ქალი, რომელმაც საკუთარი 24 შვილი დაკარგა და ათწლეულების განმავლობაში სხვა ქალებს ეხმარებოდა შვილების გაჩენაში - საოცარი ამბავი - მშობლები

ქალი, რომელმაც საკუთარი 24 შვილი დაკარგა და ათწლეულების განმავლობაში სხვა ქალებს ეხმარებოდა შვილების გაჩენაში - საოცარი ამბავი

2026-08-22 10:08:31+04:00

ბლუ-რიჯის მთებში, ვირჯინიის შტატში, აპალაჩების ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ მხარეში, არსებობს პატარა სასაფლაო, სადაც უბრალო ქვები ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული. ქვებზე სახელები არ წერია. არც დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები. მიწაში ჩასმული ქვები აღნიშნავს ადგილებს, სადაც ჩვილები არიან დაკრძალული.

ამ ადგილთან დაკავშირებულია ორლინ ჰოუქს პაკეტის — აპალაჩების ლეგენდარული ბებიაქალის — ტრაგიკული და საოცარი ისტორია.

24 შვილი, რომელიც დედასთან ვერ გაიზარდა

ორლინ ჰოუქს პაკეტის დაბადების ზუსტი თარიღი ბოლომდე დადგენილი არ არის. ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა მონაცემი გვხვდება — დაახლოებით 1837 ან 1844 წელი. ასევე გვხვდება მისი სახელის რამდენიმე ვარიანტი: Orlean, Orelena, Orlena.

იგი ჩრდილოეთ კაროლინაში დაიბადა და ახალგაზრდა ასაკში დაქორწინდა ჯონ პაკეტზე. წყვილი ვირჯინიის აპალაჩებში დასახლდა.

images-1787391232.jpg

მათი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ეს იყო იზოლირებული მთიანი რეგიონი, რთული გზებით, ექიმები იშვიათად ჩნდებოდნენ, საავადმყოფოები კი პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო. 1861 წელს ორლინმა პირველი შვილი — გოგონა, ჯულია ენი — გააჩინა. მაგრამ დედობის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა.ბავშვი გარდაიცვალა.

შემდეგ ორლინი კვლავ დაორსულდა. მეორე ბავშვიც ვერ გადარჩა.

შემდეგ — კიდევ ერთი... და კიდევ.საბოლოოდ, ორლინსა და ჯონს 24 შვილი ეყოლათ, მაგრამ ვერც ერთი ვერ გადარჩა. ზოგი მკვდრად დაიბადა, ზოგმა რამდენიმე საათს ან დღეს იცოცხლა...

ორლინისთვის დედობა გახდა არა ის ცხოვრება, რომელსაც ელოდა, არამედ დაუსრულებელი ტკივილი და დანაკარგი.

მისი შვილებიდან 20 ერთ ადგილას — Reed Puckett Cemetery-ში — არის დაკრძალული. მათი საფლავები უბრალო ქვებითაა მონიშნული და ერთ რიგადაა განლაგებული. კიდევ ოთხი ბავშვის საფლავი სხვა ახლომდებარე სასაფლაოზეა.

images-1-1787391232.jpg

რა იყო ბავშვების სიკვდილის მიზეზი?

დღეს ორლინის შვილების გარდაცვალების ერთ-ერთ შესაძლო ახსნად Rh-შეუთავსებლობასთან დაკავშირებულ ჰემოლიზურ დაავადებას ასახელებენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც დედისა და ნაყოფის სისხლის გარკვეული მახასიათებლები შეუთავსებელია და დედის იმუნური სისტემა ნაყოფის ერითროციტებს უტევს.

თუმცა ორლინის შვილებს ოფიციალურად ასეთი დიაგნოზი არასოდეს დასმიათ. XIX საუკუნეში ამისთვის არც ცოდნა და არც შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგია არსებობდა. ამიტომ Rh-კონფლიქტი მხოლოდ თანამედროვე ისტორიკოსებისა და მკვლევრების მიერ შემოთავაზებული შესაძლო ახსნაა და არა დადასტურებული ფაქტი.

იმ ეპოქაში ორლინმა უბრალოდ იცოდა, რომ მისი ბავშვები კვდებოდნენ — და არ იცოდა რატომ.

შემდეგ რაღაც შეიცვალა

1889 წელს, როცა ორლინს უკვე საკუთარი შვილების დაკარგვის დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, მის კარზე მეზობელმა, ბაირამ ბოუმენმა, დააკაკუნა.

მის მეუღლეს მშობიარობა დაეწყო. ექიმი ვერ იპოვეს,ახლოს ბებიაქალიც არ იყო.

ორლინმა დახმარება გადაწყვიტა. ეს შემთხვევა მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.ქალმა, რომელმაც საკუთარი შვილების გადარჩენა ვერ შეძლო, დაიწყო სხვა ქალების დახმარება მშობიარობის დროს - ბებიაქალი გახდა.

აპალაჩების ბებიაქალი

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ორლინ ჰოუქს პაკეტი ვირჯინიის მთებში დადიოდა ცხენით. ზოგჯერ მას მშობიარემდე მისასვლელად დაახლოებით 20 მილის გავლა უწევდა.გზა ხშირად რთული იყო. ზამთარში მთის ბილიკები იყინებოდა, ხოლო თოვლი და ცუდი ამინდი გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებდა. მაგრამ თუ სადღაც ქალი მშობიარობას იწყებდა, ორლინი მიდიოდა.

მას არ ჰქონდა თანამედროვე საშუალებები, ბლოკი, ანტიბიოტიკები, ქირურგიული ინსტრუმენტები. არ ჰქონდა მონიტორები და ლაბორატორიული ანალიზები.

მას ჰქონდა გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა, საკუთარი ხელები და ის პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღო.მისი ცოდნა აერთიანებდა ბებიაქალის პრაქტიკას, ადგილობრივ აპალაჩურ ტრადიციებსა და ხალხურ სამკურნალო მეთოდებს.

მისი დახმარება ხშირად ანაზღაურების გარეშე ხდებოდა, თუმცა ყოველთვის სრულიად უფასოდ არ მუშაობდა. ისტორიული წყაროები მიუთითებს, რომ თავდაპირველად დაახლოებით ერთი დოლარის ანაზღაურებას იღებდა, ხოლო მოგვიანებით, კარგ პირობებში, შესაძლოა რამდენიმე დოლარიც მიეღო. ხშირად კი ფულს საკვებით ან სხვა საჭირო ნივთებით უნაზღაურებდნენ.

გედის ბუმბული და უცნაური მეთოდი

ორლინის შესახებ არაერთი ისტორია შემორჩა.ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მძიმე მშობიარობას უკავშირდება.

გადმოცემის მიხედვით, ქალი დიდხანს მშობიარობდა და პროცესი არ ვითარდებოდა. ორლინმა ექიმს ჰკითხა, ხომ არ იყო უკვე საჭირო ოპერაციული ჩარევა.

როდესაც მდგომარეობა არ იცვლებოდა, მან გედის ბუმბული გამოიყენა. ბუმბული ცეცხლზე გაახურა, შემდეგ კი კვამლი ქალის ცხვირთან მიიტანა. ქალს დაეწყო ხველა და ცემინება — და მალევე ბავშვი დაიბადა.

121399274-10157666854356931-8804989057920423548-n-1787391231.jpg

ათასზე მეტი მშობიარობა

ორლინ ჰოუქს პაკეტის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი ისაა, რომ მას ათასზე მეტ მშობიარობაში მონაწილეობას მიაწერენ.ეროვნული პარკების სამსახურის ისტორიული მასალების მიხედვით, ამ საქმიანობის განმავლობაში არც ერთი დედა ან ბავშვი არ დაუკარგავს.

იმ ეპოქაში მშობიარობა ქალისთვის რეალური საფრთხე იყო -ინფექციები, სისხლდენა, რთული მშობიარობა და სხვა გართულებები ხშირად ფატალური იყო. ხოლო ორლინი მუშაობდა სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებსაც თანამედროვე მედიცინაზე თითქმის არ მიუწვდებოდათ ხელი.

