"წინასწარ არავინ იცოდა, რას ჩავიცვამდი. თუმცა მოკლე შარვალი ჩემებს არც გაუკვირდებოდათ, მაიამიში საკურაო კოსტიუმით დადიან სუპერმარკეტებში, იმდენად თავისუფალი სამყაროა. რადგანაც გავიგე გემის ფორმის ტორტი იქნებოდა, ყველანაირად შევეცადე ჩაცმულობაც შესაბამისი ყოფილიყო“, - ამბობს Ambebi,ge-სთან 80 წლის ქალბატონი, მზია გალდავა, რომლის ვიდეოც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კადრებში აღბეჭდილი იყო მზია გალდავა 80 წლის იუბილეზე - ის მოკლე თეთრ შარვალში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ვიდეოს სამი მილიონი ნახვა და უამრავი კომენტარი აქვს. მზია გალდავა თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა.
- ქალბატონო მზია, გვიამბეთ თქვენს შესახებ: სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, მოგვიყევით თქვენს პროფესიაზე ...
- დავიბადე და გავიზარდე სენაკში. სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი სამედიცინო სფეროზე შევაჩერე, სამედიცინო სასწავლებლის ოთხწლედი ტექნიკუმი დავამთავრე. შემდეგ დიზაინერობის განსაკუთრებული ნიჭი აღმომაჩნდა, რაც გენეტიკურად, დედისგან მომდევს. მაშინდელ ცენტრალურ ტელევიზიაში სტუდიების მოსაწყობად მიმიწვიეს. ძალიან მოეწონათ ჩემი ნამუშევრები, თან ალბათ ადმინისტრაციული ნიჭიც შემატყვეს და უბნის უფროსად დამნიშნეს.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ოთხმოცდაათიან წლებში გარკვეული პრობლემები დაიწყო. ხელფასებს ვერ იხდიდნენ, მთელი ორი წელი ხელფასი გაყინული იყო. შემდეგ ხელშეკრულებებით გადაგვიყვანეს, რაც ზოგიერთს შემდგომში გაუუქმდა. მე კი დავრჩი ხელშეკრულებით, მაგრამ ხელფასის გარეშე იქ მუშაობას რა აზრი ჰქონდა?!
იმ დროს ჩემი ქალიშვილი წითელ ჯვარში მუშაობდა, ინგლისური კარგად იცოდა და გადაწყვიტა, სასწავლებლად ამერიკაში წასულიყო. ჩემი გამართლება ის იყო, რომ ჩემს შვილს საელჩოში შევყევი. ჩემი ტელევიზიაში მუშაობის საბუთებიც წავიღე, მაგრამ საბუთებისთვის არც შეუხედავთ, ორივე დედა-შვილს თანხმობა ჩაგვირტყეს. ასე წავედით ამერიკაში 1997 წელს. სხვა ქვეყანაში ყველაფერი ია-ვარდით მოფენილი არ იყო, იყო აღმასვლა, დაღმასვლა, ვარდნა, მაგრამ დღემდე ასე მოვდივარ.
- დღეს როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება?
- როდესაც კანონმორჩილი ადამიანი ხარ, ამერიკაში ცხოვრება არ არის რთული, პირიქით. ვისაც კანონთან შეგუება უჭირს, მას იქ ყოფნა გაუჭირდება, მაგრამ მე დედა მასწავლებელი მყავდა, კარგად აღმზარდა და დისციპლინას მუდამ შეჩვეული ვიყავი. ვიცოდი, იმ ქვეყანაში, სადაც ჩავედი, მათი წესებით უნდა მეცხოვრა. განაგრძეთ კითხვა