რომელი საბავშვო წიგნები იყიდება ყველაზე დიდი რაოდენობით მსოფლიოში? ზოგ მათგანს ბავშვებს მშობლები ძილის წინ უკითხავენ, ზოგი კი უკვე დამოუკიდებლად კითხვის ასაკში მყოფი ბავშვების საყვარელი წიგნია. მათ აერთიანებთ ერთი რამ — თაობების მიუხედავად, მკითხველები მათ ისევ უბრუნდებიან.
200 მილიონამდე და მეტი ეგზემპლარი
„პატარა უფლისწული“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელიც ბავშვებისა და უფროსებისთვის ერთდროულად იქცა საყვარელ ნაწარმოებად.
ფრანგი მწერლისა და მფრინავის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, წიგნი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა. მისი ისტორია პატარა უფლისწულზეა, რომელიც სხვადასხვა პლანეტაზე მოგზაურობისას უცნაურ ადამიანებს ხვდება და საბოლოოდ დედამიწაზე აღმოჩნდება.
წიგნის გაყიდვების შესახებ სხვადასხვა წყაროში განსხვავებული მონაცემებია — დაახლოებით 142 მილიონიდან 200 მილიონზე მეტ ეგზემპლარამდე. 2022 წელს ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა, ავტორის მემკვიდრის წარმომადგენელზე დაყრდნობით, 200 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი მიუთითა. სინგაპურის ეროვნული მემკვიდრეობის საბჭოს მონაცემებითაც, წიგნს თითქმის 200 მილიონი ეგზემპლარი ჰქონდა გაყიდული.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „პატარა უფლისწული“ საბავშვო ლიტერატურის გარდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს ფენომენადაც ითვლება.
600 მილიონზე მეტი ეგზემპლარი — მთელი სერია
თუ ერთი წიგნის ნაცვლად მთლიან საბავშვო სერიას დავთვლით, „ჰარი პოტერი“ უდავოდ ლიდერებს შორისაა.

შვიდი წიგნისგან შემდგარმა სერიამ, რომელიც ჯ. კ. როულინგმა შექმნა, მსოფლიოს ბავშვების რამდენიმე თაობა კითხვით დააინტერესა. ისტორიამ ჰოგვორტსის სკოლაში სწავლისა და ჰარისა და მეგობრების — რონისა და ჰერმიონას — თავგადასავლებზეა.
„ჰარი პოტერის“ გამომცემელი Scholastic-ის მონაცემებით, სერიის წიგნები მსოფლიოში 600 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული, რაც მას ყველა დროის ყველაზე გაყიდვად წიგნის სერიად აქცევს.
საინტერესოა, რომ სერიის პირველი წიგნი — „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ — აშშ-ში თავდაპირველად მხოლოდ 50 000-ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვიდა. რამდენიმე წელიწადში კი ის ერთ-ერთ უდიდეს საგამომცემლო ფენომენად იქცა.
დაახლოებით 100 მილიონი ეგზემპლარი

ბილბო ბეგინსის მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფენტეზი ისტორიაა. „ჰობიტი“ თავდაპირველად ბავშვებისთვის დაწერილ ზღაპრულ-სათავგადასავლო ნაწარმოებად შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში ყველა ასაკის მკითხველის წიგნად იქცა. ბილბოს მშვიდი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც ის ჯადოქარ განდალფსა და ჯუჯების ჯგუფს უერთდება და დრაკონ სმაუგის წინააღმდეგ მიმავალ თავგადასავალში აღმოჩნდება.
საერთაშორისო ბესტსელერების მონაცემებში „ჰობიტის“ გაყიდვები დაახლოებით 100 მილიონ ეგზემპლარად არის შეფასებული, თუმცა ისტორიული გაყიდვების ზუსტი რაოდენობა წყაროების მიხედვით განსხვავდება.
55 მილიონზე მეტი ეგზემპლარი
პატარა მუხლუხოს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ილუსტრირებული საბავშვო წიგნია მსოფლიოში.

1969 წელს გამოცემული წიგნი პატარა მკითხველებს კვირის დღეებს, რიცხვებს, ხილს, პეპლად გარდაქმნასა და ბუნების სამყაროს აცნობს. მისი განსაკუთრებული ფორმა — გვერდებზე გაკეთებული ხვრელები და მარტივი, ფერადი ილუსტრაციები — ბავშვებისთვის წიგნის კითხვის ნაცვლად მასთან თამაშსაც ჰგავს.
Penguin-ის მონაცემებით, „ძალიან მშიერ მუხლუხოს“ 55 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული და წიგნი 70 ენაზეა ნათარგმნი.
საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკა: ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ხშირად გატანილ წიგნებს შორის ისიც მოხვდა — 189 550 გაცემით.
50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი — სერია
წითურთმიანი, ფანტაზიორი და საოცრად ცნობისმოყვარე ენ შირლის ისტორია საუკუნეზე მეტია, რაც მკითხველებს უყვართ.

ლუსი მოდ მონტგომერის პირველი წიგნი 1908 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ანას შესახებ კიდევ რამდენიმე ნაწარმოები შეიქმნა.
Penguin Random House-ის მონაცემებით, „ანა მწვანე სახურავებიდან“ სერია 50 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული და 36-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
ენის განსაკუთრებული ხიბლი ალბათ იმაშია, რომ ის იდეალური ბავშვი არ არის — შეცდომებს უშვებს, ბევრს ლაპარაკობს, ოცნებობს, ბრაზდება და ხშირად ისეთ სიტუაციებში ხვდება, საიდანაც თავის დაღწევა რთულია. სწორედ ამიტომ მისი პერსონაჟი ბავშვებისთვის დღემდე ახლობელია.
დაახლოებით 50 მილიონი ეგზემპლარი
ცხენის თვალით მოთხრობილი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხოველებზე დაწერილი საბავშვო ნაწარმოებია.