მთის მოსახლეობამ მას „დეიდა ორლინი“ შეარქვა. ეს მხოლოდ პატივისცემის ფორმა არ ყოფილა. ის ადგილობრივი საზოგადოების ნაწილად იქცა. ხალხი მას იცნობდა არა მხოლოდ როგორც გამოცდილი ბებიაქალს, არამედ როგორც კეთილ და გულუხვ ქალს. მის შესახებ ამბობდნენ, რომ გზად მიმავალ ადამიანებს სახლში ეპატიჟებოდა და საჭმელს სთავაზობდა, მაშინაც კი, როდესაც ბევრი არაფერი ჰქონდა.

ზამთარში, როდესაც მთის ბილიკები იყინებოდა, მის ფეხსაცმელში ლურსმნებს ამაგრებდნენ ან თვითონ ამაგრებდა, რათა გზაზე არ დაცურებულიყო. და თუ სადმე ქალი მშობიარობდა, მისთვის დაბრკოლება არ იყო. იგი მუშაობას სიბერეშიც აგრძელებდა.

1938 წელი — უკანასკნელი მშობიარობა

ორლინმა ბებიაქალად მუშაობა სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელა. მისი უკანასკნელი მშობიარობა 1938 წელს აღირიცხება — სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი იგი კვლავ ეხმარებოდა ქალებს.

რამდენი წლის იყო ამ დროს?ეს ზუსტად არ ვიცით, რადგან მისი დაბადების თარიღთან დაკავშირებით ისტორიულ წყაროებში განსხვავებული მონაცემებია. ზოგი წყარო მას 94 წლისად მიიჩნევს, ზოგი კი უფრო ხანდაზმულად.

ამიტომ პოპულარული ფრაზა, რომ მან „94 წლის ასაკში მიიღო უკანასკნელი ბავშვი“, შესაძლებელია, მაგრამ მისი ასაკი საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

...1930-იან წლებში ფედერალურმა მთავრობამ Blue Ridge Parkway-ის მშენებლობა დაიწყო. გზა იმ მთიან რეგიონშიც უნდა გასულიყო, სადაც ორლინი ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. მისი მიწა გზის პროექტს შეეხო. საბოლოოდ, ქალს სახლის დატოვება მოუწია. ეს განსაკუთრებით ტრაგიკული იყო ადამიანისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ მთებში გაატარა და ადგილობრივ საზოგადოებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.

ორლინი საცხოვრებლიდან წასვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა - 1939 წლის 21 ოქტომბერს.

მისი სიკვდილის ამბავი სწრაფად გავრცელდა. ადამიანები უწყვეტად მოდიოდნენ დასამშვიდობებლად.

ბევრ მათგანს შეეძლო ეთქვა: „ორლინ პაკეტი დამეხმარა, რომ ამ სამყაროში მოვსულიყავი.“

Blue Ridge Parkway-ის დაახლოებით 189.9-ე მილზე დღეს ორლინ პაკეტის სახელთან დაკავშირებული პატარა ხის სახლი — Puckett Cabin — დგას. ეროვნული პარკების სამსახური მას ორლინის ცხოვრების, მუშაობისა და იმ აპალაჩური საზოგადოების სიმბოლოდ ინარჩუნებს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა.

121335672-10157666853246931-2107330243743126615-n-1787391231.jpg

...ორლინ ჰოუქს პაკეტის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ არც ათასი მშობიარობაა და არც ლეგენდები მისი უცნაური მეთოდების შესახებ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალმა, რომელმაც საკუთარი შვილების დაკარგვა განიცადა, თავისი ცხოვრების მეორე ნახევარი სხვა ოჯახების დახმარებას მიუძღვნა.

კუნძულზე მარტო დარჩენილი ქალი, 40 წლის განმავლობაში ყოველ დილას აღმართავდა საკუთარი ქვეყნის დროშას და ასრულებდა მოვალეობას, რომელიც საკუთარ თავს დაუწესა, ქვეყნის სიყვარულის გამო - გმირი ქალის ამბავი
მძიმე მშობიარობისას ბებიაქალის მიერ გადარჩენილი ახალშობილი მისი რძალი გახდა: ოჯახი შოკში იყო...
მის ხელში 100 ბავშვი გაჩნდა და ამაყობს, რომ არცერთი მშობიარობა არ გართულებია - 105 წლის თვთნასწავლი ბებიაქალი აჭარის მთებიდან
რას იხსენებს ბებიაქალი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან და რატომ ამბობდნენ პურზე უარს ტყვეები მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე