რა არის ამ ეტაპზე ცნობილი სასკოლო ფორმების განაწილებაზე კლასების მიხედვით - ვინ მიდის ფორმით 15 სექტემბერს და როდემდე იცდიან დანარჩენი კლასები - მშობლები

რა არის ამ ეტაპზე ცნობილი სასკოლო ფორმების განაწილებაზე კლასების მიხედვით - ვინ მიდის ფორმით 15 სექტემბერს და როდემდე იცდიან დანარჩენი კლასები

2026-08-21 20:36:14+04:00

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად მშობლების ერთ-ერთი მთავარი კითხვა სასკოლო ფორმებს უკავშირდება. 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში I–VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმა სავალდებულო ხდება, თუმცა ყველა კლასისთვის ფორმების მიწოდება ერთდროულად ვერ მოხერხდება.

პირველკლასელების შემთხვევაში თარიღები უკვე გარკვეულია — მათთვის განკუთვნილი ფორმების გაყიდვა 1 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებით, 20 აგვისტოდან პირველკლასელთა ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგებაც დაიწყო. შესაბამისად, სამინისტროს გეგმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა პირველკლასელი უკვე ფორმით უნდა შეხვდეს.

მაგრამ რა ხდება იმ ოჯახების შემთხვევაში, რომელთა შვილებიც II, III, IV, V ან VI კლასში გადადიან? ბევრ მშობელს ბუნებრივად უჩნდება კითხვა — თუ ფორმა სავალდებულოა, უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს ის უკვე 15 სექტემბერს?

II–VI კლასებისთვის ფორმების მიწოდება მოგვიანებით იგეგმება

განათლების სამინისტროს მიერ აქამდე გავრცელებული ოფიციალური განმარტებებიდან ირკვევა, რომ 15 სექტემბრისთვის ფორმებით სრულად უზრუნველყოფის გეგმა პირველკლასელებს ეხება. II–VI კლასის მოსწავლეებისთვის კი ფორმების მიწოდება პირველი სემესტრის განმავლობაში, ეტაპობრივად არის დაგეგმილი.

მინისტრის თქმით, საუბარია დაახლოებით 1,8 მილიონ ერთეულ ტანსაცმელზე, რის გამოც მათი წარმოება და მიწოდება ეტაპებად დაიგეგმა. მაშინვე განმარტა, რომ პირველ ეტაპზე პირველკლასელები უნდა უზრუნველყოფილიყვნენ, ხოლო მეორე-მეექვსე კლასები — პირველი სემესტრის განმავლობაში.

ივლისში მინისტრმა ვადები კიდევ უფრო დააკონკრეტა და განაცხადა, რომ პირველი კლასის შემდეგ დარჩენილი ხუთი კლასისთვის დამზადებული ფორმები ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოს შემოვა.

ცნობილია ფორმების ჩამოსვლის სამი თარიღიც

შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მიწოდება სამ ეტაპად ხორციელდება.

პირველი პარტია — 301 000 ერთეული — 25 აგვისტომდე უნდა შემოვიდეს. სწორედ ეს ეტაპი უკავშირდება პირველკლასელების უზრუნველყოფას.

მეორე პარტია — 600 000 ერთეული — 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე, ყველაზე დიდი პარტია — 900 000 ერთეული — 30 ნოემბრამდე უნდა იყოს მოწოდებული. მთლიანობაში შესყიდვა დაახლოებით 1,8 მილიონ ერთეულ სასკოლო ტანსაცმელს მოიცავს.

სახელმწიფო კომპანია „საგანმანათლებლო რესურსების“ აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციითაც, პირველკლასელებისთვის რეალიზაცია 1–14 სექტემბერს გაიმართება, ხოლო II–VI კლასებისთვის ფორმების რეალიზაცია მეორე და მესამე ეტაპებზე — ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რომელი კლასი მიიღებს ფორმას ოქტომბერში და რომელი — დეკემბერში,სწორედ ეს არის საკითხი, რომელიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.

რაც შეეხება შეძენას, სამინისტროს ინფორმაციით, ფორმების სარეალიზაციო პუნქტები ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უნდა განთავსდეს. მშობლებისთვის ასევე იგეგმება ონლაინ პლატფორმის ამოქმედება, საიდანაც სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა იქნება შესაძლებელი.

ფორმის სახელმწიფოსგან შეძენა სავალდებულო არ არის — მშობელს მისი შეკერვაც შეუძლია

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მშობლებმა უნდა იცოდნენ, ფორმის შეძენის წესს ეხება. განათლების მინისტრ გივი მიქანაძის 20 აგვისტოს განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ.

მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ ან თავად შეიძინონ ქსოვილი და მკერავს შეაკერინონ. თუმცა ამ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ფორმის დიზაინი და მოთხოვნები.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინსაიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, ისევე როგორც მათ შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ რაიმე შეზღუდვა არ არის. ესეც მორიგი სპეკულაციაა, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

უკვე მიღებული გადაწყვეტილებით, ფორმა უფასოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია.

უფასო ფორმა ასევე ეკუთვნით სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ მოსწავლეებსა და უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხულ მოსწავლეებს.

ამასთან, 20 აგვისტოს გივი მიქანაძემ კიდევ ერთი ცვლილება დააანონსა: უფასო ფორმის მიმღებთა წრეს უნდა დაემატონ მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებიც, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-დან 120 000-მდეა. მინისტრის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში უნდა აისახოს.

მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება- შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი