ძუძუს კიბოს განვითარების რისკზე საუბრისას ყურადღება ხშირად გენეტიკურ ფაქტორებზე მახვილდება, თუმცა მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა ერთადერთი ფაქტორი არ არის. ცხოვრების წესმა, მავნე ჩვევებმა, სხეულის ჭარბმა წონამ და ზოგიერთმა სხვა გარემოებამ შესაძლოა დაავადების განვითარების რისკზე გავლენა მოახდინოს.
რომელი ფაქტორებია განსაკუთრებით საყურადღებო, რამდენად საშიშია სოლარიუმი, რა მნიშვნელობა აქვს ჭარბ წონას მენოპაუზის შემდეგ და რას უნდა მიაქციოს ყურადღება ქალმა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე — ამ საკითხებზე მამოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ სამედიცინო პოდკასტ Radvision-ში ისაუბრა.
მისი თქმით, სოლარიუმთან დაკავშირებული საფრთხე მხოლოდ კანის ონკოლოგიური დაავადებების რისკით არ შემოიფარგლება და ყურადღება ცხოვრების წესთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებსაც უნდა მიექცეს.
„სოლარიუმის მომხმარებლები სასიამოვნოდ არ მიიღებენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ჩემი დასკვნა არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი ნომერ პირველ კანცეროგენთა სიაში შეიყვანა. ამდენად, სოლარიუმი წარმოადგენს სერიოზულ რისკფაქტორს. განსაკუთრებით ეს ეხება კანის ონკოლოგიურ პათოლოგიებს, თუმცა მას აქვს ნეგატიური ზეგავლენა ძუძუს ჯანმრთელობაზეც.
გენეტიკას აღარ შევეხოთ, მაგრამ ცხოვრებისეული ფაქტორები და მავნე ჩვევები, რომლებიც მნიშვნელოვანია, არის თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი და ნაკლები ფიზიკური აქტივობა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ამას პოსტმენოპაუზაში აქვს. დადასტურებულია, რომ პოსტმენოპაუზაში ჭარბი BMI, ჭარბი სხეულის წონა ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.
კვებითი ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს ცხიმიანი პროდუქტები და ეგრეთ წოდებული წითელი ხორცი. მისი ძალიან აქტიური მოხმარება წარმოადგენს რისკფაქტორს.
ბევრი საუბარი იყო ორალურ კონტრაცეპტივებსა და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე. ორალურ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ მათ არ აქვთ გავლენა ძუძუს კიბოს განვითარებაზე, ან აქვთ ისეთივე გავლენა, როგორიც სხვა პრეპარატებს.
ჰორმონჩანაცვლებით თერაპიასთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული მოსაზრებებია. მისი დანიშვნა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც არის მენოპაუზაში ქალის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალმა გაიაროს კონსულტაცია მამოლოგთან, ძუძუს სპეციალისტთან და შესწავლილი იყოს დაავადების განვითარების ინდივიდუალური რისკები.
ხომ არ არის გენეტიკური წინასწარგანწყობა, ხომ არ ჩაუტარებია ქალს რაიმე ტიპის მკურნალობა ძუძუს პათოლოგიის გამო, ხომ არ ჰქონია ბიოფსია სხვადასხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი დაავადების გამო და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში რეპროდუქტოლოგების, გინეკოლოგებისა და მამოლოგების კოლაბორაცია უაღრესად მნიშვნელოვანია“, — ამბობს ირაკლი კოხრეიძე.