"აუცილებლად ისევ იცეკვებ..." - მოცეკვავე ლაშა სახეჩიძე ილიკო და ნინო სუხიშვილებმა მოინახულეს (ვიდეო) - მშობლები

"აუცილებლად ისევ იცეკვებ..." - მოცეკვავე, რომლის ცხოვრება ერთმა ტრაგიკულმა დღემ შეცვალა, ილიკო და ნინო სუხიშვილებმა მოინახულეს (ვიდეო)

2026-08-23 11:03:24+04:00

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ლაშა სახეჩიძე, რომელიც 2021 წელს რეპეტიციაზე მისული გულში დაჭრეს, წლებია იბრძვის, რომ ისევ დადგეს ფეხზე და ძველი ცხოვრება დაიბრუნოს, მისი მეგობრები და ახლობლები, გულშემატკივრები წლებია აგროვებენ თანხებს მისი რეაბილიტაციისთვის, ოპერაციებისთვის და ნელ-ნელა მისი მდგომარეობა წინ მიდის.

18 ივლისს ლაშას დაბადების დღე ჰქონდა და ილიკო და ნინო სუხიშვილებმა მოინახულეს, რითაც ის უზომოდ გაახარეს:

"დღევანდელი დღე ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური და მნიშვნელოვანია. ლაშა 27 წლის გახდა.
უფალს მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და ფეხზე დადგომას ვთხოვთ.
ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახადა ბ-ნი ილიკოსა და ქ-ნი ნინო სუხიშვილების სტუმრობამ. უდიდესი პატივია, როდესაც ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის ღირსეული წარმომადგენლები საკუთარი ყურადღებითა და სითბოთი ამშვენებენ ასეთ მნიშვნელოვან დღეს. მათ პირადად მიულოცეს ლაშას დაბადების დღე და აჩუქეს ემოცია, რომელიც დიდხანს გაჰყვება როგორც მას, ისე ჩვენს ოჯახს.
ასევე ემოციური იყო ბატონი ბადრი ცხოვრებაულის სტუმრობა - სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავისა და ლაშას ცეკვის პირველი მასწავლებლის. წლების შემდეგ კვლავ გვერდით დგომა და მისი გამხნევება ჩვენთვის უსაზღვროდ ამაღელვებელი და დასაფასებელია.
უღრმესი მადლობა მათ ამ უდიდესი სითბოს, მხარდაჭერისა და ლაშასთვის მონიჭებული სიხარულისა და მოტივაციისთვის".
292545484-160088773243735-2896709005345476768-n-1787470438.jpg
538610065-797252486194024-4923481173037238974-n-1787470438.jpg558394651-833969175855688-5430975849837257766-n-1787470438.jpg

მას მერე, რაც ლაშას ეს უბედურება შეემთხვა, მის მშობლებს და ძმებს ლაშას ხმა აღარ გაუგიათ.…მეგობრები ამბობენ, რომ ამ ამბავმა მათი ცხოვრება შეცვალა. ლაშამ დაარწმუნა ისინი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი, როდესაც უიმედო მდგომარეობაში ხარ და რაც მთავარია, ამ შემთხვევამ უამრავ ახალგაზრდას დაანახვა, რომ ერთ ადამიანს ცოტა რამის გაკეთება შეუძლია, ერთად დგომით კი ბევრად მეტს შეძლებ.

თამილა წიწილაშვილი, ლაშას დედა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყვებოდა:

- ლაშას ბავშვობიდან უყვარდა ცეკვა, მისი სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, ცეკვას უკავშირდებოდა. ძალიან კარგი ბიჭია, კარგი შვილი. განა დედა რომ ვარ, ამიტომ ვამბობ, მაგრამ თავიდანვე განსხვავებული იყო - მოწესრიგებული, ზრდილობიანი, გულისხმიერი. ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაშიც და ჩვენსაშიც.…

წინადღეს მის მეგობრებსა და ვიღაც ბიჭებს შორის შელაპარაკება მომხდარა სიგარეტის გამო. ლაშა იქ არ იყო, მეორე დღეს სტუდიაში რომ მივიდა, ისინიც მაგ დროს მისულან საქმის გასარჩევად. მშობლები, რომლებიც ცეკვის გაკვეთილის დასრულებას ელოდებოდნენ, შეესწრნენ ამ ყველაფერს. კართან მდგარა ის ბიჭი, ვინც ჩემი შვილი დაჭრა. თურმე ტელეფონით საუბრობდა, უცებ გაუთიშავს და დანა მოუქნევია ლაშასთვის. გამეტებით ჩაარტყა გულში, გამავალი ჭრილობა იყო და ბევრი ორგანო დაზიანდა. ლაშა სისხლისგან იქვე დაიცალა და ალადაშვილის სახელობის კლინიკაში რომ შეჰყავდათ, გული გაუჩერდა. მისი დიაგნოზია გულის ტრავმა ჰემოპერიკარდიუმით, პლევრის ტრავმა, მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრავმა, ჰიპოვოლემიური შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

რომ არა ლევან ბესელია, ალბათ დღეს შვილი აღარ მეყოლებოდა, მან გული აუმუშავა და მართლაც მეორედ მაჩუქა შვილის სიცოცხლე, სასწაული მოახდინა ჩვენთვის. ამიტომაც ვამბობ ხოლმე, ეს ექიმი ჩემი ღმერთია-მეთქი დედამიწაზე. არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა, შანსი არ იყო არც ერთი პროცენტი..."

წლების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ლაშას რეაბილიტაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ: 0901 000 884
ან ჩარიცხონ ნებისმიერი თანხა:
საქართველოს ბანკი –
GE74BG0000000101023232
მიმღები: ლევან სახეჩიძე
თიბისი ბანკი –
GE42TB7140445064300024
მიმღები: ლევან სახეჩიძე
საზღვარგარეთიდან:
PayPal: paypal.me/lashastvis