უფასო სასკოლო ფორმების პროგრამა გაფართოვდა - კიდევ ვინ მიიღებს ფორმას უფასოდ - მშობლები

უფასო სასკოლო ფორმების პროგრამა გაფართოვდა - კიდევ ვინ მიიღებს ფორმას უფასოდ

2026-08-23 19:41:51+04:00

საქართველოს მთავრობამ სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უფასო სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის არეალი გაფართოვდა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებით შევიდა ძალაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პროგრამით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებიც ისარგებლებენ.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის ახალი რედაქციით, პროგრამას დაემატნენ მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა კი 65 000-ზე მეტი და 120 001-ზე ნაკლებია.

როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, ბენეფიციართა იდენტიფიცირებას ახორციელებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ელექტრონული მონაცემთა ცვლის საფუძველზე. გადამოწმებული მონაცემები ფორმების მიწოდების უზრუნველსაყოფად შპს “საგანმანათლებლო რესურსებს“ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 27 აგვისტოსა გადაეცემა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროგრამის დაფინანსება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან ხორციელდება.

დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.განაგრძეთ კითხვა

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ და რა შედის ფორმის კომპლექტში
მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება- შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი