინდსის დაშორდა, სასამართლოში ყოფილი რძლის დაცვის მოწმედ მივიდა.
სიუზან კლენსიმ თქვა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ლინდსი უკვე აშკარად მძიმე მდგომარეობაში იყო.
„ის დახმარებას გვევედრებოდა“, — თქვა ყოფილმა დედამთილმა.
მისი თქმით, ლინდსი მას საკუთარ მდგომარეობაზე ღიად ესაუბრებოდა. სასამართლოში მათი მიმოწერაც აჩვენეს.
2022 წლის 30 ნოემბერს, მკვლელობამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, ლინდსი დედამთილს სწერდა:
„კარგად არ ვარ და მეშინია, დღეს საღამოს წამლები მივიღო.“
ლინდსი განსაკუთრებით შიშობდა, რომ ბენზოდიაზეპინებზე დამოკიდებული ხდებოდა, თუმცა მათ გარეშე დაძინება აღარ შეეძლო.
სიუზან კლენსიმ ყოფილი რძალი აღწერა, როგორც ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე დედა და თქვა, რომ ოჯახში ყველა ხედავდა, როგორ ებრძოდა ის სულ უფრო მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს.

ერთი დღით ადრე სასამართლოში ლინდსის დედა პაულა მასგროვი და მისი და ელისონ ოზგაც დაიკითხნენ.
მათი მონათხრობიდან გამოიკვეთა, რამდენად სწრაფად გაუარესდა ლინდსის მდგომარეობა 2022 წლის ბოლო თვეებში.
დედის თქმით, ლინდსი სულ უფრო პარანოიდული ხდებოდა, მარტო დაძინების ეშინოდა და ფიქრობდა, რომ დანიშნული მედიკამენტები „გონებას უნადგურებდა“.
დეკემბერში კი მან დედასა და პატრიკს უთხრა, რომ ბავშვებისთვის ზიანის მიყენების აზრები ჰქონდა.
ლინდსის დამ ელისონმა კიდევ ერთი მძიმე დეტალი გაიხსენა: დეკემბრის ბოლოს ლინდსიმ მას უთხრა, რომ უკვე ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე სუიციდური აზრები ჰქონდა.
ეს ჩვენებები დაცვის მხარისთვის ერთ საერთო სურათს ქმნის: მათი ვერსიით, ტრაგედია მოულოდნელად განვითარებული ერთდღიანი კრიზისი არ ყოფილა — კლენსის მდგომარეობა თვეების განმავლობაში უარესდებოდა და ამის შესახებ არაერთმა ახლობელმა იცოდა.
ზეიზელის ჩვენება დაცვისთვის ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა პროკურატურამ მისი დასკვნის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება სცადა.
ბრალდების მხარისთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ მკვლელობის დღეს კლენსის ქცევის რამდენიმე დეტალი, მათი აზრით, არა რეალობას მოწყვეტილ, არამედ ორგანიზებულ და გააზრებულ მოქმედებაზე მიუთითებს.
ამიტომ სასამართლოს წინაშე ახლა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სურათი დგას.
ერთი მხრივ არის ქალი, რომლის ახლობლები ჰყვებიან, რომ მას თვეების განმავლობაში ჰქონდა პარანოია, სუიციდური აზრები, ბავშვებისთვის ზიანის მიყენების შემაშფოთებელი ფიქრები და მედიკამენტების მიმართ შიში.
მეორე მხრივ კი პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ტრაგედიის დღეს კლენსის მოქმედებებში არსებობდა დაგეგმვა და მიზანმიმართულობა.
ნაფიცმა მსაჯულებმა საბოლოოდ სწორედ ამ ორ ვერსიას შორის უნდა გაავლონ ზღვარი.
19 აგვისტოს პროცესზე უჩვეულო ამბავი მოხდა. ემილი თორნდაიკი, რომელიც ადრე იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა, სადაც ლინდსი კლენსი მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე მკურნალობდა, სასამართლოს თავად დაუკავშირდა.
თორნდაიკი პროცესს ონლაინ უყურებდა და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ საახალწლო პერიოდში, როდესაც ლინდსი კლინიკაში იმყოფებოდა, პერსონალი და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი პროგრამები შესაძლოა შეზღუდული ყოფილიყო.
ვიდეო კლენსის ადვოკატმა ნახა და თორნდაიკის მოწმედ გამოძახება გადაწყვიტა, რათა ეჩვენებინა: ლინდსიმ კლინიკაში შესაძლოა ისეთი სრულფასოვანი ფსიქიატრიული დახმარება ვერ მიიღო, როგორი შთაბეჭდილებაც სასამართლოში შეიქმნა.
თუმცა თორნდაიკს თავად ლინდსი არასდროს უნახავს, რადგან მისი ჰოსპიტალიზაციის დროს კლინიკაში უკვე აღარ მუშაობდა. სწორედ ამიტომ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მისი პირადი გამოცდილება ლინდსის მკურნალობის ხარისხს ვერ დაადასტურებდა და ნაფიც მსაჯულებს მისი ჩვენების მოსმენის უფლება არ მისცა.
ანუ დაცვის მცდელობა, ამ მოწმის დახმარებით ეჭვქვეშ დაეყენებინა კლენსის კლინიკაში მიღებული მკურნალობის ხარისხი, ამ ეტაპზე წარუმატებელი აღმოჩნდა.
19 აგვისტოს სხდომა დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
მოსამართლე უილიამ სალივანმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ ისინი იმ დღეს სახლში უნდა წასულიყვნენ „გაუთვალისწინებელი გარემოების“ გამო.
რა იყო ეს გარემოება, საჯაროდ არ დაუკონკრეტებიათ.
ამ დროისთვის ვერდიქტი ჯერ არ არსებობს.
მაგრამ ბოლო დღეების შემდეგ სასამართლოს მთავარი საკითხი უკვე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა. ნაფიც მსაჯულებს აღარ უწევთ იმის გადაწყვეტა, ნიკლა თუ არა ლინდსი კლენსიმ შვილები— ამას დაცვის მხარეც არ უარყოფს.
მათ გაცილებით რთულ კითხვას უნდა უპასუხონ:
იყო თუ არა სამი შვილის მკვლელობის მომენტში ლინდსი კლენსი იმდენად მძიმე ფსიქოზურ მდგომარეობაში, რომ ვეღარ აცნობიერებდა საკუთარი მოქმედების არასწორობას?
დაცვის მხარის ერთ-ერთმა მთავარმა ფსიქოლოგმა ამ კითხვას უკვე უპასუხა — მისი აზრით, დიახ.
ახლა გადამწყვეტი იქნება, დაიჯერებენ თუ არა ამას ნაფიცი მსაჯულები.