ინფარქტის "ჩუმი" ნიშნები - კარდიოლოგის რჩევები - მშობლები

ინფარქტის "ჩუმი" ნიშნები - კარდიოლოგის რჩევები

2026-08-22 19:18:34+04:00

ქოლესტერინზე საუბრისას ხშირად ორ უკიდურესობაში ვვარდებით: ზოგისთვის მაღალი ქოლესტერინი კატასტროფაა, ზოგი კი თვლის, რომ თუ ჭარბი წონა ან შემაწუხებელი სიმპტომები არ აქვს, ეს თემა მას საერთოდ არ ეხება.

რეალურად, ქოლესტერინი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტია, თუმცა მისი გარკვეული ფრაქციების მომატება წლების განმავლობაში, უჩუმრად აზიანებს სისხლძარღვებს და ინფარქტისა თუ ინსულტის რისკს ზრდის.უნდა ვთქვათ თუ არა უარი კვერცხზე? - შეიძლება თუ არა მაღალი ქოლესტერინი ჰქონდეს ახალგაზრდა, სპორტით დაკავებულ ადამიანს? როდის ხდება აუცილებელი მედიკამენტების ჩართვა და რა არის „ცუდი“ ქოლესტერინის რეალური სამიზნე?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს კარდიოლოგი ანი ორკოშნელი პასუხობს. ექიმი გვიზიარებს ოქროს წესებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება

- ქალბატონო ანი, ხშირად გვესმის, რომ ქოლესტერინი „ჩუმი მკვლელია“. რეალურად რა ფუნქცია აქვს მას ორგანიზმში და როდის ხდება ის საშიში?

- ქოლესტერინი თავისთავად არც „ცუდი“ ნივთიერებაა და არც ისეთი რამ, რომლის არსებობაც ორგანიზმისთვის არასასურველია. პირიქით, ის აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის - მონაწილეობს უჯრედის მემბრანების სტრუქტურაში, ზოგიერთი ჰორმონისა და ნაღვლის მჟავების სინთეზში და სხვა მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესებში.

პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც სისხლში იზრდება ათეროგენული ლიპოპროტეინების, განსაკუთრებით კი LDL-ქოლესტერინის, კონცენტრაცია. LDL-ქოლესტერინი ორგანიზმში ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს, მაგრამ როდესაც მისი დონე ხანგრძლივად მაღალია, იზრდება LDL-ის არტერიის კედელში მოხვედრისა და შეკავების ალბათობა. ამას მოჰყვება ანთებითი და სხვა ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბებასა და პროგრესირებას უწყობს ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა, არამედ ათეროგენული ლიპოპროტეინების, განსაკუთრებით LDL-C-ის, დონე და ადამიანის საერთო გულ-სისხლძარღვთა რისკი.

- არსებობს გავრცელებული აზრი, რომ მაღალი ქოლესტერინი მხოლოდ ასაკოვან ან ჭარბწონიან ადამიანებს აწუხებთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

- ეს მოსაზრება არასწორია. მაღალი LDL-ქოლესტერინი შეიძლება ჰქონდეს როგორც ჭარბი წონის მქონე ადამიანს, ასევე სრულიად ნორმალური წონის, ახალგაზრდა და ფიზიკურად აქტიურ ადამიანს. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი - გენეტიკა, კვების ტიპი, ასაკი, ფიზიკური აქტივობა, ზოგიერთი დაავადება, მედიკამენტები და სხვა მდგომარეობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია - გენეტიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც LDL-ქოლესტერინი შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს მომატებული ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში. ასეთ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იდეალური წონა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ მაინც ჰქონდეს ძალიან მაღალი LDL. ამიტომ გარეგნულად ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში მაღალი ქოლესტერინის გამორიცხვა მხოლოდ ასაკის, სხეულის წონის ან ცხოვრების წესის შეფასებით არასწორია.

- მოსახლეობაში ხშირად არის გაუგებრობა - რა განსხვავებაა „კარგ“ HDL-სა და „ცუდ“ LDL-ს შორის და რომელ მაჩვენებელს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

- ტერმინები „კარგი“ და „ცუდი“ გარკვეულწილად გამარტივებული ფორმულირებაა. LDL-ქოლესტერინი მონაწილეობს ქოლესტერინის ქსოვილებში მიწოდებაში, მაგრამ როდესაც LDL-ის რაოდენობა ხანგრძლივად მაღალია, მისი ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს და შეკავდეს არტერიის კედელში და ხელი შეუწყოს ათეროსკლეროზული ფოლაქის განვითარებას. ამიტომ LDL-C ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზობრივი და მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორია. HDL-ის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მაღალი HDL ავტომატურად არ ნიშნავს დაბალ გულ-სისხლძარღვთა რისკს და HDL-ის უბრალოდ მედიკამენტურად გაზრდა მკურნალობის მიზანი არ არის. კლინიკურ პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ LDL-C-ს და მთლიან ათეროგენულ ლიპოპროტეინულ დატვირთვას. განაგრძეთ კითხვა