თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში,პირველ რიგში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება ამ საკითხთან მიმართებით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა,გივი მიქანაძემგანაცხადა.
მისივე თქმით, სკოლების შინაგანაწესში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევა ცვლილება, რაც ფორმების ტარებასთან დაკავშირებით, მოსწავლეს, მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის ფორმებს დაადგენს.
“მომავალი ორი კვირის განმავლობაში ყველა სკოლის შინაგანაწესში შესაბამისი ცვლილებები შევა. ფორმის ტარება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ეტაპობრივად, როცა ჩვენ მივაწვდით ამ ფორმებს, ფორმის ტარება იქნება სავალდებულო. ეს არის განპირობებული ამ შინაგანაწესით. იმ შემთხვევაში თუ მშობელი უარს განაცხადებს, რომ შვილი მიიყვანოს ფორმით, ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული. პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, რა არის ამის მიზეზი.
ჩვენ გვაქვს გარკვეული საგამონაკლისო კომპონენტი, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს ეხება. იმ შემთხვევაში თუ მშობელი წარადგენს ცნობას იმის შესახებ, რომ მისი შვილისთვის შეუძლებელია ამ ფორმის ტარება და ეს არის ჯანმრთელობის ცნობით განმტკიცებული, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოგვმართავს სკოლა და თუ დადასტურდება, ჩვენ გავითვალისწინებთ და მას გარკვეული ე.წ. დრესკოდი დაუდგინდება, რომელიც სკოლის საერთო ფორმატისთვისაც იქნება მისაღები და თან მის ჯანმრთელობასთანაც არ შექმნის პრობლემას.
მაგრამ თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენი მიზანია, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი, გამოვდიოდეთ უპირველეს ყოვლისა ბავშვის საუკეთესო ინტერესებით და ჩვენი მიზანია, რომ ერთიანობა, სოციალური თანასწორობა და სასკოლო პროცესის უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი.
ეს არის პროცესი, რომელიც ვფიქრობ, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, უშუალოდ მშობელთან, ინდივიდუალურად დარეგულირებადია. კლასში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა არის 29. წარმოიდგინეთ, 28 ბავშვს აცვია ფორმა და ერთ ბავშვს არ აცვია ფორმა, იმიტომ, რომ ერთმა მშობელმა გადაწყვიტა, რომ მის შვილს არ ჩააცვას ფორმა. ამის არც ახსნა - განმარტება არსებობს და არც არანაირი მიზეზი. ეს ზუსტად როცა ვამბობ, რომ მშობელმა შეიძლება მანიპულირება მოახდინოს ბავშვით.
ამ შემთხვევაში ჩვენ ბავშვთან კი არ გვაქვს პრეტენზია, გვაქვს პირველ რიგში მშობელთან პრეტენზია. იმიტომ, რომ მშობლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება შინაგანაწესს, ეწინააღმდეგება საერთო სტანდარტებს, საერთო მიდგომას, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისთვის მისაღებია.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა შემთხვევას გავივლით ინდივიდუალურად, სკოლა მაქსიმალურად ეთანამშრომლება, იმუშავებს აღმზრდელობითი კუთხით მშობელთან, იმისთვის, რომ ეს საკითხი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე დარეგულირდეს”, - განაცხადა მიქანაძემ.