"ადამიანები ელოდებიან "კიბოს წამალს“ და არ იყენებენ იმ საშუალებებს, რომლებსაც გარკვეული სიმსივნეების რისკის შემცირება უკვე შეუძლიათ" - ბიძინა კულუმბეგოვი - მშობლები

"ადამიანები ელოდებიან "კიბოს წამალს“ და არ იყენებენ იმ საშუალებებს, რომლებსაც გარკვეული სიმსივნეების რისკის შემცირება უკვე შეუძლიათ" - ბიძინა კულუმბეგოვი

2026-08-26 15:18:36+04:00

კიბოს საწინააღმდეგო „უნივერსალური წამლის“ შექმნა ერთ-ერთი თემაა, რომელიც საზოგადოებაში მუდმივად დიდ ინტერესს იწვევს. ხშირად ისმის კითხვაც — რატომ ვერ შეძლო თანამედროვე მედიცინამ ისეთი პრეპარატის შექმნა, რომელიც კიბოს ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებდა? თუმცა ექიმები ყურადღებას სხვა მნიშვნელოვან საკითხზეც ამახვილებენ: სიმსივნური დაავადებების ნაწილის თავიდან აცილების ეფექტიანი გზები უკვე არსებობს, მაგრამ საზოგადოება მათ შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი და გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ბიძინა კულუმბეგოვი მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში megis.podcasti სწორედ კიბოს პრევენციის მნიშვნელობასა და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ იმუნური სისტემის ყოველდღიურ მუშაობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ადამიანები ელოდებიან "კიბოს წამალს“, მეორე მხრივ კი სათანადოდ არ იყენებენ იმ საშუალებებს, რომლებსაც გარკვეული სიმსივნეების განვითარების რისკის შემცირება უკვე შეუძლია — მათ შორის ვაქცინაციას, თამბაქოზე უარის თქმას, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

„ადამიანები ეძებენ ჰიპოთეტურ პრეპარატებს, ჰიპოთეტურ გამოსავლებს“

ბიძინა კულუმბეგოვი განსაკუთრებით გამოყოფს B ჰეპატიტისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და განმარტავს, რომ მათ კიბოს პრევენციის თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ.

„ყველას აწუხებს, რომ აი, კიბოს წამალი რატომ ვერ შეიქმნა და ამ დროს ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი ჩვენი საზოგადოების ვერ იაზრებს, რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ღვიძლის კიბოს საწინააღმდეგო წამალი, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს წამალი. სიგარეტს თუ არ მოსწევს ადამიანი და ჯანსაღად ცხოვრობს, ფილტვის კიბოს პრევენციაა, ძალიან დიდწილად და კუჭის კიბოს პრევენციაა.

ამიტომ ადამიანები ეძებენ ჰიპოთეტურ პრეპარატებს, ჰიპოთეტურ გამოსავლებს, რომ კიბო დამარცხდეს და ის, რაც უკვე არის და ხელმისაწვდომია? საზოგადოების რამდენი პროცენტია პაპილომავირუსით აცრილი ან ჰეპატიტის ვაქცინაცია რამდენს აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკას ვერ უძლებს, ხო?

ამიტომ ჩვენი მიზანი ალბათ უნდა იყოს, რომ აი ამ ჯანსაღი ცხოვრების მოდელების კონტექსტში ყოველთვის ვუთხრათ, რომ ფიზიკური აქტივობა, სიგარეტზე თავის დანებება, ის, რაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები გვაქვს, საზოგადოების მაქსიმალური მოცვა იქნება იმის გარანტია, რომ ასეთი პრევენენტობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეხლა კიბოს აქვს - საშუალოდ შვიდი-რვა ათასი ახალი შემთხვევა წლიურად, ეს ძალიან დიდი ციფრია და ჩვენ, ასე ვთქვათ, აქ რაღაც ხელშესახები, გარღვევაც კი შეიძლება მივიღოთ“, — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად — იმუნური სისტემა და სიმსივნური უჯრედები

კიბოს პრევენციიდან საუბარი ბუნებრივად გადადის იმაზე, თუ როგორ იცავს თავად ადამიანის ორგანიზმი თავს სიმსივნური პროცესებისგან. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება უჯრედები, რომლებსაც სიმსივნური ზრდისკენ მიდრეკილება შეიძლება ჰქონდეთ, ხოლო იმუნური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სწორედ მათი ამოცნობა და განადგურებაა.

„იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება გახლავთ, რომ ადამიანის ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიქმნება უჯრედები, რომელთაც აქვთ, მარტივად რომ ვთქვათ, კიბოსკენ მიდრეკილება, სიმსივნური ზრდისკენ მიდრეკილება და ეს ყოველდღიური პროცესია. იმუნური სისტემა სწორედ არის ამისთვის — ეს არის T ლიმფოციტების პოპულაცია სპეციფიკური და არის ნატურალური კილერები, ასე ქვია უჯრედებს, რომლებიც ამოიცნობენ აი ამ დამნაშავე კრიმინალური ელემენტების მსგავსად და განადგურებენ მათ, ანუ სპობენ და კლავენ ამ უჯრედებს, რომ ჩვენ ადამიანებს სიმსივნე არ დაგვემართოს. ეს არის ყოველდღიური პროცესი ჩვენს ორგანიზმში, განუწყვეტლივ მიმდინარეობს“, — განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.