წიგნი 1877 წელს გამოქვეყნდა და მკითხველს ცხენის ცხოვრებას აცნობს — ბავშვობის თავისუფალი დღეებიდან მძიმე სამუშაოსა და ადამიანების სასტიკი მოპყრობის გამოცდილებამდე.
Scholastic წიგნს 50 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით ყველა დროის გლობალურ ბესტსელერად მოიხსენიებს.
წიგნის მთავარი გზავნილი დღესაც აქტუალურია: ცხოველების მიმართ თანაგრძნობა, სიკეთე და პასუხისმგებლობა.
48 მილიონზე მეტი ეგზემპლარი
თუ მსოფლიოს მშობლებს ჰკითხავთ, რომელი წიგნი უკავშირდება ყველაზე მეტად ძილის წინ კითხვის რიტუალს, „ღამე მშვიდობისა, მთვარევ“ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასახელებული პასუხი იქნება.
1947 წელს გამოცემული წიგნი პატარა კურდღლის ძილისთვის მომზადებას აღწერს. ტექსტის რიტმი, განმეორებები და მშვიდი ილუსტრაციები ბავშვისთვის დამამშვიდებელ გამოცდილებას ქმნის.
წიგნის წარმატება განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ თავდაპირველად ის საერთოდ არ ყოფილა ბესტსელერი. პოპულარობა თანდათან, მშობლების ერთმანეთისთვის რეკომენდაციისა და ზეპირი გავრცელების წყალობით მოიპოვა.
40–45 მილიონზე მეტი ეგზემპლარი
პატარა ლურჯჟაკეტიანი კურდღელი, რომელსაც დედის გაფრთხილებების მიუხედავად მისტერ მაკგრეგორის ბაღში შეპარვა მოუნდა, საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია.

ბეატრიქს პოტერმა წიგნი 1902 წელს გამოსცა და ის მალევე იქცა წარმატებულ გამოცემად. ლონდონის Victoria and Albert Museum-ის მონაცემებით, „ბაჭია პიტერის ამბავი“ მსოფლიოში დაახლოებით 40 მილიონი ეგზემპლარად გაყიდული, ხოლო სხვა ფართოდ ციტირებული მონაცემები 45 მილიონზე მეტს ასახელებს.
წიგნის წარმატება მხოლოდ ტექსტს არ უკავშირდება — პოტერი ერთ-ერთი პირველი ავტორი-ილუსტრატორია, რომლის პერსონაჟიც წიგნის ფარგლებს გასცდა და დამოუკიდებელ კულტურულ სიმბოლოდ იქცა.
დაახლოებით 20 მილიონი ეგზემპლარი
რა მოხდებოდა, მსოფლიოს ყველაზე იდუმალ შოკოლადის ქარხანაში მოხვედრის შანსი რომ მოგცემოდათ?
სწორედ ამ კითხვით იწყება ჩარლი ბაკეტის საოცარი თავგადასავალი.

როალდ დალის 1964 წელს გამოქვეყნებული წიგნი ბავშვებს ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს, თუმცა მხიარული ისტორიის მიღმა ისეთი თემებიც იმალება, როგორიცაა სიხარბე, თავმდაბლობა, ოჯახი და სიკეთე.
საერთაშორისო ბესტსელერების ჩამონათვალებში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ დაახლოებით 20 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით ფიქსირდება.
ეს სია ვერ შედგებოდა ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედების გარეშე. თუ მის მთელ შემოქმედებას და მის საბავშვო წიგნებს დავთვლით - შვედი მწერლის წიგნები მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული და 111 ენაზეა თარგმნილი.

ლინდგრენის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია პეპი გრძელწინდა — დამოუკიდებელი, ჯიუტი, მხიარული და წარმოუდგენლად ძლიერი გოგონა, რომელიც ბავშვებს საკუთარი წესებით ცხოვრებასა და თავისუფალ ფიქრს სთავაზობს.
საინტერესოა, რომ BBC Culture-ის მიერ ჩატარებულ ყველა დროის საუკეთესო საბავშვო წიგნების საერთაშორისო გამოკითხვაში „პეპი გრძელწინდა“ მესამე ადგილზე გავიდა და ამ სიაში ასტრიდ ლინდგრენის სხვა წიგნებიც მოხვდა.
ამ ათეულში საოცრად განსხვავებული ისტორიებია: პატარა უფლისწული, ჯადოქარი ბიჭი, ჰობიტი, მუხლუხო...მათ შორის ერთი საერთო მაინც არსებობს — ისინი ბავშვებს უბრალოდ ამბავს კი არ უყვებიან, არამედ სამყაროს საკუთარი თვალით დანახვას ასწავლიან.
ზოგი წიგნი ბავშვს წარმოსახვას უვითარებს, ზოგი მეგობრობაზე ესაუბრება, ზოგი სიკეთესა და თანაგრძნობას ასწავლის, ზოგი კი უბრალოდ თავგადასავალში ითრევს.და ალბათ სწორედ ეს არის მათი მთავარი საიდუმლო: კარგი საბავშვო წიგნი ასაკთან ერთად არ ქრება. პირიქით — ბავშვი მას სხვა ასაკში თავიდან კითხულობს და იმავე ისტორიაში ახალ მნიშვნელობას პოულობს.